როზეტას ქვა
როზეტას ქვა – ბილინგვა, რომელიც ეგვიპტური იეროგლიფების წაკითხვის გასაღები გახდა. აღმოჩენილია 1799 წლის აგვისტოში ნაპოლეონის ჯარების ოფიცრის მიერ პატარა სოფელ რაშიდ-როზეტასთან, ალექსანდრიიდან 70 კმ. დაშორებით, საფორტიფიკაციო სამუშაოების დროს.
შავი გრანიტის ფილა, რომელზეც აღმოჩნდა წარწერები ბერძნულად, ეგვიპტური იეროგლიფებით და დემოტიური შრიფტით, მაშინვე გაიგზავნა ნაპოლეონის მიერ ახლად დაარსებულ „ეგვიპტის ინსტიტუტში“ კაიროში. მან უდიდესი ინტერესი გამოიწვია, და თავად ნაპოლეონმა ბრძანა მისი სასწრაფოდ კოპირება და გამოცემა, რის შემდეგაც პირველი სახელდახელო ასლი გადაეცა ფრანგულ ეროვნულ ინსტიტუტს (Institut National).
1801 წ. ინგლისის მიერ საფრანგეთის დამარცხების შემდეგ პოლიტიკურ გამარჯვებასთან ერთად ინგლისმა მოიპოვა უფლება ყველა იმ არტეფაქტზე, რომელიც ნაპოლეონის ექსპედიციის მიერ იქნა მოძიებული. მათ შორის იყო როზეტას ქვაც, რომელიც ჩავიდა ინგლისში 1802 წ., სადაც დღეს ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი.
მეცნიერებმა საფრანგეთსა და ინგლისში ერთდროულად დაიწყეს ქვაზე მუშაობა. სიძნელე წარმოიშვა ბერძნული ტექსტის თარგმანთან დაკავშირებითაც, რადგან ის შესრულებული იყო იმ დროისათვის ნაკლებად ცნობილ პტოლემაიოსების სამეფო კარის ენაზე. ტექსტი გაეგზავნა ევროპის ცნობილ სამეცნიერო საზოგადოებებს, და მისი შინაარსი საბოლოოდ დადგენილი იქნა. აღმოჩნდა, რომ ქვაზე მოთავსებულია ჩვ.წ.-მდე 196 წ. მემფისში ეგვიპტის ქურუმების კრების მიერ პტოლემაიოს V ეპიფანეს (ჩვ.წ.-მდე 203-181) პატივსაცემად მიღებული დეკრეტის ტექსტი. ქურუმები მადლიერებას გამოხატავდნენ მეფისადმი იმ პრივილეგიებისათვის, რომლებიც მან ეგვიპტელ ქურუმებს მიანიჭა. შემდგომი კვლევისათვის უმნიშვნელოვანესი იყო კოლოფონი, რადგან ის იუწყებოდა, რომ დეკრეტის ტექსტი უნდა შესრულებულიყო იეროგლიფებით, დემოტიური დამწერლობით და ბერძნულად, და აღმართულიყო ეგვიპტის ყველა მნიშვნელოვანი ტაძრის ეზოში, რაც ნიშნავდა, რომ როზეტას ქვა შეიცავდა ერთსა და იმავე ტექსტს, შესრულებულს ბერძნულ და ეგვიპტურ ენებზე (ორი სხვადასხვა დამწერლობით). რადგან იმ დროისათვის ჯერ კიდევ გავრცელებული იყო აზრი იეროგლიფების სიმბოლური ბუნების შესახებ, დემოტიური დამწერლობა კი ალფაბეტური ეგონათ, ეგვიპტური ტექსტის წაკითხვის მცდელობა ბუნებრივად დემოტიური ტექსტით დაიწყო. პირველი მკვლევარი, რომელიც „შეებრძოლა“ ეგვიპტურ ტექსტს, იყო იმ დროისათვის ევროპის წამყვანი ორიენტალისტი, ფრანგი მეცნიერი სილვესტრ დე სას. ის შეეცადა დემოტიურ ტექსტში ამოეცნო ბერძნულ ტექსტში მოხსენიებული საკუთარი სახელები, რომ შემდეგ ამოკითხული ალფაბეტური ნიშნები ცალკეული ეგვიპტური სიტყვები წასაკითხად გამოეყენებინა და კოპტურის დახმარებით დაედგინა მათი მნიშვნელობა. მან დაახლოებით წაიკითხა სახელები „ალექსანდრე“ და „პტოლემაიოსი“, მაგრამ უფრო შორს ვეღარ წავიდა, და თავისი შრომის შედეგები დანიელ მეცნიერს და დიპლომატს, იოჰან დ. აკერბალდს გადასცა. აკერბალდმა მოახერხა, დაედგინა ტექსტში მოხსენიებული საკუთარი სახელები უმრავლესობა (ალექსანდრე, არსინოე, ბერენიკა, აიეტი) და დემოტიური დამწერლობის 29 ნიშანი, რომელთაგან უმეტესობა სწორი აღმოჩნდა. მან ასევე დაადგინა, რომ ბგერა „f“, რომელიც კოპტურში მესამე პირის, მხოლობითი რიცხვის, მამრობით სქესის ნაცვალსახელის აღმნიშვნელი იყო, იგივეს ნიშნავდა დემოტიურ ტექსტში. ამას გარდა, მან ამოიკითხა რამდენიმე სიტყვა (მაგ. „ტაძარი“, „სიყვარული“, „სიმრავლე“), რომლებიც ასევე შესაბამისი კოპტური სიტყვების იდენტური აღმოჩნდა. აკერბალდის აღმოჩენა დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან მან დაამტკიცა, რომ კოპტური ძველი ეგვიპტელების ენა იყო მაგრამ მან ვერ მოახერხა უფრო შორს წასვლა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ დემოტიური დამწერლობა მხოლოდ ალფავიტური ნიშნებისაგან შედგებოდა.
შემდეგი ნაბიჯი როზეტას ქვის წაკითხვაში ეკუთვნის ცნობილ ფიზიკოსს თომას იუნგს. 1814 წლის ზაფხულში მან დაიწყო დემოტიური და იეროგლიფური წარწერების შესწავლა, შეადარა ერთმანეთს როზეტას ქვის დემოტიური და იეროგლიფური წარწერები ადრე მოძიებულ იერატიული პაპირუსებს და მივიდა დასკვნამდე, რომ დემოტიური დამწერლობა იერატიული დამწერლობის განვითარების შემდეგ სტადიას წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, იეროგლიფების სწრაფი წერის შედეგად ჩამოყალიბდა. ამგვარად, იუნგმა დაამტკიცა, რომ იეროგლიფური, იერატიული და დემოტიური დამწერლობები რეალურად ერთი (იეროგლიფური) დამწერლობის განვითარების სხვადასხვა სტადიას წარმოადგენს. მან ასევე მიუსადაგა ერთმანეთს როზეტას ქვის ბერძნულ და დემოტიურ წარწერებში მოხსენიებული საკუთარი სახელები და მათგან ერთი („პტოლემაიოსი“) ამოიკითხა იეროგლიფურ ტექსტშიც, სადაც ის კარტუშში იყო ჩასმული. ეს იყო პირველი წაკითხული იეროგლიფები, რომლებმაც ცხადყო, რომ საკუთარი სახელი ამ დამწერლობაშიც ყოველი სიმბოლიზმის გარეშე, ალფაბეტური ნიშნებით იყო შედგენილი. მან ასევე დაადგინა იეროგლიფური დამწერლობით შესრულებული რამდენიმე სიტყვა (მაგ. „პტახი“, „ღმერთი“, „ქურუმი“), მაგრამ მოექცა მცდარი წარმოდგენის ქვეშ, რომ ფონეტიკურად იეროგლიფებით მხოლოდ უცხოურ სახელებს წერდნენ.
შემდეგი და უკვე გადამწყვეტი ნაბიჯი ეკუთვნის ფრანგ მეცნიერს ჟ. ფ. შამპოლიონს. განსხვავებით იუნგისაგან, რომლისათვის ეგვიპტური დამწერლობის წაკითხვა, მისივე სიტყვებით, წარმოადგენდა გასართობს და დასვენებას ფიზიკაში სერიოზულ კვლევებს შორის, შამპოლიონისათვის ეს მთელი სიცოცხლის საქმე იყო. იუნგის მიღწევებიდან მან იცოდა, რომ იეროგლიფური ნიშნები შეიძლებოდა ფონეტიკური ყოფილიყო, და დაიწყო მეფეების სახელების სიების შედგენა. მათი იდენტიფიცირება ადვილად იყო შესაძლებელი, რადგან კარტუშებში იყო ჩასმული. როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ დემოტიური, იერატიული და იეროგლიფური ერთი დამწერლობის განვითარების სხვადასხვა საფეხურს წარმოადგენდა და მათ შორის არ იყო სისტემური განსხვავება, დაიწყო დემოტიური დამწერლობით შედგენილი სახელების გადაყვანა იერატიულ, შემდეგ კი იეროგლიფურ დამწერლობაზე. „პტოლემაიოსის“ ამგვარი ტრანსფორმირების შემდეგ, მან „კლეოპატრა“ იეროგლიფურ დამწერლობაში გადაიყვანა. კლეოპატრას დემოტიური დაწერილობა ცნობილი იყო ე.წ. კასატის პაპირუსიდან, მაგრამ სჭირდებოდა ორიგინალური იეროგლიფური ტექსტი დედოფლის სახელით, რომ თავის სისწორეში დარწმუნებულიყო. ამაში მას დაეხმარა 1815 წ. ინგლისელი მოგზაურის ვ. ბენკსის მიერ კუნძულ ფილეზე აღმოჩენილი ობელისკი ეგვიპტური წარწერით, რომლის ფუნდამენტზე მოთავსებულ ბერძნულ წარწერაში მოხსენიებული იყვნენ პტოლემაიოსი და კლეოპატრა. ობელისკი მოგზაურმა ევროპაში გადმოიტანა, სადაც დღემდე მისი ოჯახის პარკს ამშვენებს. ობელისკის რეპროდუქციებმა, რომლებიც შამპოლიონს 1822 წ. ჩაუვარდა ხელში, სრულად დაადასტურა მისი კვლევის სისწორე. შემდეგი გარღვევა მოხდა ასევე 1822 წ., როცა შამპოლიონმა ცნობილი აბუ სიმბელის ტაძრის იეროგლიფური წარწერების ასლები მიიღო, სადაც მისი ყურადღება მიიპყრო კარტუშში ჩასმულმა სახელმა, რომელიც შეიცავდა „მზის“ ნიშანს და სრულდებოდა უკვე ცნობილი, „ს“-ს აღმნიშვნელი ნიშნით, მათ შორის კი უცნობი ნიშანი იყო გამოწერილი. კოპტურად მზე დაახლოებით ჟღერდა, როგორც „რა“, და იმ გენიალური მიხვედრით, რომელიც ჩვეულებრივ მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგს წარმოადგენს, შამპოლიონმა დაასკვნა, რომ უცნობი ნიშანი დაახლოებით იკითხება, როგორც კოპტური „დაბადების“ აღმნიშვნელი სიტყვა („mise“), და რომ მან ეგვიპტური სახელი „რამსესი“ ამოიკითხა. მის მიგნებას ამყარებდა ისიც, რომ როზეტას ტექსტში იგივე იეროგლიფი დაახლოებით იგივე კონტექსტში იყო მოთავსებული. ამგვარად, შამპოლიონმა საბოლოოდ დაადგინა, რომ ეგვიპტური იეროგლიფები არა სიმბოლურ, არამედ ჩვეულებრივ დამწერლობას წარმოადგენდა და ისინი ფონოგრამებისა და იდეოგრამებისაგან შედგებოდა. მისი ძიების შედეგის ოფიციალური გაცხადების თარიღი, 1822 წლის 27 სექტემბერი, დღეს ეგვიპტოლოგიის, როგორც მეცნიერების დაბადების თარიღად ითვლება. მაგრამ შამპოლიონი ბოლომდე დარწმუნებული იყო ეგვიპტური და კოპტური ენების სრულ იდენტურობაში, რამაც ბევრი სიტყვის მცდარ წაკითხვამდე მიიყვანა. კოპტური ეგვიპტური ენის განვითარების ბოლო საფეხურს წარმოადგენს და როგორც ყველა ენაში, აქაც საქმე გვაქვს ცვლილებებთან, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ყველა ენა განიცდის. ამას გარდა, მან ვერ შეიგრძნო განსხვავება ერთ, ორ და სამბგერიან იეროგლიფებს შორის და ყველა ისინი ერთბგერიანი ეგონა. მაგ. „mn“, „ms“, „j“და „mr“ ორბგერიან ნიშნებს ყველას ერთნაირად კითხულობდა, როგორც „m“-ს, რამაც საოცრად გაზარდა ალფაბეტური ნიშნების რიცხვი და შეაჩერა ეგვიპტური ნიშნების წაკითხვა, სანამ გერმანელმა მეცნიერმა რიხარდ ლეფსიუსმა მოახდინა მათი დიფერენცირება. მანვე დაადგინა, რომ ეგვიპტურ დამწერლობაში, თანამედროვე არაბულის მსგავსად, არ ხდებოდა ხმოვნების დაფიქსირება. მის შემდეგ, კიდევ ბევრი მეცნიერის შრომის შედეგად, დღეს შესაძლებელია ყველა ეგვიპტური დამწერლობით შესრულებული ტექსტის წაკითხვა.