ტუტანხამონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუტანხამონი

ტუტანხამონი – (ეგვ. Twt nh Imn, „ამონის ცოცხალი სახე“, დაახლ. ჩვ. წ.-მდე 1333-1323). XVIII დინასტიის ფარაონი.

ტახტზე ავიდა სმენხკარას გარდაცვალების შემდეგ, როგორც ტუტანხატონი. ამ დროისათვის ცხრა ან ათი წლის იყო. მისი წარმომავლობა უცნობია. შესაძლოა, იყო ეხნატონის შვილი მეორე რიგის ცოლის, კიიასაგან. დაქორწინებული იყო ეხნატონის მესამე ქალიშვილზე, ანხესენპაატონზე. ნეფერტიტის მთავარი სასახლიდან განდევნის შემდეგ ტუტანხამონი და ანხესენპაატონი, როგორც ჩანს, ცხოვრობდნენ ნეფერტიტისთან ერთად ჩრდილოეთ სასახლეში, რადგან სწორედ აქ არის ნაპოვნი მათი სახელები.

ახალგაზრდა ფარაონის დროს მმართველობის სადავეები ეპყრათ ეხნატონის გენერალს, ხორემხებს და „ღვთაების მამას“ აის, რომელიც, შესაძლოა, ნეფერტიტის მამა იყო. გამეფებიდან დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ტუტანხამონი აგრძელებს ახეტატონში ცხოვრებას, შემდეგ გადადის თებეში, რასაც ძველი ეგვიპტური რელიგიის სრული რესტავრაცია მოჰყვა. ტუტანხატონი (ეგვ Twt nh Itn, „ატონის ცოცხალი სახე“) და მისი მეუღლე ანხესენპაატონი (ეგვ. nh.s.n p3 Itn, „ცოცხლობს ატონისათვის“) იცვლიან სახელებს და ტუტანხამონი და ანხესენპაამონი ხდებიან. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი ე.წ. „რესტავრაციის სტელა“, საიდანაც ვიგებთ, რომ „ქვეყანა დაავადებული იყო, ტაძრები დაცარიელდა… თუ ვინმე ილოცებდა ღმერთზე და რჩევას სთხოვდა მას, ღმერთი არ პასუხობდა… მისი უდიდებულესობა გულით ეძებდა გზებს, რომ ემსახურა თავისი მამის, ამონისათვის… დაამზადა მისი ოქროს ქანდაკება…“ ტუტანხამონი ასევე გვამცნობს, რომ ტაძრებს დაუბრუნდათ და გაუორმაგდათ ქონება, მათი მომსახურე პერსონალი გაიზარდა ფარაონის ხაზინის ხარჯზე, მისნებად და ქურუმებად კი დაინიშნნენ ძველი ოჯახების წარმომადგენლები, „რომელთა მამების სახელები ყველამ იცოდა“. ამით ტუტანხამონმა „აღადგინა მაატი (სამართალი)“.

მიუხედავად ასეთი მცდელობისა ძველი რელიგიის აღდგენის საქმეში, ის, როგორც ჩანს, მაინც „ერეტიკოსად“ შეირაცხა, რადგან არ იყო შეტანილი არც ერთ მეფეთა სიაში. მის მოსახსენიებელ ტაძარში მსახურობა მალე შეწყდა და ტუტანხამონი დავიწყებას მიეცა. მიუხედავად ამისა, ტუტანხამონი, ან, როგორც მას ეძახიან, „ფარაონი-ბავშვი“ ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფარაონი გახდა მას შემდეგ, რაც 1922 წ. ინგლისელმა არქეოლოგმა ჰ. კარტერმა აღმოაჩინა მისი სამარხი, დღეისათვის პრაქტიკულად ერთადერთი ეგვიპტური სამარხი, რომელიც გაუძარცვავი აღმოჩნდა. ეს აღმოჩენა, სამარხში ნაპოვნი განძის გამო, XX საუკუნის ერთ-ერთი სენსაცია გახდა.

ფარაონის გარდაცვალების შემდეგ მისი ახალგაზრდა მეუღლე შეეცადა ტახტის შენარჩუნებას და დინასტიის გაგრძელებას ხეთების უფლისწულზე ქორწინების გზით. იმ დროისათვის ეს იმდენად უჩვეულო შემთხვევა იყო, რომ მოლაპარაკებები ხეთების მეფესთან, სუფილულიუმასთან, რომელიც, როგორც ჩანს, ყოყმანობდა, ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ მეფემ მისცა თავისი თანხმობა, მაგრამ ხეთების უფლისწული, ზანანზა, ეგვიპტის გზაზე, სირიაში შეთქმულების მსხვერპლი გახდა. სუფილულიუმა შურისძიების მიზნით შეიჭრა ირეში (დამასკოს სიახლოვეს), მაგრამ ის და შემდეგ მისი მემკვიდრე არნუვანდა შავი ჭირის ეპიდემიამ შეიწირა, და ბრძოლები ირეში შეწყდა. ანხესენპაატონი დაქორწინდა ხანდაზმულ აიზე, რომელიც ავიდა ტახტზე, როგორც მეთვრამეტე დინასტიის მეცამეტე ფარაონი, მაგრამ დაახლოებით მესამე წელს აი გარდაიცვალა, და ამის შემდეგ ანხესენპაამონზეც არაფერია ცნობილი.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები