ოსორკონ IV
ოსორკონ IV – ეგვიპტის XXIII დინასტიის ფარაონი (ჩვ.წ.-მდწ 787-759), რომელიც XXII დინასტიის პარალელურად მეფობდა. უნდა აღინიშნოს, რომ მათ თებეს დინასტიასაც ეძახიან, რადგან ამ დროისათვის თებე აღიარებდა მათ, და არა ტანისელ ფარაონებს.
ოსორკონ IV ტახტზე XXII (ტანისური) დინასტიის ფარაონის, შეშონკ III-ის მეფობის დაახლ. მეორმოცე წელს ავიდა. ის აღიარეს ფარაონად ასევე მისი მეზობელი მენდესის მაშვაშების (ლიბიელების) ბელადებმა. მისი აქტივობა შეიმჩნევა მემფისშიც, და შუა ეგვიპტეში მოძიებული მასთან დაკავშირებული არქეოლოგიური მასალა მეტია, ვიდრე ტანისელი ფარაონების. თავისი მეფობის რაღაც პერიოდში მან მოახერხა, გაეძევებინა XXII დინასტიის ოჯახის წარმომადგენლები ელ ჰიბას ფორტიდან, რომელიც მათ ჯერ კიდევ შეშონკის დროიდან ეკავათ, და იქ თავისი ვაჟიშვილი ტაკელოტი დასვა, რაც ფაქტობრივად ჰერაკლეოპოლისის მმართველობასაც ნიშნავდა. მისი გარდაცვალების დროისათვის მის დინასტიას ეგვიპტის გაცილებით მეტი ტერიტორია ეკავა, ვიდრე ტანისურს.