აპრიესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აპრიესი

აპრიესი – XXVI (საისური) დინასტიის მეოთხე ფარაონის (ჩვ.წ.-მდე 589-570 წწ.) ბერძნული სახელი. ეგვიპტური სახელია ხაიბრა ვახიბრა (H -ib-R, Wh-ib-R – „ზეიმობს რას გული, მუდმივია რას გული“). ფსამტიხ II-ის შვილი.

ცნობები მის შესახებ საკმაოდ მწირია. გამეფებისთანავე მოუხდა ჩართულიყო იმ მოვლენებში, რომლებიც ზედეკიას აჯანყებას მოჰყვა. ნაბუქოდრესარ II-მ ალყაში მოაქცია იერუსალიმი, დაიპყრო სიდონი, თუმცა ვერ მოახერხა ტიროსის დაპყრობა, რადგან ქალაქს ზღვიდან აპრიესის გემები ამარაგებდა. მისი მცდელობის შედაგად ნაბუქოდრესარმა მოხსნა იერუსალიმის ალყა, მაგრამ საბოლოოდ ეგვიპტური ჯარები იძულებული იყო უკან დაეხია, და ნაბუქოდრესარმა დაანგრია და სასტიკად გაძარცვა ქალაქი ჩვ.წ.-მდე 573 წ. მან ხელში ჩაიგდო ზედეკია და სამაგალითოდ დასაჯა: აყურებინა თავისი ვაჟიშვილის სიკვდილით დასჯისათვის, შემდეგ კი დააბრმავა და ტუსაღად ბაბილონში წაიყვანა. ამ დროს ეგვიპტური ჯარის დამარცხების გამო ელეფანტინას გარნიზონში აჯანყება დაიწყო. არეულობა ჩააწყნარეს, მაგრამ აპრიესის პრობლემები ამით არ დამთავრებულა. ამასისის საბოლოო დაცემის მიზეზებს დეტალურად აღწერს ჰეროდოტე.

ჩრდილოეთ აფრიკაში, ეგვიპტის დასავლეთით ძალიან სწრაფად ვითარდებოდა ბერძნული სავაჭრო კოლონია კირენი, რასაც თან სდევდა ბერძნების მიერ ლიბიელების მიწების მიტაცება. ლიბიელების ბელადმა, აპრიესის მოკავშირემ, ადიკრანმა დახმარება სთხოვა აპრიესს. პასუხად აპრიესმა ბერძნების წინააღმდეგ ეგვიპტური ჯარი გააგზავნა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ ბერძნული ჯარი თავისი თანამემამულეების წინააღმდეგ ლიბიელების მხარეს იბრძოლებდა. ამ ბრძოლაში ეგვიპტის ჯარმა სასტიკი დამარცხება განიცადა, რასაც ისევ მოჰყვა არეულობა ჯარში, რომელიც გადაიზარდა სამოქალაქო ომში ერთი მხრივ ეგვიპტელ, მეორე მხრივ კი კარიელ და ბერძენ ჯარისკაცებს შორის. ეგვიპტელებს დიდი ხნის მანძილზე აღიზიანებდათ ის პრივილეგიები, რომლებითაც დაქირავებული უცხოელი ჯარისკაცები სარგებლობდნენ. იფეთქა სიძულვილმა აპრიესის მიმართაც. გენერალი ამასისი, რომელიც აპრიესმა ჯარის დასამშვიდებლად გააგზავნა, თავად ჩაუდგა მას სათავეში და დედაქალაქისაკენ დაიძრა. აპრიესი, რომელსაც მხოლოდ ბერძენი მოქირავნეები უჭერდნენ მხარს, იძულებული იყო გაქცეულიყო. შესაძლოა, აპრიესსა და ამასისს შორის მოხდა ორი შებრძოლება. ე.წ. ელეფანტინას სტელის თანახმად, აპრიესი მეორე შეტაკების დროს დაიღუპა, თუმცა, ჰეროდოტეს ცნობით, ის ტყვედ ჩავარდა, ამასისმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნა, მაგრამ იძულებული გახდა, დამორჩილებოდა ხალხის მოთხოვნას და აპრიესი მათთვის გადაეცა. ხალხის მიერ სიკვდილით დასჯილი აპრიესი ამასისმა სათანადო პატივით დაასაფლავა საისში (ჰეროდოტე II, 169). ზოგიერთი ცნობით, აპრიესმა ჯერ თანამმართველად დანიშნა ამასისი, მაგრამ სამი წლის შემდეგ შეაგროვა 30 000 კარიელი და ბერძენი მასთან საბრძოლველად. ამ ვითარებაში ეგვიპტელები მთლიანად ამასისის მხარეს დადგნენ და დაამარცხეს აპრიესის ჯარი. მიუხედავად ასეთი მშფოთვარე მეფობისა, აპრიესი ძალიან ბევრს აშენებდა. გასული საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს აპრიესის გრანდიოზული სასახლე მემფისში. მის მიერ საისში აღმართული ობელისკი ჩვ.წ. III საუკუნეში იმპერატორმა დიოკლეტიანემ გადაიტანა რომში, სადაც დღეს სანტა მარია სოპრა მინერვას ეკლესიის წინ არის აღმართული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები