ბაზალტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაზალტი

ბაზალტი − (ლათ. basaltes, basanites < ბერძ. basanos სასინჯი ქვა, რკინისშემცველი ქვა) – ფართოდ გავრცელებული კაინოტიპური (საღი) შავი (მონაცისფრო, მომწვანო) ფერის ფუძევულკანური ქანი.

ძირითადი კომპონენტია სილიციუმის დიოქსიდი – SiO2.
დნობის ტემპერატურა – 1150-1350°C; სიმკვრივე 2,6-3,1 გ/სმ3;
ფორიანობა – 0,5-1,5%;
წყალშთანთქმა – 0,2-0,4% წონის მიხედვით, 0,5-1,1 მოცულობის მიხედვით;
სიმტკიცე კუმშვაზე – 264-320 მპა (მშრალი ბაზალტის), 250 მპა (სველი ბაზალტის), 180-270 მპა მდნარი ბაზალტის;
დროებითი წინაღობა გაგლეჯაზე მდნარი ბაზალტის – 45-52 მპა.

მედეგია მჟავების და ტუტეების მიმართ. ჩვეულებრივ ბაზალტი ამა თუ იმ რაოდენობით გვხვდება ვულკანური მინა. ბაზალტი მინით მდიდარ სახესხვაობას ჰიალობაზალტი ეწოდება, ხოლო სრულკრისტალურს და რამდენადმე მსხვილმარცვლოვანს – დოლერიტი. ბაზალტი ადვილად ლღვება. ლღობილ ბაზალტს იყენებენ მჟავაგამძლე ქიმიური აპარატურის, მილების, ძლიერი დენის ელექტროიზოლატორების დამზადებისათვის და სხვ. ნორმალური რიგის ბაზალტში ორ ტიპს გამოყოფენ: ოლივიანიანს და უოლივინოს, ანუ ტოლეიტურს.

ბაზალტი კარგი საშენი მასალაა. იყენებენ ღორღისა და საცალო (ბორდიურის) ქვის დასამზადებლად, იატაკის ფილებად, საავტომობილო გზების საფარად, რკინიგზების ბალასტად, სადრენაჟო სამუშაოებში, ასევე ნაგებობათა მოსაპირკეთებლად და მონუმენტების გამოსათლელად; მკვრივია, კარგად იხეხება, რის გამო მას ძველი დროიდან (ეგვიპტე, ასურეთი, გვიანდელი რომი, ბიზანტია) იყენებდნენ ქანდაკებებისთვის.

საქართველოში საშენ ქვად ბაზალტს ძველთაგანვე ხმარობდნენ (ბრინჯაოს ხანის მეგალითური ნაგებობანი). შუა საუკუნეების ქართლში, მესხეთ-ჯავახეთში ძირითადი საშენი ქვა ბაზალტი იყო. ბაზალტითაა აგებული სამშვილდისა და დმანისის ციხესიმაგრეები, მანგლისის ტაძარი, რუისის, წუნდის, აბელიის ეკლესიები, თირის მონასტერი, ნადარბაზევის კომპლექსი და სხვ. მისგან ამზადებდნენ ეკლესიათა და სხვა ნაგებობათა სახურავის ფილებს.

საქართველოში გავრცელებული შედარებით ძველი (იურული, ცარცული, პალეოგენური) მადნები (ბაზალტური პორფირიტები) ცნობილია მთიან აფხაზეთში, სამეგრელოში, ლეჩხუმ-იმერეთსა და აჭარა-გურიაში; ახალგაზრდა ბაზალტი (ზედამესამეულ-მეოთხეული) გვხვდება სამხრეთ საქართველოში ასპინძა-ახალქალაქის, ნინოწმინდა-წალკისა და დმანის-თეთრი წყაროს რაიონებში. ბაზალტისაგან მიიღება საწარმოო ტექნოლოგიური საქსოვი ბოჭკო, უნიკალური ძაფი, რომელიც კარგი კარგი მდგრადობით გამოირჩევა. მისგან შეიძლება დამზადდეს კოროზიამედეგი არმატურა, ნებისმიერი სახის მილი, შიფერი, კრამიტი, მატარებლის ხუნდები, შვერილები და სხვ.

სამუშაოები ბაზალტის ბოჭკოს მისაღებად პირველად დაიწყო აშშ-ში 1923 წელს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაგრძელდა აშშ-სი, ევროპასა და რუსეთის ფედერაციაში და უკავშირდებოდა სამხედრო და კოსმოსურ მიზნებს. ბაზალტის უწყვეტი ძაფის ინდუსტრიული წარმოება განხორციელდა უკრაინაში 1985 წელს. ამ მიზნით 2000 წელს დაფუძნდა უკრაინულ-იაპონური გაერთიანება. ამჟამად ბაზალტის ბოჭკოს წარმოების კვლევითი პროგრამები მუშაობს აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში.

სილიციუმის დიოქსიდის შემცველობის მიხედვით არსებობს ბაზალტის სამი ჯგუფი: ძირითადი, ნეიტრალური და მჟავე. ძირითადს მიეკუთვნება ოლივინური მელილტიტი, მელილტიტი, ოლივინური ნეფელინიტი, ნეფელინიტი, ლიმბურგიტი და ავგიტიტი, რომლებიც დნობის პროცესში ხასიათდებიან მინისებრი ფაზის არსებობით. ქიმიური შედგენილობით ამ ჯგუფს მიეკუთვნება ბაზალტის ქანები, რომელთა შემადგენობაში დიოქსიდის შემცველობა <42%-ზე. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში შედის აგრეთვე პლანეტა მთვარიდან ჩამოტანილი ბაზალტის ქვის ნიმუშები, რომელთა შედგენილობაშია 40-42% SiO2. ნეიტრალურში შედის ბაზალტი SiO2-ის შემცველობით 43-46%: ბაზანიტი, ლეიციტიტი და ოლივინური ლეიციტიტი. მათ შემცველობაშია ასევე მინდვრის შპატი. მჟავე ბაზალტების ჯგუფს მიეკუთვნება ჩვეულებრივი, ოლივინური ბაზალტები და ტეფრიტები (>56% SiO2).

ბაზალტის ქიმიური შედგენილობა მოცემულია ცხრილში

ბაზალტში შემავალი ჟანგეულები შემცველობა, %
1 SiO2 47-52
2 TiO2 1-2,5
3 Al2O3 14-18
4 Fe2O3 2-5
5 FeO 6-10
6 MnO 0,1-0,2
7 MgO 5-7
8 CaO 6-12
9 Na2O 1,5-3
10 K2O 0,1-1,5
11 P2O5 0,2-0,5


წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები