ლეონტოპოლისი
ლეონტოპოლისი – ლეონტოპოლისს ბერძნები უწოდებდნენ იმ ქალაქებს, სადაც ლომის სახის ღვთაებებს ეთაყვანებოდნენ. ლეონტოპოლისს ხანდახან ეძახდნენ ალექსანდრიას და ბუტოს. ამას გარდა, ცნობილია ორი ქალაქი ამ სახელით:
1. მეთერთმეტე ქვემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი, თანამედროვე თელ ელ-მოკდამთან (ეგვ. „თევზების მიწა“), სადაც ეთაყვანებოდნენ ლომის სახის მქონე ღმერთს მისისს და მის დედას, ბასტეტს. XXIII დინასტიის დროს იყო სატახტო ქალაქი. პირველმა რეზიდენცია აქ პეტუბასტის I-მა გადმოიტანა. შესაძლოა, იყო დელტის სამეფოს დედაქალაქი III გარდამავალი პერიოდის დროს (ჩვ.წ.-მდე 1069-664). დღესა გათხრებს აწარმოებს ბერკლის უნივერსიტეტი. აღმოჩენილი მისისის ტაძარი და დიდი რაოდენობით ლომის სახის ამულეტები
2 ქალაქი ჰელიოპოლისიდან 18 კმ. ჩრდილოეთით, სადაც ეთაყვანებოდნენ შუს და ტეფნუტს, ლომების წყვილის სახით, თანამედროვ თელ ელ-იაჰუდია (ებრაელების ბორცვი). ჩვ.წ.-მდე დაახლ 160 წელს აქ აშენდა იაჰვეს ტაძარი. ტაძარი წარმოადგენდა იერუსალიმის ტაძრის ასლს და იყო ერთადერთი ტაძარი იერუსალიმის გარეთ, სადაც მსხვერპლშეწირვა ხდებოდა. ააგო იერუსალიმის მთავარი ქურუმის, ონიას III-ის შვილმა, ონიას IV-მ, რომელიც მამის (ჩვ.წ.-მდე 170 წ.) ანტიოქიაში მკვლელობის შემდეგ ეგვიპტეში გაიქცა (jewish enciclopedia com-leontopolis). ებრაული წყაროების თანახმად, ნებართვისათვის ონიასმა თხოვნით მიმართა პტოლემაიოს IV ფილომეტორს. თხოვნაში აღნიშნული იყო ისაიას წინასწარმეტყველებაც, რომ ეგვიპტის შუაგულში ღმერთისათვის სამსხვერპლო აღიმართებოდა.
ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას „ონიასის მიწას“ ეძახდნენ. ტაძრის დაარსება ასოცირდება ასევე დიდი ებრაული სამხედრო კოლონიის ჩამოყალიბებასთან, რომელსაც ონიასი ხელმძღვანელობდა. ტაძრის ფუნქციონირების პერიოდში მთელ ნომში სარდლები მხოლოდ ებრაელები იყვნენ. აქვე ხდებოდა ებრაელი ჯარისკაცების დაქირავება ეგვიპტური ჯარისათვის. ებრაული კოლონია წარმატებული იყო დაახლ სამი საუკუნის განმავლობაში, სანამ ვესპასიანემ დაანგრია ტაძარი ებრაული ომის დროს. ებრაული ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით გათხრილია ჰიკსოსების ფორტი, რაც ადგილის სტრატეგიული მდებარეობით აიხსნება. ფორტიდან კონტროლდებოდა სინაიდან მემფისზე მიმავალი გზა და ტრანსპორტის მოძრაობა ნილოსის პელუზიურ ტოტზე. რამესიდების დროს ადგილი უკვე ნანგრევებს წარმოადგენდა, მაგრამ რამსეს III-მ (XX დინასტია) აქ ააგო მოსახსენიებელი ტაძარი, აღწერილი ჰარისის პაპირუსში და ასევე სასახლე, რომლის ულამაზესი, მოხატული ქაშანურის ფილები დღეს ბევრ მუზეუმშია გაბნეული.