მეროე
მეროე – ნუბიის (კუშის) დედაქალაქი ნაპატას შემდეგ. მდებარეობდა ნაპატასაგან 450 კმ. სამხრეთით, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე. არქეოლოგიური მონაცემებით, ქალაქის ისტორია ჩვ.წ.-მდე VII საუკუნიდან იწყება.
მეროე ნუბიის ყველაზე დიდი დასახლება იყო. კლასიკური ავტორები (დიოდორე, I, 33; სტრაბონი, I, 2), რომლებსაც მეროე თავისი თვალით არ უნახავთ, მას მოიხსენიებენ, როგორც კუნძულს, რაც დღემდე იწვევს გაუგებრობას. სინამდვილეში ქალაქი იდგა ნილოსის მაღალ ნაპირზე, და არა კუნძულზე. კუნძულს წარმოადგენს მეზობელი ბუტანას რეგიონი, ნილოსსა და მის შესართავ ატბარას შორის, რომელსაც მეროეს კუნძულს ეძახიან.
ქალაქის აღმოსავლეთით რელიეფი ტერასებით იწევა უდაბნოს დაბალი გორაკებისაკენ. ამ გორაკების ძირში განლაგებულია ცნობილი მეროეს პირამიდები. პირამიდებს და ქალაქს შორის მდებარეობს მეროეს „არასამეფო“ სასაფლაო. ბევრი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ დააარსეს ნუბიელებმა ქალაქი ასე შორს თავიანთი დედაქალაქისაგან და შემდგომ რატომ გადაიტანეს იქ დედაქალაქი. ზოგიერთის აზრით, ეს უკეთესი კლიმატური პირობებით იყო გამოწვეული, რადგან მეროე ყოველწლიური ზაფხულის წვიმების სარტყელში მდებარეობს და მიწათმოქმედების და მესაქონლეობისათვის ვარგისი მიწების ზოლი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნაპატასთან. თუმცა ეს ადგილი ნაკლებ ხელსაყრელი იყო ეგვიპტესთან ვაჭრობისათვის, ის გაცილებით უფრო მომგებიანი იყო სოფლის მეურნეობისათვის, უფრო ახლოს ცენტრალური და სამხრეთ სუდანის მდიდრული საქონლის წყაროებთან. შესაძლოა ასევე, რომ ქალაქის სამხრეთით დაარსების მიზეზი არა ფიზიკური, არამედ „ადამიანური გეოგრაფიის“ სფეროშია საძებნი.
მსგავსად ყველა დიდი ქალაქისა, მეროეს სიმდიდრის წყარო სავარაუდოდ უფრო ვაჭრობა იყო, ვიდრე ბუნებრივი რესურსები. თავის დროზე ნაპატამ და კავამ მნიშვნელობა მოიპოვეს, როგორც უმნიშვნელოვანესი საქარავნო მარშრუტის (მეჰეილას გზის) ტერმინალურმა პუნქტებმა. მეროე ამ მარშრუტის შემდგომ, უფრო მნიშვნელოვან გაგრძელებას წარმოადგენს. ქალაქი მდებარეობს დიდი საქარავნო გზის ბოლოში, რომელიც კვეთს ბაიუდას სტეპს ისე, რომ გვერდს უვლის ნილოსის მძიმე მეოთხე და მეხუთე ჭორომებს. ამ გზის განვითარებამ მოხსნა ჭორომების პრობლემა და ცენტრალურ სუდანამდე მიაღწია. ასეთ შემთხვევაში მეროე თავის არსებობას ამ გზას უნდა უმადლოდეს, რადგან მარშრუტმა კუშის ჩრდილოეთი და სამხრეთი დააკავშირა, ნაპატა და მეროე კი მისი ორი ტერმინალი იყო.
ზოგიერთი მოსაზრებით, ეგვიპტის ფარაონის, ფსამტიხ II-ის სამხედრო კამპანიის დროს კუშში ჩვ.წ.-მდე VI ს. დასასრულს, ნუბიის მეფის, ასპალტას დროს, ნაპატა ძალიან დაინგრა, რასაც დედაქალაქის ქვეყნის სიღრმეში გადატანა მოჰყვა. ქრონოლოგიურად დედაქალაქის მეროეში გადატანა სწორედ ასპელტას მეფობას ემთხვევა. კუშში, ეგვიპტის მსგავსად, ძალაუფლებას აწონასწორებდა ერთგვარი ძალთა ბალანსი მეფეს და ქურუმებს შორის. ამდენად, შესაძლოა ასევე, რომ კუშიტური მეფეები „გაეცალნენ“ ქურუმებს და მეროე იყო ერთგვარი გეოგრაფიული კომპრომისი ქურუმებს და მეფეებს შორის, რადგან მას შემდეგ, რაც მეროე ქვეყნის საერო დედაქალაქი გახდა, ნაპატამ მრავალი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა ქვეყნის რელიგიური დედაქალაქის სტატუსი. დედაქალაქის მეროეში გადატანის შემდეგ ნუბიის მეფეები მაინც ნაპატაში, ელ-კურუს და ნურის ნეკროპოლისებში იკრძალებოდნენ. ასევე ნაპატაში, ამონის ტაძარში ხდებოდა მეროეს მეფეების „აღიარება“ დიდი ღვთაების მიერ. შემოინახა ნასტასენის, ნაპატას ნეკროპოლისში დაკრძალული უკანასკნელი მეფის წარწერა, სადაც ის გვამცნობს, თუ როგორ „გამოიძახა“ ის ნაპატაში „თავისმა მამამ, ამონმა“. მეროეში მეფის დაკრძალვა (არაკაკამანი, ჩვ.წ.-მდე 295-275) მოხდა ასპელტას მეფობიდან მხოლოდ სამი საუკუნის შემდეგ, ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი მისი, და არა ასპელტას მეფობით ითვლის მეროეს ეპოქის დასაწყისს. სამეფო ნეკროპოლისის მეროეში გადატანა უდავოდ დაკავშირებული იყო ჩვენთვის უცნობ პოლიტიკურ ცვლილებებთან. შესაძლოა, ნაპატას ამონმა დაკარგა თავისი ძალა, რომელმაც ამ დროისათვის მეროეს ამონის ტაძარში გადაინაცვლა. ამავე პერიოდიდან შეიმჩნევა ცვლილებები კულტურაში, და ჩნდება ე.წ. მეროისტული სტილით შესრულებული არტეფაქტები.
დედაქალაქის მეროეში გადატანა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა კუშიტური ცივილიზაციისათვის. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გამოჩენა ეროვნულმა ელემენტებმა „გაეგვიპტელებულ“ ნუბიაში, ასე რომ ლაპარაკი სპეციფიურ „მეროეს“ ცივილიზაციაზე სწორედ ამ დროიდან არის შესაძლებელი. არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ქალაქის დაარსებამდე აქ სოფლის ტიპის დასახლება იყო, და შესაძლოა მეროეს კულტურის ახალი ელემენტები, რომლებიც მომდევნო საუკუნეებში ჩამოყალიბდა, აქ მცხოვრები ხალხის გავლენის შედეგიც იყო.
მეროე ცნობილია ასევე რკინის წარმოებით და პირველი ალფაბეტით, რომელიც აფრიკაში შეიქმნა. ეს 23 ნიშნისაგან შემდგარი დამწერლობა, რომელსაც ეგვიპტური იეროგლიფები დაედო საფუძვლად, უკვე ნუბიურ ენაზე წერისათვის შეიქმნა, რომელიც დღემდე არ არის წაკითხული. მეროეს სამეფოს ჩვ.წ. IV საუკუნის შუახანებში წერტილი დაუსვა აკსუმის მეფემ, რომელმაც მეროე თავისი სამეფოს ნაწილად გადააქცია.