ამონხეტეპ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამონხეტეპ I − (ჩვ.წ.- მდე1550-1525) – ახალი სამეფოს პირველი ფარაონის, იახმესის და მისი დის და მთავარი მეუღლის, იახმეს ნეფერტარის ვაჟი.

ტახტზე ძალიან ახალგაზრდა ავიდა, ამიტომ ნეფერტარი მეფობის პირველ წლებში რეგენტის მოვალეობას ასრულებდა. ითვლება მამის ღირსეულ მემკვიდრედ. პირადად ჩაატარა სამხედრო კამპანია ნუბიაში, რომლის შედეგად გადასწია ეგვიპტის საზღვარი ნილოსის მესამე ჭორომამდე, სადაც საისთან (საი – კუნძული ნილოსზზე მეორე და მესამე ჭორომებს შორის) ტაძარი ააგო. მისი წარწერები ნაპოვნია სემნასთან და ურონარტისთან ნილოსის II ჭორომის სამხრეთით. წარმატებით იბრძოდა ლიბიელი ტომების წინააღმდეგ. მეორე გარდამავალი პერიოდის და ჰიკსოსებთან ბრძოლის დროს ეგვიპტემ დაკარგა გავლენა დასავლეთის უდაბნოს ოაზისებზე, მაგრამ ამონხეტეპ I-ის დროის ერთ-ერთ სტელაზე მოხსენიებული ეგვიპტელი მოხელის წოდება „ოაზისების მმართველი“ გვამცნობს, რომ მან მათი დაბრუნება მოახერხა. მისი არქიტექტორის, ინენის ავტობიოგრაფიიდან ვგებულობთ, რომ ამონხეტეპი ძალიან ბევრს აშენებდა კარნაკში, ააგო და გაადიდა ტაძრები ელეფანტინაზე, კომომბოში, აბიდოსში.

ამონხეტეპმა მოახდინა რევოლუციური ცვლილება ფარაონის სამარხის კომპლექსში – დააშორა ერთმანეთს სამარხი და მოსახსენიებელი ტაძარი, რაც შემდეგ უკვე ტრადიციად იქცა. მისი ტაძარი დეირ ელ-ბაჰარიში დაანგრია ხატშეპსუტმა თავისი ცნობილი ტაძრის მშენებლობის დროს; თუმცა სამარხი მოხსენიებულია რამსეს IX-ის დროს ჩატარებულ აღწერაში, მისი ადგილმდებარეობა დღემდე არ არის დადგენილი. ამონხეტეპ I-ის მუმია აღმოაჩინეს მამამისის მუმიასთან ერთად დეირ ელ-ბაჰარის სამალავში.

ამონხეტეპის დროს მოხდა წყლის საათის გამოგონება, რასაც მისი ასტრონომის ბიოგრაფიიდან ვიგებთ. დედის რეგენტობის პერიოდში მათ ერთად დააარსეს სამშენებლო სოფელი დეირ ელ მედინა, რომელიც თებეს ნეკროპოლისს მრავალი საუკუნის განმავლობაში ემსახურებოდა. ამონხეტეპს და ნეფერტარის აქ ერთად ეთაყვანებოდნენ, როგორც ღვთაებებს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები