მენკაუხორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მენკაუხორი

მენკაუხორი – („ძლიერია ხორის კა“), მეხუთე დინასტიის მეშვიდე ფარაონი (დაახლ. ჩვ.წ.-მდე XXIV ს.) შესაძლოა, ნიუსერრას შვილი. იმეფა დაახლ. ათ წელიწადს. მისი მეფობის შესახებ არაფერია ცნობილი.

წარწერების თანახმად, იყო ბოლო ფარაონი, რომელმაც ააგო მზის ტაძარი, მაგრამ ის ნაპოვნი არ არის. არ არის ნაპოვნი არც მისი პირამიდა, თუმცა აღმოჩენილია მისი პირამიდის ქურუმების სამარხები, და მათ მდებარეობაზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ ის, ქვიშით დაფარული, სადღაც სამხრეთ აბუსირსა და ჩრდილოეთ საქქარას შორის მდებარეობს. ამ ვარაუდის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ ჩრდილოეთ საქქარაში ახალი სამეფოს დროს მისი კულტი არსებობდა.

მენკაუხორის მცირე ზომის ქანდაკება ნაპოვნია მემფისში. სინაიზე მისი მეფობით დათარიღებული წარწერებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ მის დროს გრძელდებოდა სინაის მაღაროების დამუშავება. მენკაუხორის დროს ხდება უდიდესი ძვრები რელიგიაში და წარმოდგენებში მიცვალებულთა კულტის შესახებ. კერძო პირების სამარხების წარწერებში ჩნდება ახალი ღმერთი, რომელიც ზრუნავს გარდაცვლილებზე ოსირისი. IV დინასტიაში ეს გარდაცვლილი ფარაონის ფუნქციას წარმოადგენდა, რადგან ფარაონი გარდაცვალების შემდეგაც უზენაეს ღვთაებად რჩებოდა. V დინასტიიდან მისი ეს ფუნქცია რას დაეკისრა. მაგრამ თანდათან რა ამქვეყნიური სამყაროს ღმერთი გახდა, და მიცვალებულების დაცვა სხვა ღმერთს დაეკისრა. ოსირისის კულტის გამოჩენას მოჰყვა დიდი ცვლილებები ეგვიპტელის ცხოვრებაში და წარმოდგენებში. ამ დროს ემთხვევა პიროვნული თვითშეგნების საოცარი ზრდაც. პროვინციელი მოხელეები აღარ ცდილობდნენ, თავიანთი მასტაბები ფარაონის სიახლოვეს აეგოთ, რომლის მფარველობის ქვეშ ისინი დაცულად გრძნობდნენ თავს. ახალა ისინი იგებდნენ სამარხებს ეგვიპტის იმ რაიონებში, სადაც ცხოვრობდნენ და მსახურობდნენ, და გარდაცვალების შემდეგ მფარველად უკვე არა ფარაონი, არამედ ოსირისი ჰყავდათ წარმოდგენილი. ამავე პერიოდს ემთხვევა მოხელეების პირველი მცდელობები, მემკვიდრეობითად გადაექციათ თავიანთი თანამდებობები, რამაც ბიძგი მისცა არისტოკრატიული ფენის ჩამოყალიბებას. მათ დაიწყეს ძველი, ხშირად დავიწყებული წოდებების მიღება, რომლებსაც ადრე მხოლოდ უფლისწულები ატარებდნენ.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები