ჰერაკლეოპოლისი
ჰერაკლეოპოლისი
ჰერაკლეოპოლისი მაგნა
(ეგვ. Nnnśwt, ან Nnw śwt, „ზემო ეგვიპტის მეფის შვილის ქალაქი“), მეოცე ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. მდებარეობდა ნილოსის ბაჰრ-იუსუფის ტოტის მარჯვენა ნაპირზე.
ისტორიულ დროში მისი მთავარი ღვთაება ხარსაფესოსი იყო, რომელიც ბერძნებმა ჰერაკლესთან გააიგივეს. მითის თანახმად, მზის თვალმა ადამიანები სწორედ ჰერაკლეოპოლისში გაანადგურა. ითვლებოდა ასევე ხორის და სეტხის ორთაბრძოლის ადგილად.
ხარსაფესოსის ტაძრიდან ნანგრევებია შემორჩენილი. ძირითადი ნაგებობები რამსეს II-ის მეფობით არის დათარიღებული, თუმცა ტაძარი უფრო ძველია, რადგან მოძიებულია ბევრი ბლოკი XII დინასტიის ფარაონების სახელებით. პირველი გარდამავალი პერიოდის დროს, როცა ჰერაკლეოპოლისი წამყვან როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, აქ მოხდა იმდროინდელი თეოლოგიური აზროვნების ორი ძირითადი მიმართულების რას და ოსირისის რელიგიების შეჯახება და შერწყმა. ბევრი სხვა ქალაქის მსგავსად, ითვლებოდა, რომ ჰერაკლეოპოლისშიც იყო ოსირისის წმინდა ნაწილის (მარჯვენა ფეხის) საფლავი. ადგილს, სადაც საფლავი იყო, „ნარეფი“ ერქვა. ოსირისი აქ აღიქმებოდა, როგორც რას ერთ-ერთი ასპექტი, ჰერაკლეოპოლისი კი ოსირისის და ხორის მეფედ კურთხევის ადგილად იყო მიჩნეული. „ნარეფის ოსირისთან“ მოხდა ასევე ჰერაკლეოპოლისის მთავარი ღვთაების, ხარსაფესოსის შერწყმაც.
პირველი გარდამავალი პერიოდის ბუნდოვან დროს ჰერაკლეოპოლისი ეგვიპტის ფარაონების რეზიდენცია და იმ ტერიტორიის დედაქალაქი იყო, რომელზეც ჰერაკლეოპოლისელი ფარაონების ძალაუფლება ვრცელდებოდა. ჰერაკლეოპოლისის სამეფო კარის მოკავშირეების, ასიუტის (ლიკოპოლისის) დიდგვაროვანთა ავტობიოგრაფიებიდან ჩანს, რომ ჰერაკლეოპოლისელები თებელებს ქვეყნის გამთლიანებისათვის ებრძოდნენ. ეს ბრძოლა თებელების გამარჯვებით დასრულდა, როცა მონტუხეტეპ II-მ ხელმეორედ გააერთიანა მთელი ეგვიპტე. ჰერაკლეოპოლისმა კიდევ ერთხელ მოიპოვა პოლიტიკური მნიშვნელობა ჩვ.წ.-მდე დაახლ. 950 წლიდან, როცა ჰერაკლეოპოლისის მმართველი, ლიბიელი შეშონკი ეგვიპტის ფარაონი გახდა (შეშონკ I, XXII ლიბიური დინასტიის დამაასებელი), მაგრამ დედაქალაქი ჰერაკლეოპოლისი აღარ გამხდარა. ქალაქი მემკვიდრეობით ერგოთ სამეფო დინასტიის უმცროსი შტოს წარმომადგენლებს, რომლებიც ხარსაფესოსის ქურუმები იყვნენ. პტოლემაიოსების დროს ჰერაკლეოპოლისის ქურუმებს „ზემო ეგვიპტის მეფეებს“ ეძახდნენ. დღეს ქალაქი მთლიანად თანამედროვე დასახლების – იჰნა-სიას და ასევე მიმდებარე სოფლების ქვეშ არის მოქცეული.
ჰერაკლეოპოლისი პარვა
მდებარეობდა დელტაში. ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილი არ არის. აქაც მთავარი ღვთაება ხარსაფესოსი იყო.