აღორძინება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რენესანსი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღორძინება, რენესანსი, რისორჯიმენტო – საშუალო საუკუნეებიდან ახალ დროზე გადასვლის პერიოდში (XV –- XVII ს.ს.) დასავლეთი და ცენტრალური ევროპის კულტურის აღორძინებისა და აყვავების ეპოქა, რომელიც ცნობილია რენესანსის სახელწოდებით.

რენესანსს ნიადაგი შეუმზადა დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, მსოფლიო ვაჭრობის ჩასახვამ, მეფის ძალაუფლების გამარჯვებამ, ეროვნული სახელმწიფოს შექმნამ, კაპიტალიზმის ჩასახვამ ფეოდალიზმის წიაღში, საბუნებისმეტყველო მეცნიერების წარმოშობამ, წიგნის ბეჭდვამ, წვრილი ხელოსნობიდან მანუფაქტურაზე გადასვლამ. ეს ხანა გამოირჩეოდა აზრის თავისუფლებით, ინტერესით მეცნიერებისა და ხელოვნების მიმართ, ეტრფოდა ანტიკური ხანის ფილოსოფიურ ნააზრევს და ხელოვნების ნიმუშებს. ამ ახალი კულტურის უმთავრესი ნიშანი იყო ადამიანის რეალური ცხოვრების წარმოსახვა და ჰუმანიზმი. მისი უმთავრესი წარმომადგენლებია: ბოკაჩო, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ტიციანი...

აღორძინების ეპოქის ფერწერაში ისტორიული, მითოლოგიური, რელიგიური სიუჟეტებისა და კომპოზიციების გვერდით დიდი ადგილი დაიჭირა პორტრეტმა და პეიზაჟმა. ხელოვნების ყველა დარგში ახალ შინაარსთან ერთად განვითარდა ახალი ჟანრები და ფორმები, მხატვრული გამოსახვის ახალი საშუალებანი, შესუსტდა შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ალეგორიზმი, ჩამოყალიბდა რეალიზმი.

რენესანსი თეატრალურ ხელოვნებაში

რენესანსის ეპოქაში შეიქმნა მაღალი ჰუმანიზმისა და სრულყოფილი მხატვრული ფორმების თეატრალური კულტურა. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ანტიკური დრამის ნიმუშებზე და დრამის თეორიაზე (არისტოტელე, ჰორაციუსი), თეატრის არქიტექტურაზე (ვიტრუვიუსი). თეატრი გამორჩეულ სიმაღლეზე ავიდა იტალიაში, ესპანეთში, ინგლისში. იტალიაში აღორძინდა ძველრომაელი ატელანების ხელოვნება კომედია დელ’არტეს სახით. ამ ეპოქის სულისკვეთება და მხატვრული პრინციპები ყველაზე თვალსაჩინოდ აისახა შექსპირის, მარლოს, ლოპე დე ვეგას, კალდერონის და ბევრი სხვა მეტ-ნაკლებად გამორჩეული დრამატურგი შემოქმედებაში. მათი ხედვა ხასითდებოდა ცხოვრებისეული მოვლენების ღრმა წვდომით, უდიდესი ჰუმანიზმით, მხატვრული სახეების არსის განჭვრეტით. დრამატული კონფლიქტები აგებული იყო რეალურად არსებული პრობლემატიკის ირგვლივ, ყურადღება წარმართული იყო ადამიანის სულიერი ცხოვრებისაკენ, ზოგადადამიანური ფასეულობებისაკენ. ამ პერიოდის სამსახიობო ხელოვნება გამოირჩეოდა ეპიკური მასშტაბით, მგზნებარებით შინაგანი ენერგიით, მხატვრულისა და რეალურის დამაჯერებელი შერწყმით. მუსიკა, სიმღერა, ცეკვა – ორგანულად იყო ჩაწნული დრამატულ ქმედებაში. ამ ხანებში შეიქმნა პირველი პროფესიული დასები მაყურებელთა ყველა ფენისათვის. ეს იყო მოხეტიალე მსახიობთა პატარა ჯგუფები, ამხანაგობის ტიპის თეატრალური დაწესებულებები (მაგ. შექსპირის „გლობუსი“), კომერციული თეატრები, რომლის სათავეში იდგა მეპატრონე-ანტრეპრენიორი მათ პარალელურად არსებობდა სამეფო კარის თეატრი.

რენესანსის ეპოქის თეატრისათვის ნიშნეულია პოლარულ საწყისთა შეერთებისაკენ სწრაფვა, უნივერსალური მხატვრული ფორმების ძიება. წარმოიშვა სრულიად ახალი დამოკიდებულება სიტყვის მიმართ. იგი საერთო-ეროვნული ხდება. წარმოიშვა გროტესკი (ფ. რაბლე), ფანტასტიკა, სატირა, დამოუკიდებელი ადამიანის კონცეფცია იქმნება წარმოდგენები კოსმოსზე როგორც ცოცხალ რეალობაზე. ბუნება იძენს მითოლოგიურ შინაარსს.

მე-17 საუკუნეში მხატვრულ სტილად ყალიბდება მანიერიზმი. ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ბაროკოს სტილი. თეატრი საბოლოოდ ყალიბდება სოციოკულტურულ მოვლენად.

აღორძინების პერიოდის ქართული მწერლობა

აღორძინების პერიოდის ქართული მწერლობისათვის ძირითადად დამახასიათებელია: ეროვნული მოტივის გაძლიერება, თემატიკის გაფართოება და გარკვეული, რეალისტური ტენდენციების გამოხატვაც.

ამ დროის ქართულ ლიტერატურაში ჩნდება ახალი ჟანრები (საისტორიო ეპოსი, იგავ-არაკი, სატირა, მოგზაურობა, მემუარები, გაბაასება და მორალიტე, მაჯამა და სხვ.). ამასთან, ხდება სალიტერატურო ენის ერთგვარი დემოკრატიზაცია.

აღორძინების პერიოდის ქართული მწერლობის საუკეთესო წარმომადგენლებია: თეიმურაზ პირველი, არჩილი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ვახტანგ მეექვსე და სხვ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები