კოპტური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოპტური ენა – (არაბულად kibti, kubti „ეგვიპტური“), ეგვიპტური ენის განვითარების ბოლო საფეხური. ცნობილია ჩვ.წ.-ით III საუკუნიდან, ბერძნული ანბანის (და დემოტიკური დამწერლობიდან აღებული ექვსი-შვიდი ნიშნის) საფუძველზე შედგენილი კოპტური ანბანით ჩაწერილი ტექსტებით.

ძველი, საშუალო და ახალი ეგვიპტურისგან განსხვავებით კოპტური არასდროს ყოფილა სახელმწიფო ენა. გამოყოფენ ცხრა დიალექტს, რომელთა გავრცელებას წარმოადგენენ შემდეგი თანმიმდევრობით (ზემო ეგვიპტიდან ქვემო ეგვიპტემდე): საიდური (ძველი თებეს რეგიონი), ახმიმური (თებეს ჩრდილოეთით, ახმიმის (პანოპოლისის) შემოგარენში), სუბახმიმური (იგივე ლიკოპოლიტანური, ასიუტური; ახმიმსა და ოქსირინქოსის შორის მდებარე ტერიტორია), შუა ეგვიპტური (ოქსირინქოსის ჩრდილოეთით ფაიუმის რეგიონამდე), აშმუნეიური (აშმუნეის რეგიონი), ე.წ. P დიალექტი (დაუდგენელი ლოკალიზაციის), ფაიუმური (ფაიუმის ოაზისი), ბაშმურიული (დელტა) და ბოჰაირული (იგივე მემფისური; ასევე დელტა).

განსხვავება დიალექტებს შორის ძირითადად ფონოლოგიური და ლექსიკურია. ბერძნული ანბანით ეგვიპტური ენის ჩაწერა დაიწყეს ჩვ.წ.-მდე III ს (ჰამბურგის პაპირუსი 627). დაახლოებით ამავე პერიოდს განეკუთვნება ბერძნულ-ეგვიპტური ლექსიკონი, რომელშიც ეგვიპტური სიტყვები ჩაწერილია ბერძნული ანბანით; ასევე შემორჩენილია ჩვ.წ.-მდე II ს. დათარიღებული გრაფიტო და ცხრა ეგვიპტური მაგიური შინაარსის ტექსტი, რომლებსაც ათარიღებენ ჩვ.წ.-მდე II ს. – ჩვ.წ.-ით IV ს. ამ ტექსტებს პირობითად უწოდებენ ძველი კოპტური პერიოდის ტექსტებს, რადგან კოპტური დამწერლობა, როგორც ერთიანი სისტემა, აღნიშნულ ტექსტებში ჯერ კიდევ არ ჩანს ჩამოყალიბებული.

კოპტური დამწერლობა ბერძნული ანბანის საფუძველზე შეიქმნა ჩვ.წ.-ით II-III სს. ამ პერიოდს განეკუთვნება ბიბლიის კოპტური თარგმანიც. IV ს. ჩნდება კოპტური ენის საიდურ დიალექტზე შექმნილი ორგინალური ნაწარმოებები: პახომის დარიგებები და კოპტური ენის კლასიკოსის, არქიმანდრიტ შენუტეს ეპისტოლეები და ქადაგებები. ამის გამო საიდური დიალექტი ასრულებდა სალიტერატურო ენის ფუნქციას (თუმცა ლიტერატურული ნაწარმოებები იქმნებოდა სხვა დიალექტებზეც).

მას შემდეგ, რაც არაბებმა ეგვიპტე დაიპყრეს, იწყება კოპტური ენის შევიწროების პროცესი. I ათასწლეულის ბოლოს, ფაქტობრივად, ეს პროცესი სრულდება. კოპტურის ფუნქციები შეიზღუდა – მას იყენებენ მხოლოდ ღვთისმსახურების ენად. ამის გამო მთავარ დიალექტად იქცა ბოჰაირული, რადგან ეგვიპტის საპატრიარქოს ცენტრი (ჯერ კაირო, ხოლო შემდეგ ალექსანდრია) მდებარეობდა ქვემო ეგვიპტეში. ბოჰაირულ დიალექტზე იქმნებოდა საეკლესიო დანიშნულების ლიტერატურა XX საუკუნემდე.

კოპტურ ენას ქრონოლოგიურად ყოფენ შემდეგ საფეხურებად: ძველი კოპტური (ჩვ.წ.-მდე III – ჩვ.წ.-ით V სს), კლასიკური კოპტური (III-XI სს), გვიანი კოპტური (XI-XVIII სს), ახალი კოპტური (ნეოკოპტური; XIX-XX სს). არსებობს უფრო დეტალური კლასიფიკაცია და პერიოდიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ბიბლიის კოპტური ვერსიების წარმოშობასა და განვითარებაზე (ზ. ბარათაშვილი).

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები