ნექტანებოს II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნექტანებოს II

ნექტანებოს II – ეგვიპტის XXX დინასტიის ფარაონი, (ჩვ.წ.-მდე 363-360).

ნექტანებოს I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის მისი ვაჟიშვილი თეოსი (ტახოსი), რომელიც მამის თანამმართველი იყო ნექტანებოს I-ის მეფობის ბოლო წლებში. გამეფების შემდეგ თეოსი სათავეში ჩაუდგა ჯარს არტაქსერქსე II-ზე შესატევად. თეოსის ჯარში იყო ძალიან ბევრი ბერძენი დაქირავებული ჯარისკაცი სპარტის მეფის, აგესილაოსის და ათენელი მხედართმთავრის, ხაბრიასის მეთაურობით. ომის საწარმოებლად თეოსი იძულებული იყო, დიდი გადასახადებით დაებეგრა თავისი ქვეშევრდომები, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია. სიტუაციით ისარგებლა ეგვიპტეში დარჩენილმა თეოსის შვილმა, ტაჰეპიმუმ, რომელმაც დაიწყო ბრძოლა ფარაონის წინააღმდეგ. მან გამოიძახა თავისი შვილი, ნექტანებოსი, რომელიც თეოსთან ერთად სირიაში იბრძოდა. ნექტანებოსმა მოახერხა თავის მხარეზე გადაებირებინა როგორც ეგვიპტელები, ასევე ბერძნები, და ავიდა ტახტზე, როგორც ნექტანებოს II. თეოსი იძულებული იყო, გაქცეულიყო თავის მოწინააღმდეგესთან, არტაქსერქსე II-თან, რომელმაც ის დიდი პატივისცემით მიიღო.

ნექტანებოს II-ის გამეფების შემდეგ იყო მისი ტახტიდან ჩამოგდების მცდელობები, ჯერ, სავარაუდოდ, XXIX დინასტიის შთამომავლის მიერ მენდესიდან (მისი სახელი უცნობია), შემდეგ კი თეოსის მიერ, რომელიც მოქმედებდა, როგორც სპარსეთის მოგზავნილი, მაგრამ ორივე შემთხვევაში ნექტანებოს II-ეს დაეხმარნენ ბერძნები, განსაკუთრებით კი მის მიმართ მეგობრულად განწყობილი სპარტის მეფე.

ქვეყნის შიგნით ნექტანებოს II-მ გააგრძელა ნექტანებოს I-ის მშენებლობები, და მუდმივი სპარსული მუქარის მიუხედავად, ის ბევრს აშენებდა მთელ ქვეყანაში.

ნექტანებოს II-ის სარკოფაგი

ნექტანებოს II-ის გამეფების დროიდან ვითარება იცვლება სპარსეთში. არტაქსერქსე II-ის გარდაცვალებამდე (ჩვ.წ.-მდე 359 წ.) ცოტა ხნით ადრე ოხოსმა, მომავალმა არტაქსექსე III-მ, დალაშქრა სირია, მაგრამ სასწრაფოდ გაეშურა შინ არტაქსერქსე II-ის გარდაცვალების გამო. დაახლოებით ათი წლის განმავლობაში არტაქსერქსე III დაკავებული იყო საკუთარ იმპერიაში პრობლემების მოგვარებით, ჩვ.წ.-მდე 350 წლის ზამთარში კი პირადად გაუძღვა ჯარს ეგვიპტისაკენ, მაგრამ თავის მიზანს ვერ მიაღწია. არტაქსერქსეს დამარცხებას ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა, და 343 წლამდე მოხდა რამდენიმე აჯანყება სპარსელების წინააღმდეგ სიდონში, კვიპროსზე და სხვ. თავიდან აჯანყებულების საქმე წარმატებით მიდიოდა, მაგრამ თანდათან სპარსეთი დაეუფლა სიტუაციას, და ჩვ.წ.-მდე 343 წ. არტაქსერქსე III პირადად გაუძღვა ჯარს ეგვიპტისაკენ. მან მოახერხა ჩრდილოეთ ეგვიპტის დაპყრობა. ნექტანებოს II გაიქცა მემფისიდან ზემო ეგვიპტეში, საიდანაც სცადა კონტრიერიშის განხორციელება არტაქსექსე III-ის სპარსეთში დაბრუნების შემდეგ, მაგრამ კვლავ დამარცხდა, და ამჯერად გაიქცა ნუბიაში, სადაც, სავარაუდოდ, ადგილობრივ სამეფო კარს შეაფარა თავი.

საინტერესოა ნექტანებოს II-ის სარკოფაგის ისტორია. რასაკვირველია, გაქცევისას მან ვერ შეძლო, თან წაეღო თავისი მასიური ქვის სარკოფაგი, რომლის მზადებას ფარაონები ტახტზე ასვლისთანავე იწყებდნენ. XVII საუკუნეში ის აღმოჩნდა ალექსანდრიაში, ატარიას მეჩეთში, სადაც რიტუალური აბაზანის როლს ასრულებდა, 1800 წელს კი ბრიტანელების მიერ მოპოვებულ სიძველეებთან ერთად (მათ შორის იყო ასევე როზეტას ქვა), ინგლისში იქნა გადატანილი, სადაც დღეს ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები