მენდესი
მენდესი – (ეგვ. np.t), ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ დელტაში, ნილოსის დელტის მენდესურ ტოტზე. იყო მეთექვსმეტე ქვემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. დღეს მის ადგილზეა ორი ბორცვი, თელ ელ-რუბა და თელ ტიმაი. დასახლებული იყო ჯერ კიდევ წინადინასტიურ დროიდან და ბორცვების არქეოლოგიური შესწავლა უაღრესად მნიშვნელოვანია ეგვიპტური სახელმწიფოს ფორმირების პერიოდის შესასწავლად.
მენდესი მოიხსენიებოდა ორივე სახელით ეგვიპტის გრძელი ისტორიის განმავლობაში: „ანეპეტი“ დაფიქსირებულია უკვე ჯერის (I დინასტია) მეფობის დროს, „ჯედეტი“ რომელიც უფრო ხშირად გვხვდება და საიდანაც ბერძნულ „მენდესი“ წარმოიშვა, IV დინასტიიდან მენდესში უძველესი დროიდან ეთაყვანებოდნენ ვერძის სახის ნაყოფიერების მომტან ღვთაებას – ბანებჯედს და მის ცოლს თევზის სახის ქალღმერთს – ხატმეხიტს („თევზების ქალბატონი“). ამდენად, მენდესს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „ბას (ან ვერძის), მენდესის ბატონის სახლს“, თვითონ ღვთაების სახელი კი „ჯედეტის ბატონის სულს“ ნიშნავს.
ქალაქის სახელი შემონახულია ახლომდებარე სოფლის ჯემა ელ-აბდიდის სახელში. ამ წყვილის მნიშვნელობაზე უძველეს დროში ისიც მეტყველებს, რომ ხატმეხიტის სახელი დაერქვა მეთექვსმეტე ნომს. მოგვიანებით, ოსირისის კულტის გავრცელებასთან ერთად, ბანებჯედის და ხატმეხიტის შვილად ხარპოკრატოსს მოიხსენიებდნენ. წარმოშობით მენდესიდან იყო ეგვიპტის უკანასკნელი ეგვიპტური (XXIX) დინასტია. ბერძნულ პერიოდში, როცა სავარაუდოდ მენდესური ტოტი დაშრა, ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ნომის დედაქალაქი მეზობელი თმუისი გახდა. გათხრები მენდესში ძირითადად XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მიმდინარეობს. აღმოჩენილია ძველი სამეფოს ნეკროპოლისი, სადაც 9000 სამარხია დაფიქსირებული. ახალი სამეფოს ტაძრის გათხრების დროს მოძიებულია მერნეპტახის (XIX დინასტია) ნეგებობის ნაშთები. სავარაუდოდ, ტაძარს ოთხი პილონი ჰქონდა, რომელთა კონსტრუქცია შუა სამეფოს დროს დაიწყო. მოძიებულია აგურები თოტმეს III-ის (XVIII დინასტია) სახელით და ნივთები რამსეს II-ის, რამსეს III-ის და მერნეპტახის სახელებით. აღმოჩენილია ასევე ნეფერიტეს I-ის სამარხი, რომელიც სავარაუდოდ სპარსელებმა დაარბიეს. მენდესის ბორცვებზე ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა უწყვეტი სტრატიფიკაცია I დინასტიამდე, ასე რომ, გათხრები აქ დღესაც მიმდინარეობს.