თევზი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
თევზი − საკრალური თევზების კულტი ეგვიპტეში უძველესი დროიდან არსებობდა, ყველა დროში იყო გავრცელებული ასევე თევზის სახის ამულეტები, მაგრამ ცნობები მათზე ბევრი არ არის. სავარაუდოდ, ისინი უფრო სახალხო რელიგიას მიეკუთვნებოდა, ვიდრე ოფიციალურს, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთ უსუფთაო საკვებად იყო მიჩნეული, რომელიც არ შეიძლებოდა შეწირულიყო ღმერთებს და გარდაცვლილებს. თუმცა არსებობდა გამონაკლისი, რადგან ტანისში აღმოჩენილ შუა სამეფოს პერიოდით დათარიღებულ გამოსახულებაზე მეფე, ძველებურ ტანსაცმელში, ღმერთებს თევზს სწირავს.
ნილოსის კობრის (Cyprinus Lepidotos) კულტის მთავარი ადგილი იყო ლეპიდონტოპოლისი, ტინიტის ნომში. ქალაქის ტაძარში, რომელიც მიძღვნილი იყო ონურისის და მეხიტისადმი, მრავლად არის აღმოჩენილი ამ თევზის ბრინჯაოს ფიგურები. ის მეხიტის საკრალურ ცხოველად ითვლებოდა. მთელ ეგვიპტეში ეთაყვანებოდნენ ოქსირინხოსს, თუმცა მისი განსაკუთრებული კულტი იყო მისივე სახელის ქალაქში, და ლატოპოლისში (ესნა). სხვადასხვა თევზების კულტები ზოგადად მთელ ეგვიპტეში იყო.