ესნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხნუმის ტაძარი

ესნა – (ეგვიპტ. Jwnyt; Sn3t / Snt, ბერძ. Λατόπολις ), ქალაქი მესამე ზემოეგვიპტურ ნომში, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ლუქსორიდან 60 კმ. სამხრეთით. მოგვიანებით ქალაქს უფრო ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც T3-snj (Gardiner), საიდანაც წარმოიშვა თანამედრ. „ესნა“.

გებელ სისლსილაზე აღმოჩენილ წარწერაში ხნუმი მოხსენიებულია, როგორც „ტა-სნის ბატონი იუნიტის გულში“. ქალაქის მთავარი ღვთაებები იყვნენ ვერძისთავიანი ხნუმი, მისი მეუღლე მენხიტი და ვაჟიშვილი ხიკე. უცნობია, როდის მოხდა აქ საისის ქალღმერთის, ნეიტის კულტის გავრცელება, რომელმაც ხნუმის მეუღლის ადგილი დაიკავა, ამიტომ ესნას „ზემო ეგვიპტის საისსაც“ ეძახდნენ. პტოლემაიოსების დროს ესნა გახდა ნომის დედაქალაქი ძველი ელ-ქაბის შემდეგ. თუმცა ქალაქი უკვე პირამიდების ტექსტებშია დაფიქსირებული, ჯერჯერობით მოძიებული ყველაზე ძველი არქეოლოგიური მასალა შუა სამეფოს პერიოდით არის დათარიღებული.

ჯერ კიდევ ბერძნულ-რომაულ პერიოდში აქ რამდენიმე ტაძარი იყო, მაგრამ ყველა განადგურდა შუა საუკუნეების დროს და XIX საუკუნეში, და დღეისათვის მხოლოდ ბერძნულ-რომაულ დროს აგებული ხნუმისადმი მიძღვნილი ტაძარი შემორჩა. ტაძრის მშენებლობა პტოლემაიოსების დროს, ჩვ.წ.-მდე 150 წ. დაიწყო და რომაელების დროს დასრულდა. ტაძრის მთავარი ნაგებობა (ნაოსი) თითქმის დანგრეულია. გადარჩენილია პრონაოსი – 24 სვეტიანი შთამბეჭდავი დარბაზი მოხატული კედლებით (დაახლ. 230 სიუჟეტი). ტაძარში იყო ასევე ნეიტის კულტი. ესნას ტაძრის ტექსტების თანახმად, ხნუმი და ნეიტი იყვნენ სამყაროს ერთადერთი შემოქმედნი, რომლებმაც გააჩინეს რა. აქვეა ტაძრის ზეიმების ჩამონათვალი. ერთ-ერთი ეძღვნებოდა ხნუმის მიერ სამყაროს შექმნას, როცა მან დააშორა ერთმანეთისაგან მიწა და ზეცა და დადგა მეთუნის ბორბალი, რომელზეც ადამიანებს და ღმერთებს ქმნიდა. აღწერილია ასევე დღესასწაული, მიძღვნილი ნეიტისადმი. ამ დროს ზეიმობდნენ ნეიტის გამოსვლას პირველყოფილი წყლებიდან, როცა მან წარმოთქვა შვიდი წინადადება, რომელთა დახმარებითაც შექმნა სამყარო. ესნას სასაფლაოებზე ნაპოვნია ქორჭილას მუმიები (Lates Niloticus), რაც ეხმიანება სტრაბონის მონაცემებს, რომ ქალაქში ეთაყვანებოდნენ ლატოს-თევზს და ათენას (ნეიტის ბერძნ. სახელი). ქორჭილას თაყვანისცემის გამო, რომელიც ნილოსში მცხოვრები 52 სახეობიდან ყველაზე დიდი თევზი იყო, ბერძნებმა ქალაქს ლატოპოლისი (Laton polis) დაარქვეს. შთამბეჭდავია ხნუმის ტაძრის ნანგრევები, რომლებიც გვიანი ახალი სამეფოს ხანით არის დათარიღებული. კიდევ ერთი ტაძარი, მიძღვნილი ხნუმის, მენხიტის და ნეიტისადმი, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთით (ედ დერის ბორცვზე) მდებარეობდა, დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს. იგივე მდგომარეობაშია გვიანბერძნული პერიოდის ხატხორის ტაძარი.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები