მაატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაატი

მაატი – უძველესი ქალღმერთი. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, ბუმბულით თავზე (ბუმბული ეგვიპტეში სიმართლის და უცოდველობის სიმბოლოც იყო). ეკუთვნის იმ ეგვიპტური ღვთაებების რიცხვს, რომლებიც აბსტრაქტული ცნებების ღმერთებს წარმოადგენდნენ, არასოდეს ყოფილან დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ ადგილთან და რომლებსაც მთელ ეგვიპტეში ერთნაირად ეთაყვანებოდნენ. „მაატი“ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „სიმართლე“, „ჭეშმარიტება“, „სამართლებრივი წესრიგი“, „ეთიკური ნორმა“ და ა.შ. იყო შემოქმედი ღვთაების მიერ შექმნილი კოსმოსური ჰარმონიის („წესრიგის“) პერსონიფიცირება.

დემიურგის მიერ სამყაროს შექმნა აღიქმებოდა, როგორც წესრიგის (მაატის) დამყარება და პირველყოფილი ქაოსის გაუქმება. ეგვიპტური ტექსტები გვამცნობენ, რომ მაატი ჩამოვიდა დედამიწაზე მათ (ღმერთების) დროს. „ღმერთების დროს“ ეგვიპტეში ეძახდნენ დროს, როცა შეიქმნა ეგვიპტე და დამყარდა წესრიგი. იმ უძველეს დროში ეგვიპტელთა წარმოდგენით ეგვიპტის მეფეები ეგვიპტის დიდი ღმერთები იყვნენ. მაატის მნიშვნელობა ეგვიპტელისათვის იქიდანაც ჩანს, რომ ის იყო ერთადერთი ქალღმერთი, რომელიც დასახელებულია ტურინის სამეფო პაპირუსში ღმერთების პირველი დინასტიის ათ მეფეს შორის. სახელმწიფო წესრიგი ეგვიპტეში ღვთაებრივ წესრიგად იყო წარმოდგენილი, მაატთან ასოცირდებოდა და ფარაონს, რომელიც დედამიწაზე მოვლენილ ღვთაებად იყო გამოცხადებული, მაატის დაცვა ევალებოდა. „პირამიდების ტექსტებში“ რა აცხადებს, რომ მან აღადგინა მაატი (წესრიგი) დედამიწაზე. ამ შემთხვევაში მაატი წარმოგვიდგება, როგორც უზენაესი ღვთაების ნება. იგივე პირამიდების ტექსტებში ფარაონზე ნათქვამია, რომ „ზეცა კმაყოფილია, დედამიწა ზეიმობს, რადგან მან (ფარაონმა) აღადგინა წესრიგი (მაატი) იქ, სადაც იყო არეულობა“, და უკვე საერო ტექსტში (ე.წ „რესტავრაციის სტელა“), სადაც მოთხრობილია XVIII დინასტიის ფარაონის – ტუტანხამონის მიერ ეხნატონის რეფორმის ანიჰილაციის და ძველი წესრიგის აღდგენის შესახებ, ტუტანხამონზე ნათქვამია, რომ „მან გააძევა უწესრიგობა და აღადგინა წესრიგი მაატი). ტყუილი გახდა აუტანელი და ქვეყანა გახდა ისეთი, როგორიც იყო ადრე“.

მაატის კონცეფცია ეგვიპტური ეთიკის ძირითად რგოლს წარმოადგენდა. ქვეყნის მთავარი ვეზირი V დინასტიიდან მაატის ქურუმად ითვლებოდა, მოსამართლეები ყელზე მაატის გამოსახულებას ატარებდნენ. ყოველი ღვთისმსახურების შემდეგ ქურუმები ღვთაებას მაატის ფიგურას „უწვდიდნენ“ იმის ხაზგასასმელად, რომ ისინი მხარს უჭერენ ღვთაების მიერ დედამიწაზე დამყარებულ წესრიგს. ეგვიპტური ტექსტების თანახმად, სიყალბეს არა აქვს ხანგრძლივი დღე, მაატი კი მარადიულია, ის ადამიანს სამარეშიც მიჰყვება, და მაატის მატარებელი ადამიანი არ ივიწყება დაკრძალვის შემდეგ. დარბაზს, სადაც მიცვალებული ოსირისის სამსჯავროზე წარსდგებოდა, „ორი მაატის“ დარბაზი ერქვა. გარდაცვლილის უცოდველობის შესამოწმებლად მაატის სიმბოლოს – ბუმბულს იყენებდნენ. ითვლებოდა, რომ თუ გარდაცვლილი უცოდველი იყო, მისი გული ბუმბულს არ გადაწონიდა. რას ორივე ბარკას, რომლებითაც ის დღისით (ზეცაში) და ღამით (მიწისქვეშეთში) მოგზაურობდა, მაატი ერქვა. ამგვარად, ძველი სამეფოს დროიდან მაატი მჭიდროდ იყო დაკავშირებული რასთან (როგორც სამყაროს და ე.ი. წესრიგის შემოქმედთან) და ოსირისთან, რომელსაც „მაატის ბატონს“ ეძახდნენ. XVIII დინასტიიდან მაატი რას ქალიშვილიც ხდება.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები