ფსამტიხ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსამტიხ II – (ჩვ.წ.-მდე 595-589) ეგვიპტის XXVI საისურ დინასტიის ფარაონი, ფსამტიხ I-ის შვილიშვილი და ნეხო II-ის ვაჟი იყო.

ცნობილია თავისი სამხედრო კამპანიით კუშში. 593 წ. ფსამტიხის ჯარი, რომელშიც მრავლად იყვნენ ბერძენი და კარიელი დაქირავებული ჯარისკაცები, შეიჭრა ნუბიაში, სადაც აიღო და სასტიკად დაარბია დედაქალაქი ნაპატა. სავარაუდოდ, ამ სამხედრო კამპანიის წყალობით ეგვიპტური კონტროლი გავრცელდა მეორე ჭორომამდე, რადგან არქეოლოგიური მასალა ადასტურებს კარიელების გარნიზონის ყოფნას ბუხენში. მრავლად არის ნაპოვნი კარიელი ჯარისკაცების გრაფიტოები აბუ სიმბელშიც. შესაბამისად, ეგვიპტემ დაიბრუნა ვადი ალაკის მაღაროები, რომლებიც ნუბიური ოქროს ძირითად წყაროს წარმოადგენდა. შესაძლოა ასევე, რომ სწორედ ამ კამპანიის შედეგი იყო ნუბიის დედაქალაქის ნაპატადან სამხრეთით, მეროეში გადატანა. გაუგებარი მიზეზების გამო, ფსამტიხ II-მ თავისი გარნიზონები დააბრუნა ნილოსის პირველ ჭორომამდე. საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის ისევ ელეფანტინაზე გადიოდა, და ტერიტორია ელეფანტინასა და ტაკომპსოს შორის (დოდეკასხოინი) ერთგვარ ნეიტრალურ ტერიტორიად გადაიქცა.

ფსამტიხ II-ის ნუბიური კამპანიის მიზეზი გაურკვეველია. ოფიციალური წყაროების თანახმად, ეს იყო პასუხი ნუბიელთა აჯანყებაზე, მაგრამ ამის დასამტკიცებელი არავითარი მასალა არ არსებობს. კამპანიის შემდეგ მან, სადაც ხელი მიუწვდა, გაანადგურა XXV (ნუბიური) დინასტიის ძეგლები ეგვიპტეში. ფსამტიხი ჩაერია ახლო აღმოსავლეთის საქმეებშიც.

ჩვ.წ.-მდე 598 წ. ნაბუქოდრეზარ II-მ დაიპყრო და გაძარცვა იერუსალიმი, მისი მეფე იეოახიმი კი წაიყვანა ბაბილონში, სადაც მან ტყვეობაში 37 წელი გაატარა. იეოახიმის ადგილზე ნაბუქოდრეზარმა დასვა მისი ბიძა, ზედეკია. ამ ვითარებაში, ეგვიპტე აქეზებდა იერუსალიმს, რომ აჯანყებულიყო. 591 წ. ფსამტიხმა ჩაატარა მშვიდობიანი მარში ბიბლოსამდე, და საზეიმო ვითარებაში იზეიმა ეგვიპტეში დაბრუნება, თითქოს წარმატებული სამხედრო კამპანიიდან დაბრუნებულიყო, მაგრამ ძალის ამ დემონსტრაციამ წაახალისა ზედეკია აჯანყებულიყო ბაბილონის წინააღმდეგ, რაც კატასტროფული აღმოჩნდა იერუსალიმისათვის. ამ კატასტროფის შედეგებმა გავლენა მოახდინა ეგვიპტის საშინაო საქმეებზეც, მაგრამ უკვე ფსამტიხის შვილის, აპრიესის დროს. ფსამტიხმა აშვილებინა თავისი ქალიშვილი, ანხენესნეფერიბრა თავისი ბაბუის, ფსამტიხ I-ის ქალიშვილს ნიტოკრისს, რომელიც ამ დროისათვის უკვე ამონის ცოლის თანამდებობაზე იყო. ანხენესნეფერიბრა მომავალში თვითონ გახდა ამონის ცოლი და ასრულებდა თავის მოვალეობას ეგვიპტის სპარსელების მიერ დაპყრობამდე.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები