ბუტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუტო – ცნობილია ორი ქალაქი ამ სახელით

1. ბუტო ქვემო ეგვიპტის მეექვსე ნომში (ეგვ. სახელებია Pr WBd.t „(ქალღმერთ) უტოს სახლი“, რამესიდების დროიდან და (ძველი სახელი). ითვლება, რომ იყო წინადინასტიური ჩრდილოეთ ეგვიპტის სამეფოს დედაქალაქი, საიდანაც ჩრდილოეთ ეგვიპტის მეფე დელტას მართავდა, თუმცა ბოლო დროის არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით გამოთქვამენ ეჭვს, რომ „ბუტოს სამეფო“ ოდესმე არსებობდა. პოლიტიკური მნიშვნელობა ქალაქმა უკვე ძველი სამეფოს დროს დაკარგა, შუა სამეფოს ტექსტებში საერთოდ არ არის მოხსენიებული, ისევ ჩნდება XVIII დინასტიიდან, პტოლემაიოსების დროს კი „უაჯეტის მიწის ნომის“ დედაქალაქი გახდა.

უძველესი ფენები მეოთხე ათასწლეულით თარიღდება და ნაქადა II-ის პერიოდს შეესაბამება, მაგრამ არტეფაქტები ავლენს, რომ თავდაპირველად ბუტო უფრო ჩრდილო ეგვიპტის (მაადის ტიპის) კულტურას ეკუთვნოდა, რომელსაც დღეს მაადი-ბუტოს კულტურის სახელით მოიხსენიებენ. მდებარეობდა ნილოსის დელტის სებენიტოსის ტოტთან, თითქმის დელტის წვერთან, ბუტოს ტბის სამხრეთ ნაპირზე.

ინგლისელმა არქეოლოგმა ფ. პეტრიმ 1888 წ. პირველმა დაადგინა, რომ სამი ბორცვი თანამედროვე თელ ელ-ფარაუნთან გვერდიგვერდ მდებარე უძველესი ქალაქების პეს და დეპის ნაქალაქარს წარმოადგენდა. პირამიდების ტექსტებში მოხსენიებული არიან ქვემო (ჩრდილოეთ) ეგვიპტის მეფეები, „რომლებიც იყვნენ პეში“. დინასტიურ ეგვიპტეში ისინი გაღმერთებული იყვნენ, როგორც „ბუტოს სულები“ და შევარდნის თავიანი ადამიანების სახით გამოისახებოდნენ. პეში ეთაყვანებოდნენ ხორს, დეპში – გველის სახის ქალღმერთს, უაჯეტს, რომელიც ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე ჩრდილოეთ ეგვიპტის სიმბოლო იყო. სამხრეთის ქალღმერთთან, ნეხბეტთან ერთად მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ფარაონის ტიტულატურაში და სამეფო გვირგვინზე, სადაც ორივე ქალღმერთის თავის გამოსახულებები თავსდებოდა. თანდათან პე და დეპი გაერთიანდა და ქალაქს პერ-უაჯეტი დაერქვა, საიდანაც ბერძნული ბუტო წარმოიშვა. ოსირისის მითის თანახმად, ისიდამ ჩვილი ხორი ბუტოსთან დამალა. სპარსელების ბატონობის დროსაც კი ბუტოს ტაძარი უზარმაზარ მიწებს ფლობდა, რომლებსაც „უაჯეტის მიწა“ ერქვა. ჰეროდოტე აღწერს ბუტოს გრანდიოზულ, ულამაზეს ტაძარს, განთქმულს თავისი ორაკულით. მისივე ცნობით, ბუტოში იყო ასევე ტაძარი, მიძღვნილი ხორისა და ბასტეტისადმი. დასახლებული იყო ბუტო რომაულ დროშიც.

გათხრები ბუტოში მხოლოდ გასული საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. 60-იან წლებში გაითხარა გვიანდელი, ელინისტური და რომაული პერიოდების ფენები. 80-იან წლებში, ურთულეს პირობებში დაიწყო წინადინასტიური ფენების გათხრა, რომლებიც გრუნტის წყლების დონეზე დაბლა მდებარეობს. ბუტოს უძველესი ფენა ნაქადა I-ის კულტურის თანადროულია და მაადის კულტურის ნაწილს წარმოადგენს. აქ აღმოჩენილი ურუკის ტიპის (მესოპოტამია) მოსაპირკეთებელი „თიხის ლურსმნებიანი“ აგურის (ე.წ. „Grubbenkopfnagel“) და სირიული და ქანაანური ტიპის კერამიკის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ დელტის მოსახლეობას უკვე იმ დროში ჰქონდა კავშირი მესოპოტამიასა და აღმოსავლეთ აზიასთან. სამხრეთული, ნაქადას კულტურის ჩრდილოეთისაკენ გავრცელების შედეგად ბუტოშიც ადგილობრივი კულტურული ფენის თავზე ნაქადა I და II-ის ფენებია ნაპოვნი. მათ თავზე აღმოჩენილია დიდი აგურის ნაგებობა, რომელიც სავარაუდოდ ტაძარს წარმოადგენდა. დინასტიურ პერიოდში ბუტო არ თამაშობდა არავითარ პოლიტიკურ როლს, მაგრამ მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრის მნიშვნელობა ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე შეინარჩუნა.

2. ბუტო მეცხრამეტე ქვემოეგვიპტურ ნომში, ეგვ. იმეტი, მდებარეობდა ტანისის სამხრეთ აღმოსავლეთით. ძველად იყო ნომის დედაქალაქი. გამოიწერებოდა დეტერმინატივით, რომელიც წარმოადგენდა ბავშვს ქვემო ეგვიპტის გვირგვინით თავზე, რომელიც მალე ახალგაზრდა ხორთან გაიგივდა. ქალღმერთს, რომელიც მის დედად იყო წარმოდგენილი, ეძახდნენ „მას, ვინც იმეტიდანაა“. „იმეტელი ქალღმერთი“ ძალიან ადრეულ პერიოდში შეერწყა უაჯეტს. შემორჩენილია XIX დინასტიის ტაძრის ნანგრევები, ასევე ამასისის მიერ უაჯეტისადმი მიძღვნილი ტაძარი.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები