ვერძი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
ვერძი − ვერძის სახე ბევრ ეგვიპტურ ღმერთს ჰქონდა. ესნაში, ჰიპსელისში, ჰერურში (ანთინეოპოლისი) და ზემო ეგვიპტის ოცდამეერთე ნომში ეთაყვანებოდნენ ვერძის სახის ხნუმს; ვერძის სახე ჰქონდა ასევე ჰერაკლეოპოლისის (მაგნა) ჰერიშეფს და ლატოპოლისის ხერტის. მენდესში იყო თვითონ ვერძის ცხოველის კულტი. ამას გარდა, არსებობდა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ვერძის კულტები. მაგ. ლიკოპოლისსა და კუსას შორის მდებარე ხაიტში ეთაყვანებოდნენ ვერძის სახის ღვთაებას, სახელად „მერიმუტეფი“ („ის, ვინც (თავის) დედას უყვარს“).
ვერძი ამონის ერთ-ერთ გამოვლინებადაც ითვლებოდა, თუმცა ამონის ვერძი განსხვავებული ჯიშის იყო. უძველესი ვერძის სახის ღვთაებები გამოიცნობა ჰორიზონტალურად გაშლილი რქებით, რაც დამახასიათებელია ძველი აფრიკული ჯიშისათვის (ovis longipes palaeoaegyptiacus, ეგვ. šf.t), რომელიც ძველი სამეფოს დროისათვის უკვე გადაშენებული იყო, და მას ჩაენაცვლა ამონის ვერძი, სპირალურად ქვევით დახრილი რქებით (ovis platyra aegyptiaca, ეგვ. rhnj). ამიტომ, თუმცა ძველი ღმერთები ბოლომდე ჰორიზონტალური რქებით გამოისახებოდა, მათ „ცოცხალ განსახიერებას“, ყოველ შემთხვევაში ახალი სამეფოდან, ამონის ცხოველის ჯიშიდან არჩევდნენ, როგორიცაა, მაგ., ელეფანტინაზე ნაპოვნი ხნუმის ცხოველის მუმიები, თუმცა მენდესში ძველ ჯიშს ჩაანაცვლეს განსაკუთრებული თხის ჯიში (hircus mambrinus), ხნუმის ვერძის ტიპის, ჰორიზონტალური რქებით.
ვერძი, როგორც ჩანს, უძველესი დროიდან იყო დაკავშირებული სამეფო ძალაუფლებასთან, რადგან სწორედ ვერძის ჰორიზონტალურად გაშლილი რქები წარმოადგენდა სამეფო ატეფ-გვირგვინის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტს. მენდესის ვერძი ბერძნებმა თავიანთ პანთან გააიგივეს. მას არ ჰქონდა თავისი სახელი, და მოიხსენიებდნენ, როგორც „ვერძს, მენდესის ბატონს“ (ეგვ. „bl nb Dd.t“ ან, უფრო გვიან, „b3 nb nm.t“. Dd.t, „ჯედეტი“, მოგვიანებით კი nm.t, „ანმეტი“ მენდესის ეგვიპტური სახელებია). მენდესის ვერძი ქალაქის უძველესი და მთავარი ღვთაება იყო. ითვლება, რომ ვერძის გაღმერთება მის ნაყოფი ერებასთან და მამაკაცურ ფუნქციასთან იყო დაკავშირებული. მინდვრების ნაყოფიერებისათვისაც მას უხდიდნენ მადლობას. ამიტომ ითვლებოდა, რომ ოსირისის დანაწევრებული სხეულის ფალოსი სწორედ მენდესში ინახებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ დედოფალი იახმესი, ხატშეპსუტის დედა, მენდესის ვერძის უმაღლესი ქურუმი იყო, ხოლო ერთ-ერთი ტექსტის თანახმად, პტახი დედოფალს სწორედ ვერძის სახით გამოეცხადა საკრალური ქორწინების დროს.