ფილე (კუნძული)
ფილე – კუნძული ნილოსის პირველ ჭორომთან (დაახლოებით 150x350 მ.), რომელიც ისიდას დიდი რელიგიური ცენტრი ხდება გვიანდელი პერიოდიდან, განსაკუთრებით კი ბერძნულ-რომაულ დროში.
ეგვიპტური ტექსტებიდან ცნობილი სახელი „პილაკი“ (Pilak) სავარაუდოდ ნუბიური წარმოშობისაა. შესაძლოა, აქ მაგრდებოდნენ ნუბიელები ეგვიპტეში შემოჭრისას. უძველესი ნაგებობა ფილეზე არის საკმაოდ მოკრძალებული კიოსკი XXVI დინასტიის ფარაონის, ფსამტიხ II-ის სახელით. უძველესი ტაძარი, მიძღვნილი „ისიდასადმი, რომელიც აბატონს სტუმრობს“ და ბიგეს ხატხორისადმი, ნექტანებოსის მეფობით არის დათარიღებული (XXX დინასტია).
პტოლემაიოს II-ის დროს დაიწყო ისიდას მთავარი ტაძრის მშენებლობა, რომელიც პტოლემაიოს III-ის დროს დასრულდა. ამ ტაძრის სახურავზე მდებარეობდა ოსირისის კულტისადმი მიძღვნილი განსაკუთრებული ნაგებობა, სადაც ოსირისის მისტერიები სრულდებოდა. აქ ტარდებოდა მათი გარკვეული ნაწილი, მათი დასრულება კი ხდებოდა მეზობელ კუნძულ ბიგეზე (აბატონში), სადაც ოსირისის წმინდა ნაწილი იყო დაკრძალული. ტაძრის პირველ და მეორე პილონებს შორის მდებარეობდა ხორის დაბადების სცენებით მოხატული დაბადების სახლი, ისიდას ტაძრის აღმოსავლეთით კი ხატხორის ტაძარი, რომელსაც აქ „ფილეს ქალბატონს“ ეძახდნენ. ფოლეზე მდებარეობდა ასევე იმხოტეპისადმი მიძღვნილი ტაძარი, რომელიც ბერძნებმა ასკლეპიოსთან გააიგივეს. ფილე წარმართული ეგვიპტური კულტების უკანასკნელი ციტადელი იყო, სადაც ისინი ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც შემოინახა. თეოდოსიუსის ჩვ.წ. 392 წლის დეკრეტმა ეგვიპტეში წარმართული ტაძრების დახურვის შესახებ ვერ შეაჩერა ეგვიპტელი, ბერძენი და რომაელი პილიგრიმების უწყვეტი ნაკადი ისიდას ტაძრისაკენ, რამაც აიძულა ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე ჩვ. წ-ით 535 წ. ადმინისტრაციული წესით მოეხდინა ისიდას კულტის ლიკვიდაცია. ამის შემდეგ ისიდას ტაძარი ქრისტიანულ ეკლესიად იქნა გადაკეთებული, წარმართული ღმერთების ქანდაკებები კი კონსტანტინოპოლში წაიღეს.
ფილეზე შემოინახა ასევე ეგვიპტური იეროგლიფებით შესრულებული უკანასკნელი წარწერა. დღეს კუნძული ფილე, რომელიც დაბალი კლდოვანი კუნძული იყო, ასუანის წყალსაცავის ქვეშ არის მოქცეული. ეგვიპტის სიძველეთა ასოციაციის და იუნესკოს ერთობლივი ძალისხმევით მოხდა ნაგებობების დაშლა და მათი გადატანა, ორიენტაციის გათვალისწინებით, მეზობელ კუნძულ აგილკიაზე, ასე რომ ტურისტების ნაკადი ისიდას ტაძრისაკენ, რომელიც ეგვიპტური არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრად არის მიჩნეული, დღესაც არ წყდება.