ნაქადა (კულტურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაქადა – წინადინასტიური კულტურა, რომელიც ქრონოლოგიურად ბადარიული კულტურის შემდეგ ფაზას წარმოადგენს. სახელი მომდინარეობს თანამედროვე დასახლებიდან, რომლის სიახლოვეს ამ კულტურის ყველაზე დიდი დასახლება იქნა აღმოჩენილი.

ნაქადას კულტურასთან დაკავშირებულია ეგვიპტური სახელმწიფოს შექმნა. კულტურა სამ ფაზას მოიცავს (ნაქადა I, II და III). ნაქადა I (იგივე ამრატიული, დაახლ 3800 წწ. ჩვ.წ.-მდე) პერიოდის კულტურა იმდენად მსგავსია ბადარიულის, რომ სავარაუდოდ ბადარიულის შემდგომ, უფრო განვითარებულ ფაზად არის მიჩნეული. მიცვალებულები ასევე სამხრეთი ორიენტაციით არიან დაკრძალული ოვალური ფორმის სამარხებში, დასავლეთით მიმართული სახეებით. წვანან ფარდაგებზე, თავები ტყავის ან თივის ბალიშზე აქვთ მოთავსებული და გადაფარებული აქვთ ტყავის (გაზელის ან თხის) საფარი.

სარჩევი

ნაქადა I

მოგვიანებით ჩნდება უფრო მოზრდილი და უფრო ძვირფასად მორთული სამაროვნები, ხის და თიხის კუბოებით. სიდიდით (დაახლ. 2.5მ.×1.8მ.), ოთხკუთხედი ფორმით და მდიდრული მორთულობით გამოირჩევა ნაქადა I-ის სამაროვნები ჰიერაკონპოლისში. ისინი განსაკუთრებით განსხვავდებიან ბადარიული სამაროვნებისაგან სამარხში მოთავსებული ნივთების მრავალფეროვნებით. აქ ასევე ძალიან საგრძნობია სოციალური დივერსიფიკაცია. ორ სამარხში ნაპოვნია პორფირის გურზი, რომელიც აშკარად ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენს. ამ დროისათვის ნაკლები სიხშირით გვხვდება შავ კიდეებიანი და ტალღოვან ზედაპირიანი კერამიკა, სამაგიეროდ, საოცარ განვითარებას განიცდის ახალი, პრიალა ზედაპირიანი წითელი, თეთრად მოხატული კერამიკა, ძირითადად გეომეტრიული, ცხოველური და მცენარეული მოტივებით. ჩნდება გემების ნახატებიც, რომლებიც უკვე ლაიტმოტივს წარმოადგენს ნაქადა II-ის დროს. ბადარიულთან შედარებით, მრავლდება ადამიანების ფიგურები ორი ძირითადი მოტივით გამარჯვებული მეომარი და მონადირე.

ნაქადა II

ნაქადა II-ის (იგივე გერზეული, დაახლ. 3600-3300 ჩვ.წ.-მდე) სამაროვნები თითქმის არ განსხვავდება ნაქადა I-ის სამაროვნებისაგან, მაგრამ კერამიკაზე დომინირებს გემის მოტივი. აშკარაა, რომ გემი უკვე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ისეთი ეგზოტიკური საქონლის მოპოვებაში, როგორიცაა სპილოს ძვალი, ოქრო, ებენის ხე, საკმეველი, არომატული ზეთები და ძვირფასი ტყავები. ეს ყველაფერი მოედინებოდა ძირითადად ელიტისათვის, რომელიც უკვე გამოიკვეთა, როგორც ცალკე ფენა. საოცრად დაიხვეწა ქვის დამუშავების ტექნიკა. ალებასტრი, მარმარილო, ბაზალტი, დიორიტი და სხვ., როგორც ჩანს, მოიპოვებოდა და მუშავდებოდა ნილოსის დაბლობის მთელ გაყოლებაზე. აშკარაა, რომ ნაქადა II-ის დროს უკვე არსებობდა ხელოსნების ფენა, რომელიც ელიტარულ ფენას ემსახურებოდა, რაც თავისთავად ეკონომიკის განვითარებაზე მეტყველებს. დაფიქსირებულია სამი დიდი ქალაქი: ნაქადა (ეგვ. wb.t, – „ოქროს ქალაქი“), ჰიერაკონპოლისი და აბიდოსი. პეტრიმ და ქვიბელმა ნაქადაში აღმოაჩინეს ორი საცხოვრებელი უბანი – ე.წ. „სამხრეთის“ და „ჩრდილოეთის ქალაქი“. სამხრეთის ქალაქში აღმოჩენილია ოთხკუთხედი, 50მ.x30მ. ზომის აგურის ნაგებობა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო მეფის სასახლე ან ტაძარი. ნაქადა II-ის საცხოვრებელი სახლები ცნობილია ტერაკოტის მოდელებით, რომლებიც სამარხებშია ნაპოვნი. ამ დროს ეგვიპტელებმა დაიწყეს აგურის სახლების აგება, აგურის ღობეებით.

ნაქადა III

ნაქადა III (იგივე სემაინური, დაახლ. 3200-3000 წწ. ჩვ.წ.-მდე) წინადინასტიური ეგვიპტის ბოლო ფაზაა. ამ დროს ხდება ქვეყნის პოლიტიკური კონსოლიდაცია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის გაერთიანებას და ადრედინასტიური ეგვიპტის (I-II დინასტიები) ძირითად პოლიტიკურ ორიენტაციას. ნაქადა III-ის ბოლო ფაზის მეფეების სამარხები, რომლებსაც დღეს მოიხსენიებენ, როგორც ნულოვან დინასტიას, აბიდოსში, I დინასტიის მეფეების სასაფლაოს სიახლოვესაა აღმოჩენილი. პალერმოს ქვაზე I დინასტიის მეფეების ზემოთ, დაზიანებულ განყოფილებაში მოთავსებული დამჯდარი მეფეების გამოსახულებები და მათი სახელები მიგვანიშნებს, რომ ეგვიპტელებმა იცოდნენ „მენესამდელი“ მეფეების შესახებ. მაგრამ დღეს არ არის ნათელი, თუ რა გზით და როდის მოხდა ეგვიპტის გაერთიანება. ბუნდოვანია ასევე ნულოვანი დინასტიის წარმოშობის საკითხი.

ნაქადა II-ის დასასრულს და შემდგომ სამარხები ზემო ეგვიპტეში (მაგრამ არა ქვემო ეგვიპტეში) ძალიან დიფერენცირებულია სიმდიდრის თვალსაზრისით. ელიტარულ სამარხებში გვხვდება დიდი რაოდენობის და ძალიან მრავალფეროვანი ნივთები, ხშირად ოქრო და ლილაქვა, რაც უდავოდ მიუთითებს იერარქიული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. როგორც ჩანს, ხდება ეგზოტიკურ ნედლეულზე კონტროლის კონცენტრირება წინადინასტიური ცენტრების ბელადების ხელში. იმავდროულად, თუმცა ნაქადას კულტურის ძირითად ბირთვს სამხრეთი წარმოადგენდა, უკვე ნაქადა II-ის დროს იწყება მისი გავრცელება ჩრდილოეთში. ნაქადა II-ის სასაფლაო აღმოჩენილია ელ გერზასთან ფაიუმის რეგიონში (სადაც ალბათ პირველად მოხდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ეგვიპტის კულტურების შეხვედრა), და უფრო ჩრდილოეთით, მინშატ აბუ ომართან დელტაში, რაც მიუთითებს ნაქადას კულტურის თანდათან გავრცელებაზე ჩრდილოეთის მიმართულებით. ამ პერიოდის ნაქადას კულტურის ნიშნები ნაპოვნია ეგვიპტის გარეთაც, ჩრდილოეთ ნუბიაში, მაგრამ ეს უფრო სავაჭრო ურთიერთობებს მიეწერება. შესაძლოა, ჩრდილოეთისაკენ მიგრაცია თავდაპირველად გამოწვეული იყო სავაჭრო იტერესებით და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან მომგებიან ვაჭრობაზე კონტროლის დამყარების სურვილით. დიდი სტიმული იყო ასევე ლევანტთან (ლიბანთან ვაჭრობა, საიდანაც ეგვიპტეს შემოჰქონდა კედარი გემების ასაგებად – მასალა, რომელიც ეგვიპტეში არ იყო და სასიცოცხლოდ საჭირო იყო ამ ნილოსზე მიბმული ქვეყნისათვის. მაადის კულტურული ფენა მიგვანიშნებს, რომ ჩრდილოეთში არ იყო კულტურული ვაკუუმი, და შესაძლოა ნაქადას კულტურის მატარებლებს დახვდათ რაღაც წინააღმდეგობა, მაგრამ არქეოლოგიური მასალა ამჟღავნებს მაადის კულტურის მხოლოდ თანდათანობით, მშვიდობიან შეცვლას ნაქადას კულტურით მაადის კულტურული ფენის ზემოთ, თუმცა არ ჩანს ბრძოლების ნიშნები, ნაქადა II-ის და შემდეგ ნაქადა III-ის ფენებია გათხრილი.

ჩრდილოეთის კულტურა თანდათან გაქრა და მისი ადგილი სამხრეთულმა დაიკავა. თვითონ მაადიში, ადგილობრივი კულტურული ფენა ნაქადა III-ის შუა ფაზაში ქრება. თუ გავითვალისწინებთ ნაქადა II-ის დასასრულისათვის ელიტარული სამარხების არსებობას სამ ძირითად ცენტრში (ნაქადაში, აბიდოსში და ჰიერაკონპოლისში), შესაძლებელია დავუშვათ, რომ სამხრეთში ამ დროისათვის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და ალბათ ძალაუფლებისათვის მოქიშპე რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება არსებობდა. ასევე შესაძლებელია, რომ ბრძოლებით და მოლაპარაკებებით ნაქადა III-ის დასაწყისში რომელიმე მათგანმა მოახერხა მთელ სამხრეთზე გაბატონება, რასაც ნაქადა III-ის დასასრულისათვის სამხრეთის და ჩრდილოეთის გაერთიანება და ნულოვანი დინასტიის წარმოშობა მოჰყვა. ნაქადა III-ის დროს ქ. ნაქადას ელიტარული სამარხების საოცარი გაღარიბება ნაქადა II-თან შედარებით და იმავდროულად ნულოვანი, შემდეგ კი პირველი დინასტიის ფარაონების სამარხების აღმოჩენა აბიდოსში, ალბათ მიუთითებს ძალაუფლების აქ კონცენტრირებაზე. ყურადსაღებია აგრეთვე, რომ ადრედინასტიური პერიოდის დროს ქ. ნაქადა არავითარ როლს არ თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაშინ, როცა აბიდოსს უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა გარდაცვლილი ფარაონის კულტში, ჰიერაკონპოლისი კი იყო უმნიშვნელოვანესი ცენტრი, ასოცირებული ხორთან – ცოცხალი მეფის სიმბოლოსთან). ამდენად შესაძლოა, რომ აბიდოსის მმართველებმა მოიპოვეს ძალაუფლება მთელ ეგვიპტეზე, მაგრამ მათ იმავდროულად ჰქონდათ რაღაც შეთანხმება ჰიერაკონპოლისის „ხორის მიმდევრებთან“, რადგან ჰიერაკონპოლისი მდებარეობდა სამხრეთის გზაზე, საიდანაც უმნიშვნელოვანესი ნედლეული მოედინებოდა და იმ დროისათვის ხორის თაყვანისცემის მთავარი ადგილი იყო. თუმცა არქეოლოგიური მასალა არ ავლენს ბრძოლის ნიშნებს ქვეყნის საბოლოო გაერთიანებისათვის, ალბათ მაინც უნდა დავუშვათ, რომ მთელ ქვეყანაზე პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას თან ახლდა ბრძოლები ჩრდილოეთში. მაგრამ თუ ადრე ეგონათ, რომ წინადინასტიური კულტურული მემკვიდრეობის მიუხედავად, ეგვიპტური სახელმწიფო „უეცრად“, უცხო რასის შემოჭრის შედეგად წარმოიშვა, გათხრებმა გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან დღემდე აჩვენა, რომ უცხოური კონტაქტების მიუხედავად, უკვე მეოთხე ათასწლეულის დასასრულისათვის, ეგვიპტური სახელმწიფოს შექმნა ადგილობრივი კულტურების ეტაპობრივი განვითარების შედეგს წარმოადგენს. უნიკალური ეგვიპტეში იყო ის, რომ განსხვავებით სხვა თანადროული ცივილიზაციებისაგან (ნუბიის, მესოპოტამიის, სირია-პალესტინის) მოხდა ქვეყნის მთელი ტერიტორიის გაერთიანება ერთი ცენტრალური ხელისუფლების ქვეშ, რომელსაც, როგორც ჩანს, უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებული ბიუროკრატიული აპარატი და საგადასახადო სისტემა ჰქონდა. იმდროინდელ სახელმწიფო საქონელზე მოთავსებული წარწერებიანი იარლიყებიდან ჩანს, რომ სახელმწიფოს მართვის სისტემაში აქტიურად ხდებოდა ახლად წარმოქმნილი დამწერლობის გამოყენება.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები