დენდერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დენდერა

დენდერა – მეექვსე ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი და ხატხორის თაყვანისცემის მთავარი საკულტო ადგილი.

ხატხორს „დენდერას ქალბატონს“ ეძახდნენ. დენდერას ტაძრის კედელზე წარწერის თანახმად, რამ, რომელიც ხატხორის მამა იყო, შეუქმნა მას დენდერა ჰელიოპოლისის სანაცვლოდ (ჰელიოპოლისის ეგვ. სახელია ww, „t ეგვიპტურში მდედრობითი სქესის ნიშანია). ბერძნულ დროში ქალაქს მოიხსენიებდნენ ასევე, როგორც „ქალღმერთს“ (ეგვ. TB-ntr:t), საიდანაც წარმოიშვა ბერძნული Tantyra და თანამედროვე დენდერა.

დღეს ძველი დენდერას ნაქალაქარის სიახლოვეს პატარა არაბული ქალაქი დენდერა მდებარეობს. დენდერა დასახლებული იყო უკვე წინადინასტიური დროიდან, მაგრამ დღეს ის თავისი ულამაზესი ხატხორის ტაძრის გამო არის ცნობილი. ტაძრის მშენებლობა დაიწყო ბოლო პტოლემაიოსების დროს (ჩვ.წ.-მდე I საუკუნეში), ძველი ტაძრის ფუნდამენტზე. ტაძრის მშენებლობა იმპერატორმა ტიბერიუსმა დაასრულა. ტაძარს შემოვლებული აქვს აგურის გალავანი, რომლის ოთხივე კედელი 280 მ. სიგრძისაა. გალავნის გარეთ აღმოჩენილია წინადინასტიური და პირველი გარდამავალი პერიოდის სასაფლაოები, ასევე XVII დინასტიის და ბერძნულ-რომაული დროის სამარხები და VI დინასტიით დათარიღებული დიდი მასტაბა. დენდერაში იყო ხატხორის საკრალური ძროხების სასაფლაო, რომელიც ჯერ აღმოჩენილი არ არის. ტაძრის მიწისქვეშა განყოფილების კედელზე მოთავსებული წარწერის თანახმად, მისი ნახაზი, რომელიც „ღმერთების დროს“ შეადგინეს, შემთხვევით იპოვეს ზანდუკში, მეფის სასახლეში, ფარაონ ხეოფსის დროს. ტაძრის რესტავრაცია მოახდინეს ჯერ პეპი I-მა (VI დინასტია), შემდეგ კი თოტმეს III-მ (XVIII დინასტია). აქვე ჩამოწერილი დენდერას დღესასწაულები ეთანხმება ამონხეტეპ I-ის დეკრეტში მოხსენიებულ დღესასწაულებს. ის, რომ ტაძარი აქ უძველესი დროიდან იდგა და მისი რესტავრაცია მუდმივად ხდებოდა, ჩანს სხვადასხვა ფარაონების დროინდელი ბლოკებიდან, რომლებიც ახალ ნაგებობაშია გამოყენებული, თუმცა ფარაონ ხეოფსის კვალი ნაპოვნი არ არის. ერთადერთი მთლიანი ნაგებობა, რომელიც ახალ ტაძარზე ძველია, არის ნექტანებოს I-ის (XXX დინასტია) მიერ აგებული დაბადების სახლი. აქ ეთაყვანებოდნენ ასევე ისიდას, რომელსაც საკუთარი ტაძარი ჰქონდა გალავნის შიგნით, სამხრეთ მხარეს. თვითონ ხატხორის ტაძრის სახურავზე აგებულია ოსირისის ექვსი პატარა სამლოცველო, სადაც მისი აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები