ბადარიული კულტურა
ბადარიული კულტურა – უძველესი სოფლის მეურნეობის მქონე კულტურა ზემო ეგვიპტეში. აღმოაჩინეს გასული საუკუნის ოციან წლებში გ. ბრანტონმა და გ. კატონ-ტომსონმა. ბადარიული კულტურის ფენები გათხრილია ელ-მატმარსა და ელ-ელმანიეს შორის ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე. ამას გარდა, ბადარიული დასახლებები ნაპოვნია ელ-მატმართან, ელ-მოსტაგედასთან, ელ-ბადარისთან, არმანტში, ჰიერაკონპოლისში და ვადი ჰამამატში. გათხრილია ასევე სტრატიფიცირებული ბადარიული დასახლება ელ ჰამამიასთან.
შესაძლოა, ბადარიული კულტურა უკვე არსებობდა ჩვ.წ.-მდე 5000 წ., თუმცა 4400-4000 წწ. უფრო დანამდვილებით არის დასახელებული. მიცვალებულებს ბადარიელები ასაფლავებდნენ დასახლებების გარეთ, უდაბნოში, მოხრილ მდგომარეობაში, თავით სამხრეთით, დასავლეთისაკენ მიტრიალებული სახეებით, აფარებდნენ მოწნულ ან ტყავის გადასაფარებლებს. სამარხში ატანდნენ საკვებს, ქვის კოსმეტიკურ პალეტებს, სპილოს ძვლის კოვზებს და მცირე ზომის ჭურჭელს, სავარცხლებს, ასევე თიხის ან სპილოს ძვლის ფიგურებს. სამარხები სხვადასხვა ზომისაა, მაგრამ სოციალური დიფერენცირება არ იგრძნობა.
ბადარიელების ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზე და მეცხოველეობაზე იყო დამყარებული. მარცვლეული კულტურები, რომლებიც სავარაუდოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან იქნა შემოტანილი, ძალიან კარგად მოერგო ნილოსის დაბლობს და გახდა არა მარტო ბადარიული კულტურის ეკონომიკის, არამედ იმ დიდი ეკონომიკური პოტენციალის საფუძველი, რომელმაც ეგვიპტე გაერთიანებამდე მიიყვანა და ისტორიული ეგვიპტის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა. ბადარიელები ზრდიდნენ ხორბალს, ქერს, სელს, ქსოვდნენ ტილოს ქსოვილებს და ჰყავდათ მოშინაურებული ცხვარი, თხა და მსხვილფეხა საქონელი. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მეთევზეობასაც. ბადარიულ ფენებში ნაპოვნი ისრის თავები, ნაჯახები, ნამგლები და სხვ. ქვის იარაღის წარმოების საკმაოდ მაღალ განვითარებაზე მეტყველებს.
ბადარიელები ხმარობდნენ ძვლის და სპილოს ძვლის სამკაულებს და სავარცხლებს. მცირე რაოდენობით ნაპოვნია ჩაქუჩით დამუშავებული სპილენძი. ბადარიული კერამიკა დამზადებულია მეთუნის ბორბლის გარეშე, გამომწვარია ღუმელში, არის სპეციფიური წითელი ფერის, კიდეების ირგვლივ შავი ზოლით. ბადარიული კერამიკისთვის დამახასიათებელია ე.წ. „ტალღოვანი“ ზედაპირი. თიხის ჭურჭელი თითქოს „დავარცხნილი“ იყო გამოწვის წინ. კერამიკა დეკორირებული იყო მარტივი მცენარეული დიზაინით ან გეომეტრიული ფიგურებით. განსაკუთრებით ბევრია ნაპოვნი მძივები, სარდიონის, ალებასტრის, ეშმის, სპილოს ძვლის, ასევე სპილენძის და სტეატიტის. სპილოს ძვლისაგან ამზადებდნენ ასევე სამაჯურებს, ცილინდრული ფორმის ჭურჭელს კოსმეტიკისათვის, კოვზებს ცხოველების ფორმის ტარებით და ბადარიული კულტურისათვის დამახასიათებელ გრძელკბილებიან სავარცხლებს სტილიზებული ცხოველების გამოსახულებებით. ჩნდება ასევე თიხის და სპილოს ძვლისაგან დამზადებული ადამიანის ფიგურები. ნაპოვნია ასევე საკუთარ სამარხებში დასაფლავებული ანტილოპები, ცხვრები და ძაღლები, მაგრამ მათ საფლავებში არავითარი ნივთები არ არის ჩაყოლებული.
ცხოვრობდნენ ბადარიელები პატარა, სოფლის ტიპის დასახლებებში, მსუბუქ საცხოვრისებში. ნაპოვნია საქონლის სადგომებიც.