სეტი I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სეტი I

სეტი I – (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1306-1290 წწ.), XIX დინასტიის მეორე ფარაონი, რამსეს I-ის შვილი და რამსეს II-ის მამა იყო.

სეტის ტახტზე ასვლით ეგვიპტის ისტორიის კიდევ ერთი ბრწყინვალე საუკუნე იწყება, მისი მეფობა კი ერთ-ერთ გამორჩეულ მეფობად არის აღიარებული. ამონემხატის (XII დინასტია) და მონტუხეტეპის (XVIII დინასტია) მსგავსად, მომდევნო ეგვიპტურმა ტრადიციამ მისი მეფობა შერაცხა, როგორც „whm mśwt“, რაც ითარგმნება, როგორც „დაბადების გამეორება“, ან „რენესანსი“. მან დაიბრუნა ეხნატონის დროს დაკარგული პოზიციები სირიაში, პალესტინაში, დაიბრუნა ქადეში, რაც მტკიცდება აქ ნაპოვნი სტელით; ჩაატარა კამპანია ბედუინების წინააღმდეგ აღმოსავლეთ საზღვართან და მოიგერია ლიბიელების შემოტევა ჩრდილო-დასავლეთში, თუმცა ლიბიელების პრობლემა ამით არ მოგვარდა და მომავალში კვლავ იჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ ეგვიპტური ტაძრების კედლებზე კვლავ ჩნდება ბრძოლის ამსახველი სცენები.

ქვეყნის შიგნით სეტი აგრძელებს ხორემხების საქმეს – ეხნატონის რეფორმის შედეგების ლიკვიდაციას და ტაძრების რესტავრაციას, ის საკუთარ მშენებლობებსაც იწყებს: კარნაკში გააგრძელა ჰიპოსტილური დარბაზის მშენებლობა, აბიდოსში აიგო მონუმენტური მოსახსენიებელი ტაძარი (ცნობილი ასევე მის კედელზე მოთავსებული ფარაონების სიით) და კენოტაფი, რომელიც დღეს ოსირეიონის სახელით არის ცნობილი. მეორე, უფრო მცირე ზომის მოსახსენიებელი ტაძარი სეტიმ თავისი სამარხის სიახლოვეს, დასავლეთ თებეში აიგო.

სეტი I-ის სამარხი მეფეთა ველზე აღმოაჩინა ჯ.ბ. ბელცონიმ 1917 წელს. ბელცონის სამარხის კორიდორის სიგრძე 100 მ. ეგონა, მაგრამ თანამედროვე გათხრების საფუძველზე დადგინდა, რომ ეს მეფეთა ველის ერთ-ერთი უდიდესი სამარხია და მისი კორიდორის სიგრძე 136 მეტრია. სეტის მუმიის შესწავლამ აჩვენა, რომ ის ორმოც წლამდე გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის მოულოდნელად გარდაიცვალა, შესაძლოა გულის დაავადებით, რადგან მისი დაწყებული მშენებლობები ძირითადად მისმა შვილმა, რამსეს II-მ დაასრულა. მეფობის მოკლე დროის მიუხედავად (სხვადასხვა აზრით, 15 ან 11 წელი), მისი მეფობა ეგვიპტის ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ მეფობად არის აღიარებული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები