ბანებჯედი
ბანებჯედი – (ითარგმნება, როგორც „წმინდა ვერძი, მენდესის ბატონი“), ვერძის სახის ნაყოფიერების ღვთაება, რომელსაც მენდესში ეთაყვანებოდნენ. ერთ-ერთ სტელაზე რამესეუმის კომპლექსში მოთხრობილია, რომ პტახმა ბანებჯედის სახე მიიღო და მოკვდავ ქალს შვილი ჩაუსახა, რის შემდეგ დაიბადა მომავალი ფარაონი რამსეს II.
ბერძნებმა გააიგივეს პანთან. ძლიერად გამოკვეთილი ეროტიკული თვისებების გამო განსაკუთრებით მოიძულეს ადრექრისტიანულ პერიოდში. თხისთავიანი კაცის სახით შევიდა დასავლურ ტრადიციაში, როგორც ეშმაკისეული პერსონაჟი და კუდიანების თხის რქებიანი მეფე. ბანებჯედის თხად „გარდასახვა“ გამოწვეულია იმით, რომ ბერძნები მის ცხოველს ყველგან მოიხსენიებენ, როგორც თხას, და მას თხის სახით გამოხატავდნენ ბერძნულ მონეტებზეც, მაგრამ ეგვიპტურ გამოსახულებებში ბანებჯედს ყოველთვის ვერძის სახე აქვს. უძველესი დროიდან ის წარმოიდგინებოდა, როგორც ცხვრის ძველი ჯიშის წარმომადგენელი, გრძელი ფეხებით და ბეწვით და ჰორიზონტალურად გაშლილი რქებით (ე.წ. Ovis longipes palaeoaegyptiacus), რომელიც უკვე შუა სამეფოს დროისათვის გადაშენებული იყო, და ბერძნებში მენდესის ცხვარმა, თავისი რქების გამო, თხის ასოციაცია გამოიწვია.