იმხოტეპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იმხოტეპი

იმხოტეპი – ისტორიულად დაფიქსირებული პირველი ინჟინერი, არქიტექტორი და ექიმი, რომელიც III დინასტიის ფარაონის, ჯოსერის კარზე მოღვაწეობდა. მისი ისტორიულობა დამტკიცებულია იმ მნიშვნელოვანი ფაქტით, რომ მისი სახელი, თანამდებობებთან ერთად, ფარაონ ჯოსერის ქანდაკებაზეა მოთავსებული (რაც თავისთავად უდიდესი პატივი იყო). იმხოტეპმა ააგო პირველი (საფეხუროვანი) პირამიდა, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს უძველეს ქვის ნაგებობას დედამიწაზე. მას ეთაყვანებოდნენ ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე, არა მარტო როგორც არქიტექტორს, არამედ როგორც ბრძენს და ექიმს. მას მიეწერება ედვინ სმიტის სამედიცინო პაპირუსის ავტორობა, სადაც 48-ზე მეტი სხეულის დაზიანებაა აღწერილი. იყო უბრალო წარმოშობის, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან მალე გაიკეთა ბრწყინვალე კარიერა თავისი ნიჭის წყალობით. გვიანდელმა ეგვიპტელებმა ღვთაებად შერაცხეს XXVI დინასტიიდან ის პტახის შვილად გამოცხადდა, ბერძნებმა კი ასკლეპიოსთან გააიგივეს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ორი მნიშვნელოვანი ფაქტი: იმხოტეპს არასოდეს ეკავა პოლიტიკური თანამდებობა; ის იყო ჰელიოპოლისის მთავარი ქურუმი, ქურუმი-დეკლამატორი და კარის მთავარი არქიტექტორი, რაც შეესაბამება ლეგენდას მისი განსაკუთრებული სიბრძნის შესახებ, და რომ მომდევნო თაობების ეგვიპტელებმა ღვთაებად შერაცხეს არა ჯოსერი (მიუხედევად მისდამი პატივისცემისა), არამედ მისი პირამიდის არქიტექტორი. ტრადიციის თანახმად, იმხოტეპი ცხოვრობდა ჰუნის დროსაც (ე.ი. III დინასტიის ბოლომდე). დღეს იმხოტეპის ქანდაკება დგას „უკვდავთა დარბაზში“ ჩიკაგოში, ქირურგების საერთაშორისო კოლეჯში.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები