ატუმი
ატუმი − ეგვიპტურ მითოლოგიაში ანთროპომორფული სახის უძველესი ღვთაება, ჰელიოპოლისის ენეადის უძველესი დემიურგი. მოხსენიებულია პირამიდის ტექსტების ე.წ. „კანიბალურ ჰიმნში“, რომელიც წინადინასტიურ დროს შექმნილად არის მიჩნეული. იგივე პირამიდების ტექსტებში ეძახიან „დიდი ენეადის ბატონს“ და „ღმერთების მამას“.
სიტყვა „ატუმი“ ერთ-ერთი ურთულესია ეგვიპტურ ენაში. შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ჯერ არ წარმოქმნილი“, „სამყარო“, „დასრულებული“, „მთლიანობა“, „ჯერ არ არსებული“, „თავის თავში ყველაფრის (ე.ი. სამყაროს ყველა ელემენტის) შემცველი“. ითვლება, რომ ატუმი, როგორც ყველა ეგვიპტური ანთროპომორფული ღმერთი, რომელსაც არავითარი ზოომორფული ელემენტი არ გააჩნია, ქურუმების ქმნილებაა.
ჰელიოპოლისის კოსმოგონიის თანახმად, ატუმი იყო პირველქმნილი, ავტოხტონური ღვთაება, რომელიც საკუთარი ძალისხმევით გამოეყო პირველყოფილ ქაოსურ წყლებს (ნუნს) და შექმნა სამყარო, რადგან ატუმი იყო „იქამდე, სანამ წარმოიშვა ღმერთები, ადამიანები და სიკვდილი“. ატუმთან გაიგივებული იყო ჰელიოპოლისის ასევე უძველესი, ხოჭოს სახის ღვთაება ხეპრი, რომლის სახელი ეგვიპტურად „წარმოქმნას“ ნიშნავს. პირამიდების ტექსტებში სამყაროს შექმნის დასაწყისი ასეა მოხსენიებული: „დიდება შენ, ატუმ, დიდება შენ, ხეპრი, რომელიც წარმოიშვი თვითონ. შენ აღზევდი შენს სახელში „ბორცვი“. სხვაგან ნათქვამია, რომ ატუმი ამოვიდა პირველყოფილი ქაოსის წყლებიდან, როგორც „ბორცვი“. ეგვიპტელების წარმოდგენით, ქაოსური წყლებიდან პირველყოფილი ბორცვის გამოჩენა სამყაროს დასაწყისის მაუწყებელი იყო. როცა ჰელიოპოლისში ახალი ღმერთის რას აღზევება დაიწყო, მოხდა მისი შერწყმა ძველი ტრადიციების მქონე ატუმთან რა-ატუმის სახით, რის შედეგად იქამდე ხტონიურმა ატუმმა სოლარული ღვთაების ფუნქციები შეიძინა. ატუმი, რა-ატუმის სახით, „ყოველდღე ბრწყინავს ჰორიზონტზე“. თანდათან ატუმი გადაიქცა ჩამავალი მზის სიმბოლოდ მოხუცი ანთროპომორფული ღვთაების სახით.