საქქარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქქარამემფისის ნეკროპოლისის ყველაზე სამხრეთი ნაწილი. სახელი მომდინარეობს ღვთაება სოკარიდან, რომელსაც აქ საკულტო ადგილი ჰქონდა.

უძველესი სამარხები I დინასტიით თარიღდება, მაგრამ ფარაონებმა სამარხების აგება საქქარაში II დინასტიიდან დაიწყეს. ამ დინასტიის სამარხებიდან განსაკუთრებით ნინეჩერის და ხეტეპსეხემუის მასტაბებია აღსანიშნავი. საქქარას ყველაზე ცნობილ ნაგებობას ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდა წარმოადგენს. აქაა ასევე V და VI დინასტიების ფარაონების – უსერკაფის, უნისის, ტეტის, პეპი I-ის და პეპი II-ის, ასევე პეპი II-ის დედოფლების – ნეიტის, უჯებტენისა და იპუტის პირამიდები. ეს პირამიდები აღსანიშნავია იმით, რომ მათ კედლებზე ე.წ. „პირამიდების ტექსტებია“ მოთავსებული. მათ სიახლოვეს იყო ცნობილი პირამიდების ქალაქი. აღსანიშნავია ასევე შედარებით მცირე ზომის (50მ. სიმაღლის) უსერკაფის პირამიდა, რადგან ამ ფარაონმა მშენებლობები აბუსირში გააგრძელა, სადაც თავისი გრანდიოზული მზის ტაძარი ააგო. ის იყო პირველი ფარაონი, რომელმაც მშენებლობები აბუსირში გადაიტანა. შედარებით გვიანი პერიოდიდან აღსანიშნავია ფარაონების იბის (VIII დინასტია) და ხენჯერის (XII დინასტია) პირამიდები. სულ საქქარაში დღეისათვის 16 პირამიდაა აღმოჩენილი, ბოლო მათგანი (III დინასტიის ფარაონის, სეხემხეტის პირამიდა) ზ. გონეიმმა გასული საუკუნის შუახანს აღმოაჩინა.

პირამიდების გარდა, საქქარაში კიდევ ბევრი გამოცანაა. მაგ. IV დინასტიის ფარაონის, შეპსესკაფის მასტაბა, რადგან დღემდე უცნობია, თუ რატომ უღალატა ამ ფარაონმა უკვე ტრადიციულად ქცეულ პირამიდის ფორმას. ჯოსერის პირამიდის სიახლოვეს, დაახლ. XVII დინასტიიდან, აპისის ხარების დასაფლავება დაიწყეს. რამსეს II-მ საკრალური ხარებისათვის მიწისქვეშა სამარხების უზარმაზარი კომპლექსი ააგო, სადაც მათ პტოლემაიოსების დროსაც კი ასაფლავებდნენ. ამ კატაკომბების თავზე ნექტანებოს II-მ აპისს დიდი ტაძარი მიუძღვნა. აქვე მდებარეობს ცნობილი 1 კმ. სიგრძის სფინქსების ალეა. სერაპისის კულტის აღზევების და მისი ოსირის-აპისის კულტთან შერწყმის შემდეგ ოსირის-აპისის ტაძარი სერაპეუმი გახდა. სერაპეუმის დასავლეთით მდებარეობდა ანუბისის ტაძარი, მის სიახლოვეს, დედოფალ იპუტის პირამიდის გვერდით კი ნაპოვნია ანუბისის საკრალური ცხოველის – ძაღლების სასაფლაო. ბასტეტის კულტის პოპულარობაზე მეტყველებს კატების სასაფლაო ტეტის პირამიდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სიბრძნის ღვთაებასთან თოტთან კი საქქარას ჩრდილოეთით მდებარე იბისების სასაფლაოა დაკავშირებული. გასული საუკუნის დასასრულს აღმოჩენილია ქვის ბლოკების გალავანი (გისრელ-მუდირი, 650მ×350მ), რომელიც ჩეხების ექსპედიციამ გათხარა 1990-იან წლებში. მისი მშენებელი და დანიშნულება დადგენილი არ არის, მაგრამ აქ ნაპოვნი კერამიკა II დინასტიით (და შესაძლოა, ხასეხემუის მეფობით) თარიღდება, და ამ ვარაუდის დადასტურების შემთხვევაში ჯოსერის პირამიდა აღარ იქნება მსოფლიოს უძველესი ქვის ნაგებობა. საქქარაში აიგო თავისი სამარხი XVIII დინასტიის ბოლო ფარაონმა ხორემხებმა, როცა ის ჯერ კიდევ ტუტანხამონის გენერალი იყო, თუმცა შემდგომში მეფეთა ველზე იქნა დასაფლავებული. საქქარას და აბუსირის საზღვართან, ცნობილი ბრძენის, იმხოტეპის სამარხთან, რომელიც ბერძნებმა ასკლეპიოსთან გააიგივეს, იყო ასკლეპეიონი, სადაც იმხოტეპს ჩვ.წ. IV საუკუნეშიც კი ეთაყვანებოდნენ. საქქარაში მდებარეობს ასევე დიდებულების მრავალი მასტაბა, რომლებიც 1924 წლამდე ქვიშაში იყო ჩამარხული და ამდენად არა მარტო თავად ნაგებობები, არამედ მათი შიდა მოხატულობაც არაჩვეულებრივად არის შენახული.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები