შამპოლიონი ჟან ფრანსუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ფრანსუა შამპოლიონი

ჟან ფრანსუა შამპოლიონი – (1790-1832 წწ.), ფრანგი ეგვიპტოლოგი, რომელმაც როზეტას ქვის ბილინგვას საშუალებით საბოლოო წერტილი დაუსვა ეგვიპტური იეროგლიფების წაკითხვას. ითვლება თანამედროვე ეგვიპტოლოგიის ფუძემდებლად.

დაიბადა საფრანგეთში, ქ. ფიჟაკში. 1801 წ. ჩადის თავის უფროს ძმასთან, ჟაკთან გრენობლში განათლების მისაღებად. თავიდან შამპოლიონს გაკვეთილებს თვითონ ჟაკი უტარებდა, 1802 წელს კი მან სწავლა გააგრძელა გრენობლში ცნობილ პედაგოგთან, აბატ დიუსერთან, რომელიც შამპოლიონს ლათინურ, ბერძნულ, ებრაულ, არაბულ და სირიულ ენებს ასწავლიდა. აბატთან გაკვეთილების პარალელურად სწავლობდა გრენობლის სკოლაში. 1804 წ. მან ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდები და სტიპენდიით ჩაირიცხა გრენობლის სამეფო ლიცეუმში, სადაც სწავლობდა 1807 წლამდე. ლიცეუმში სწავლის დროს შამპოლიონი იწყებს კოპტური ენის შესწავლას და ინტერესდება ეგვიპტური იეროგლიფებით. თავისი წარმატებებით ის ხიბლავს ცნობილ მათემატიკოსს ჟ. ფურიეს. 1807 წ. შამპოლიონი გეგმავს, გამოსცეს ფუნდამენტური ნაშრომი „ეგვიპტე ფარაონების დროს“, მაგრამ ფურიე თვლის, რომ შამპოლიონმა უნდა დახვეწოს თავისი განათლება პარიზში. პარიზში გამგზავრებამდე, 1807 წ. პირველ სექტემბერს ის წარდგა გრენობლის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წინაშე ნაშრომით ეგვიპტის გეოგრაფიის შესახებ („Essay de description géographique de l’Égypte avant la conquête de Cambyses“), რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მას ირჩევენ აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. რამდენიმე დღის შემდეგ შამპოლიონი მიემგზავრება პარიზში, სადაც აგრძელებს სწავლას კოლეჟ დე ფრანსში და პარალელურად აღმოსავლური ენების სასწავლებელში (École Spéciale des Langues Orientales) ს. დე სასის და ლ. მ. ლანგლეს ხელმძღვანელობით. იმავდროულად, ასრულებს ნაშრომის „ეგვიპტე ფარაონების დროს“ გეოგრაფიულ ნაწილს (ის მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გამოიცა), ინტენსიურად სწავლობს კოპტურს და ეგვიპტურ იეროგლიფებს, და 1808 წ. აკეთებს პირველ მნიშვნელოვან აღმოჩენას. მან მიაგნო, რომ სხვადასხვა სახის ეგვიპტურ ნიშნებს შორის (რომლებიც დღეს ცნობილია, როგორც იეროგლიფური, იერატიული და დემოტიური დამწერლობა) მხოლოდ გრაფიკული, და არა სისტემური განსხვავება არსებობდა, თუმცა განსხვავება დემოტურ და იერატიულ დამწერლობებს შორის მან მხოლოდ 1810 წელს დაინახა, და ეგონა, რომ დემოტიური იერატიულზე უფრო ძველი იყო. შამპოლიონი იწყებს კოპტური ენის საიდური დიალექტის გრამატიკაზე მუშაობასაც. ამ დროს მისი პარიზში სწავლა მოულოდნელად დასრულდა, რადგან 1809 წლის ივლისში მიიწვიეს პროფესორის თანამდებობაზე გრენობლის უნივერსიტეტში. 1814 წელს ის აქვეყნებს ნაშრომს „ეგვიპტე ფარაონების დროს“ („LÉgypte pharaonique: description géographique“). ამ დროს შამპოლიონს გაურთულდა მდგომარეობა თავისი პოლიტიკური ორიენტაციის გამო. მას მკვეთრად გამოხატული იაკობინური მისწრაფებები ჰქონდა, „ასი დღის“ დროს კი მიემხრო ნაპოლეონს, რაც, რასაკვირველია, გაუხსენეს ბურბონების რესტავრაციის შემდეგ. უკვე 1815 წ. მას უარი ეთქვა კოპტური გრამატიკის გამოცემაზე, შემდეგ კი გაათავისუფლეს პროფესორის თანამდებობიდან და გაასახლეს გრენობლიდან. შამპოლიონი ბრუნდება ფიჟაკში, მამის სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის აღადგინეს პროფესორის თანამდებობაზე გრენობლის უნივერსიტეტში, რომელიც ახლა „სამეფო კოლეჯის“ სახელს ატარებდა, მაგრამ 1821 წელს კვლავ გაათავისუფლეს. ყველაფერ ამან უარყოფითად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე და ფსიქიკაზე. ღრმა დეპრესიაში, სრულიად უსახსრო, ის ჩადის თავის ძმასთან, ჟაკთან პარიზში, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ აკადემიას ახალ წერილს უგზავნის. წერილში მან დაადასტურა იუნგის ჰიპოთეზა იეროგლიფური და იერატიული დამწერლობის პირდაპირი კავშირის შესახებ, და დააფიქსირა, რომ კურსივული იეროგლიფები იყო მაკავშირებელი რგოლი მათ შორის. შესაბამისად, მან უარყო დემოტიური დამწერლობის სიძველის იდეა და განავითარა დამწერლობის ევოლუციის სწორი თეორია იეროგლიფებიდან იერატიულ და შემდეგ დემოტიურ დამწერლობამდე. თავისი მიგნების სისწორის შესამოწმებლად, მან დაიწყო დემოტიური ნიშნების იერატიულში და შემდეგ იეროგლიფურში გადაყვანა, და წაიკითხა სახელები „პტოლემაიოსი“, „კლეოპატრა“, „რამსესი“ და „თოტი“. ცნობილია, რომ როცა საბოლოოდ დარწმუნდა თავის სისწორეში (1822 წლის 14 სექტემბერს), გაიქცა ძმასთან, საფრანგეთის ინსტიტუტში (Institut de France), წამოიძახა მასთან, რომ გადაწყვიტა პრობლემა (ცნობილი ფრაზა: „Je tiens affaire!“), და უგონოდ დაეცა, რის შემდეგაც ხუთი დღის განმავლობაში სრულ ლეტარგიაში იმყოფებოდა. გამოღვიძების შემდეგ მან მისწერა წერილი საფრანგეთის წარწერების და მხატვრული ლიტერატურის აკადემიას (L’Académie des Inscriptions et Belles-letres), რომელიც დაასათაურა: „წერილი დასიეს ფონეტიკური იეროგლიფების ალფაბეტის შესახებ“. ამ წერილის საჯარო წაკითხვის დღე (27 სექტემბერი) შეიძლება მეცნიერული ეგვიპტოლოგიის დაბადების დღედ ჩაითვალოს. ამის შემდეგ შამპოლიონზე მთელი პარიზი ალაპარაკდა, მას შეურიგდა მეფე, და მისი დევნა დასრულდა.

თავისი „ეგვიპტური იეროგლიფების მოკლე აღწერა“ („Précis du Système Hiérogliphique“) შამპოლიონმა ლუი XVIII-ს მიუძღვნა. 1924 წელს უკვე მეფე შარლ X-მ ის ტურინში გააგზავნა იქაური ეგვიპტური არტეფაქტების შესასწავლად. 1828 წელს ის გააგზავნეს ეგვიპტეში, როგორც ერთწლიანი ექსპედიციის უფროსი, რომელშიც შედიოდა ასევე მისი მოწაფე და მეგობარი, ცნობილი მეცნიერი ი. როსელინი. 1830 წელს ის ხდება წარწერების აკადემიის წევრი და ეგვიპტოლოგიის კათედრის გამგე კოლეჟ დე ფრანსში. შამპოლიონის ნაწერები მის თითქმის არაადამიანურ შრომისუნარიანობაზე მეტყველებს, მაგრამ მას არ რჩებოდა დრო მათ გამოსაქვეყნებლად, და ისინი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ იხილა მკითხველმა.

ეგვიპტეში მოგზაურობის შედეგები აისახა ნაშრომში „ეგვიპტის და ნუბიის ძეგლები“, რომლის გამოქვეყნებაც 1829 წელს დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეწყდა, და ის საბოლოოდ მხოლოდ 1847 წელს გამოქვეყნდა. „ეგვიპტურ გრამატიკაზე“ მუშაობა შამპოლიონმა 1830 წლამდე დაასრულა, ისიც მხოლოდ 1836-46 წლებში გამოიცა. უმძიმესმა შრომამ და მძიმე წლებმა შეარყიეს შამპოლიონის ჯანმრთელობა, და ის გარდაიცვალა 42 წლის ასაკში, პარიზში, 1832 წლის 4 მარტს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები