მაადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაადი – ადგილი ჩრდილოეთ ეგვიპტეში, კაიროს სამხრეთით, სადაც აღმოჩენილი იქნა ჩრდილოეთ ეგვიპტის წინადინასტიური კულტურული ფენა, რომელსაც დღეს მაადის კულტურას ეძახიან. მაადის გარდა, ამ კულტურული ფენის ნიშნები ნაპოვნია ბუტოში, თელ იბრაჰიმ ავადში, თელ ელ-რუბენთან, თელ ელ-ფახრასთან და ფაიუმთან.

ქრონოლოგიურად მაადის კულტურა დაახლოებით ბადარიულის დასასრულს ემთხვევა და ნაქადა II-ის პერიოდით თარიღდება (4000-3300/3200 ჩვ.წ.-მდე). ცნობები მაადის დასახლებებზე და მათ ხასიათზე, დელტის ჭაობიანი ნიადაგის გამო, უკიდურესად მწირია. აღმოჩენილია ორი ტიპის სახლები: ოვალური ან მრგვალი ფორმის, მიწაში ჩარჭობილ ჭოკებს შორის მანძილები თიხით შელესილი მოწნული კედლებით იყო შევსებული. კერა სახლის შიგნით იყო. უფრო გვიანი სახლები ისეთივე კონსტრუქციისაა, მაგრამ ოთხკუთხედ ფორმას იღებს.

მაადის სამაროვნები, განსხვავებით ნაქადას სამაროვნებისაგან, ძალიან ღარიბია და არ იძლევა საზოგადოების ფენებად დაყოფის წარმოდგენის საშუალებას. ნაპოვნია ასევე ძაღლების და გაზელების სამარხები. ნადირობა უკვე ნაკლებ მნიშვნელოვანია. საკმაოდ განვითარებული სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის გარდა, იგრძნობა სპეციალიზაცია ხელოსნობაში, რასაც მოწმობს დახვეწილი ქვის იარაღი და ბაზალტის ლარნაკები. მაადიში ნაპოვნია სპილენძის ნაჯახები და ამდენად, ეს უძველესი კულტურაა ჩრდილოეთ ეგვიპტეში, სადაც ნაპოვნია მეტალი. მაადიში ნაპოვნია დიდი რაოდენობით ადრებრინჯაოს ხანის კერამიკა პალესტინიდან, რაც მიუთითებს მაადის მოსახლეობის კავშირზე სინაის ნახევარკუნძულსა და დასავლეთ აზიასთან. ნაქადას კულტურის გავრცელებასთან ერთად მაადის კულტურა თანდათან ქრება. ნაქადა I-ის დასასრულის და მაადის კულტურის არტეფაქტების აღმოჩენამ ფაიუმის რეგიონში დასაშვები გახადა ვარაუდი, რომ სწორედ აქ მოხდა პირველად სამხრეთ და ჩრდილოეთ ეგვიპტური კულტურების შეხვედრა. ამის შემდეგ ნაქადას კულტურა თანდათან ვრცელდება ჩრდილოეთით და მაადის კულტურა ქრება, მისი ფენის ზემოთ კი მხოლოდ ნაქადა II-ის დასასრულის და ნაქადა III-ის ფენებია ნაპოვნი.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები