ტეფნახტი
ტეფნახტი – (ჩვ.წ.-მდე 724-717 წწ.), ეგვიპტის XXIV დინასტიის დამაარსებელი. შეშონკ V-ის მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს ტეფნახტი იყო „მას (ლიბიელების) დიდი ბელადი“ და ჯარის მთავარსარდალი. მისი რეზიდენცია იყო საისში. შეშონკის ოცდამეთვრამეტე წელს მის წოდებებს ემატება „მთელი ქვეყნის დიდი ბელადი“ და „დასავლეთის ნომების მმართველი“.
პიანხის სტელაზე ჩამოთვლილი პროვინციები, რომლებიც ტეფნახტს ექვემდებარებოდნენ, ადასტურებს, რომ მისი გავლენის ქვეშ იყო მთელი დასავლეთი დელტა ხმელთაშუა ზღვამდე და მემფისი, სადაც ის სემ-ქურუმიც იყო. ეს ტერიტორია ტეფნახტმა რეალურად თავის სამეფოდ გადააქცია და მისი გაფართოება დაიწყო. მან შეუტია ჰერაკლეოპოლისს და ჰერმოპოლისს. აბიდოსის, და შემდეგ თებეს დაპყრობაც უკვე რეალურად გამოიყურებოდა, რომ არაფერი ვთქვათ აღმოსავლეთ დელტაზე, სადაც ტანისში XXII დინასტიის ფარაონების მეფობა უკვე ნომინალურად გადაიქცა. მაგრამ ამ ცნობებმა მიაღწია პიანხიმდე, რომელსაც თებეს რაიონი ექვემდებარებოდა, და ის დაიძრა ეგვიპტისაკენ, რასაც მოჰყვა პიანხის მიერ ეგვიპტის სრული დაპყრობა და ტეფნახტის ჯარის და ფლოტის განადგურება. თვითონ ტეფნახტმა მოახერხა გაქცევა და პიანხის დანებების შესახებ აცნობა. მაგრამ პიანხი დაბრუნდა ნაპატაში ისე, რომ არ დატოვა თავისი ადმინისტრაცია, ის აშკარად არ აპირებდა ქვეყნის მართვას მემფისიდან და არც უკან დაბრუნებას. ძალაუფლების ვაკუუმი მაშინვე საგრძნობი გახდა დელტაში.
ძველი, XXII (ტანისური) და XXIII (ლეონტოპოლისის) დინასტიების ნომინალურ ფარაონებს და ბელადებს, რომლებსაც ყველას აღმოსავლეთ დელტის თავისი მცირე ტერიტორია ექვემდებარებოდა, ბუნებრივად აჯობა ტეფნახტმა, მიიღო ფარაონის ოფიციალური ტიტულატურა და თავი ფარაონად გამოაცხადა. მის სამეფოში შედიოდა მთელი დასავლეთ დელტა მემფისიდან ჩრდილოეთით. მაგრამ მას არ ჰქონია მცდელობა, შებრძოლებოდა ოსორკონ IV-ს (XXII დინასტიის ბოლო ფარაონი) ან იუპუტ II-ს (XXIII დინასტიის ბოლო ან ბოლოს წინა ფარაონი). სავარაუდოდ, ნუბიიდან ახალი შემოტევის შიშით, მას არც სამხრეთისაკენ დაძვრა უცდია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გვიანდელი ტრადიცია XXIV დინასტიის ერთადერთ ფარაონად მის მემკვიდრეს, ბეკენრანეფს (ჩვ.წ.-მდე 720-715) ასახელებს. როგორც ჩანს, ტეფნახტი, რომელიც რეალურად მართავდა მემფისიდან, მაინც არ იყო ოფიციალურად აღიარებული. მისი მემკვიდრის, ბეკენრანეფის მეფობაზე ეგვიპტური წყაროებიდან პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. მანეთონის ცნობით, ის დაატყვევა და ცოცხლად დაწვა შაბაკამ. დღეს ძნელი სათქმელია, თუ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, მაგრამ ეგვიპტური წყაროებიდან ის ქრება მეფობის მეექვსე წელს და როგორც მთელი ეგვიპტის მეფე, ჩნდება შაბაკა, პიანხის ძმა, რომელიც ერთი წლით ადრე თავისი უფროსი ძმის, პიანხის გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე.