მზის ტაძარი (ეგვიპტე)
მზის ტაძარი – III დინასტიიდან რა თანდათან იხვეჭს ძალას და IV-V დინასტიების მიჯნაზე ეგვიპტის პანთეონის უზენაესი ღვთაება ხდება, ხოლო ფარაონი, რომელსაც აქამდე ეპყრა ეს ტახტი, ამიერიდან „რას ვაჟიშვილად“ და შესაბამისად, „მეორე თაობის“ ღვთაებად გარდაისახა. ამ რელიგიური და შიდაპოლიტიკური ძვრების მასშტაბებზე მეტყველებს გასაოცარი ცვლილებები სამეფო არქიტექტურაში: ფარაონის პირამიდები ერთბაშად იკლებს ზომაში, და იმავდროულად ჩნდება სრულიად ახალი ტიპის საკულტო ნაგებობები – მზის ტაძრები, რომლებმაც, სავარაუდოდ, პირამიდის ადგილი დაიკავა.
ეს იყო კედლით შემოღობილ ეზოში ღია ცის ქვეშ მდგომი ობელისკი, რომელიც ჰელიოპოლისის მზის ღვთაების უძველესი სიმბოლოს ბენბენის ქვის ვარიანტს წარმოადგენდა. ობელისკი განასახიერებდა მიწის პირველ წერტილს, რომელიც პირველყოფილი ქაოსიდან გამოჩნდა და რომელზეც მზის დისკო ყოველ დილას ეშვება. ეს ღია ცის ქვეშ მდგომი სიმბოლო განსხვავდებოდა სხვა ღმერთების ტაძრებისაგან, რადგან ეგვიპტური ტაძარი ჩვეულებრივ მოიაზრებოდა, როგორც „ღვთაების სახლი“, სადაც წმინდათა წმინდა საკანში ღვთაების ქანდაკება სახლობდა. მზის ტაძრები V დინასტიის ექვსმა ფარაონმა ააგო – უსერკაფმა, საჰურამ, ნეფერირკარამ, რანეფერეფმა, ნიუსერრამ და მენკაუხორმა, მაგრამ ყველაზე კარგად შემოინახა ნიუსერრას ტაძარი აბუ-გურაბის ბორცვზე. 20 მ. სიმაღლის გრანიტის პედესტალზე იდგა დაახლოებით 50 მ. სიმაღლის ბოძი, რომელიც პირამიდიონით მთავრდებოდა. ობელისკს გარს ერტყა ქვის კედლით შემოღობილი ეზო, რომლის სიგრძე 100მ., სიგანე 76მ. იყო. ამგვარი ტაძრების მშენებლობა V დინასტიასთან ერთად წყდება, მაგრამ მზის ტაძრის წმინდათა წმინდა ადგილს (ამ მხრივ არც ატონის ტაძარი წარმოადგენდა გამონაკლისს) ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე „ბენბენის სახლი“ ერქვა, ხოლო ობელისკი, რომელმაც უფრო დახვეწილი სახე მიიღო, ფართოდ გამოიყენებოდა საკულტო და სამეფო არქიტექტურაში.