ნიტოკრისი
ნიტოკრისი – მანეთონის მიხედვით, ძველი სამეფოს ბოლო ფარაონი, რომელსაც ის ასახელებს, როგორც ულამაზეს ქერა ქალს, რომელმაც 12 წელს იმეფა და გიზეს მესამე პირამიდა (რომელიც რელურად მიკერინის იყო) ააგო. აქ საინტერესოა ის, რომ ნიტოკრისი არის პირველი ქალი, რომელიც დასახელებულია მანეთონის ფარაონების სიაში, როგორც სრულუფლებიანი ფარაონი.
ლეგენდები მის შესახებ ეგვიპტეში მრავალი საუკუნის შემდეგაც არსებობდა, რადგან ჰეროდოტეს თქმით, ქურუმები მას ნიტოკრისის ისტორიას მოუყვნენ. თითქოს მან შური იძია ძმაზე, რომელიც მის წინ მეფობდა და მოკლული იქნა. მართალია, ძმის შემდეგ ტახტზე აიყვანეს, მაგრამ მან ჩაიფიქრა საშინელი შურისძიება: ნიტოკრისმა უზარმაზარი მიწისქვეშა დარბაზი ააგო, სადაც თითქოსდა ნადიმზე დაპატიჟა ყველა, ვინც მისი ძმის მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას, და დარბაზში წყალი შეუშვა ამისათვის სპეციალურად გათხრილი საიდუმლო არხიდან. ამის შემდეგ მან თითქოს თავი მოიკლა. ეს ქალი, რომელსაც ტურინის მეფეთა სიაც ასახელებს მერენრას შემდეგ, როგორც ზემო და ქვემო ეგვპტის ფარაონს, დღეისთვის პირველ ფარაონ-ქალად არის მიჩნეული. პტოლემაიოსების დროს ის გახდა ლეგენდარული როდოფისი, „მესამე პირამიდის“ ლეგენდარული მშენებელი. სამწუხაროდ, მის შესახებ არავითარი არქეოლოგიური მასალა არ არსებობს, და ბევრი მეცნიერის აზრით, ნიტოკრისის ისტორია მხოლოდ ლამაზი ლეგენდაა.