მემფისის კოსმოგონია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მემფისის კოსმოგონიამემფისის კოსმოგონიამ ჩვენამდე XXV (ნუბიური) დინასტიის ფარაონის, შაბაკას წყალობით მოაღწია. მისი ბრძანებით ტექსტი გადაწერილი იქნა გრანიტის ფილაზე პაპირუსიდან, „რომელიც ჭიებმა ნახევრად შეჭამეს“. მართალია, ფილა არაბებმა წისქვილის ქვად გამოიყენეს და ამდენად, ტექსტის ცენტრალური ნაწილი დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილი ეგვიპტოლოგიისათვის მაინც ძალიან დიდ მონაპოვარს წარმოადგენს. ენის ანალიზზე და ტექსტის ტენდენციაზე დაყრდნობით, კოსმოგონია IV-V დინასტიების დროით არის დათარიღებული, როცა მემფისი ეგვიპტის დედაქალაქი იყო და ჩრდილოეთ ეგვიპტის ძველ რელიგიურ ცენტრს, ჰელიოპოლისს უპირისპირდებოდა კულტურული და რელიგიური პირველობისათვის ბრძოლაში. ბუნებრივია, მემფისს წინა პლანზე თავისი მფარველი ღმერთის, პტახის წამოწევა უნდოდა.

ნუბიელმა ფარაონმა შემოგვინახა ტექსტი, რომელიც დღეს სამყაროს შექმნის მსოფლიოში უძველეს ფილოსოფიურად გააზრების მცდელობად არის მიჩნეული. კოსმოგონიაში პტახი არა მარტო უძველეს ღვთაებად და შეომქმედად არის შერაცხული. ესაა პირველი მცდელობა ეგვიპტურ რელიგიაში, ყველა დიდი ღვთაება და თვით პირველყოფილი ქაოსური წყლები (ნუნი) ერთადერთი ღმერთის, პტახის სხვადასხვა გამოვლინებად იყვნენ გამოცხადებული. ჰელიოპოლისის დიდი ღვთაებები პტახის გამოვლინების ფორმებად არიან წარმოდგენილი. პტახი ყველაფრის და ყოველის ბატონია, რადგან ის არის არა მარტო ყველა ღმერთში, არამედ ყოველივე ცოცხალში, და საერთოდ ყველაფერში, რაც არსებობს. განსხვავებით სხვა ეგვიპტური კოსმოგონიებისაგან, სადაც სამყაროს შექმნამდე არსებობდა პირველყოფილი ქაოსი, ნუნი, და სამყაროს შექმნა დემიურგის ნუნიდან გამოსვლით იწყება, მემფისის კოსმოგონიაში პტახი თავად არის გაიგივებული პირველყოფილი ქაოსის წყლებთანაც. ღირსშესანიშნავია პტახის შემოქმედების მეთოდიც. აქ შემოქმედებითი ძალით ღვთაების გული (ე.ი. გონება, რადგან ეგვიპტელი გულს აზროვნების წყაროდ მიიჩნევდა) და მის მიერ ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვა არიან დაჯილდოებული. ყველაფერი არსებობდა პტახის გონებაში და რეალობა ღმერთის მიერ ხმამაღლა დასახელებით შეიძინა. „ენეადა მხოლოდ კბილები და ტუჩებია მის (პტახის) პირში, რომელმაც ყველაფერი წარმოთქვა… თვალთა ხედვა, ყურთა სმენა, ჰაერის შესუნთქვა – ყველაფერი მისი (პტახის) გონების შექმნილია. გონებამ მოიფიქრა, პირმა კი ხმამაღლა წარმოთქვა ყველაფერი… ასე შეიქმნა კაუ და ხემსუტი, ყველა მსხვერპლშესაწირის და საკვების შემქმნელები, ამ სიტყვით, რომელმაც შექმნა სიყვარული და სიძულვილი. ასე მიეცა სიცოცხლე მოსიყვარულეს და სიკვდილი – მოძულეს. ასე შეიქმნა ყველა სამუშაო და ხელოვნება… მან შექმნა ღმერთები, ქალაქები, გაანაწილა ღმერთები თავიანთ საკულტო ადგილებში… და კმაყოფილი იყო პტახი მის მიერ შექმნილით.

მემფისის კოსმოგონია სამყაროს შექმნის ძველი აღთქმისეული წესის (ღმერთის მიერ სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმის) და ლოგოსის ქრისტიანული ცნების წინამორბედად არის მიჩნეული. მაგრამ ასეთი აბსტრაქტული ღვთაების ბუნდოვანმა სახემ ვერ აჯობა ყოვლისმომცველ მზეს, და V დინასტიიდან რამ (და შესაბამისად ჰელიოპოლისის იდეოლოგიამ) წამყვანი რელიგიის როლი დაიმკვიდრეს ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებამდე, თუმცა მემფისის ქურუმების მცდელობით პტახი ეგვიპტის ერთ-ერთი უდიდესი ღვთაება გახდა და ყოველთვის ამონთან და რასთან ერთად მოიხსენიებოდა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები