კენოტაფი
კენოტაფი – სიმბოლიური სამარე, სადაც მიცვალებული ფაქტიურად არ ყოფილა დამარხული.
შუა სამეფოს შუახანებამდე ეგვიპტის ფარაონები ჩვეულებრივ ორ სამარხს იგებდნენ, ჩრდილოეთსა და სამხრეთში, რაც ეგვიპტური სახელმწიფოს დუალისტური სტრუქტურით აიხსნება. ამ ტრადიციას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. სამარხს, სადაც სხეული არ იყო დასვენებული, კენოტაფი (ცრუ სამარხი) ჰქვია. ეს ტრადიცია არასამეფო წარმოშობის ეგვიპტელებშიც გავრცელდა. ბევრი დიდებული იგებდა მცირე ზომის ცრუ სამარხს თავისი ფარაონის პირამიდის სიახლოვეს, იმ იმედით, რომ მეფის მოსახსენიებელი რიტუალის ჩატარებისას გარკვეული მადლი მათზეც გადმოვიდოდა. ოსირისის კულტის აღზევების შემდეგ კენოტაფებს ასევე აღმართავდნენ აბიდოსში, დიდი ღმერთის სამარხის სიახლოვეს.
კენოტაფები საქართველოში
1961 წელს სოფ. ლაფანყურში ეპიტაფიების შეგროვებისას ერთი კენოტაფი აღმოჩნდა, ძმები რუსულაშვილები სამამულო ომში დაღუპულან, მწუხარე დედას შინმოუსვენებელთა სიმბოლიური სამარხი გაუმართავს სასოფლო სასაფლაოზე და მემორიალური წარწერები გაუკეთებია. „დედამ გვისახსოვრა ცრემლიანი თვალითო“!, – არის ნათქვამი. საფლავის ქვის წარწერაში ჩანს, კენოტაფები, იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება საქართველოში. (მ. ჩიქოვანი)
ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი, კახეთის 1961 წლის ფოლკლორული ექსპედიცია. ფოლკლორი, I-II, გვ. 222