ხარსაფესოსი
ხარსაფესოსი – (ეგვ. Hrj-š.f, „ის, ვინც თავის ტბაზეა“), ჰერაკლეოპოლისის (მაგნა) ღვთაება.
გამოისახებოდა ადამიანის ტანით, ვერძის თავით და ფარაონის ჩაცმულობით. მიეკუთვნება ეგვიპტის დიდი და უძველესი ღმერთების რიცხვს. დაფიქსირებულია პალერმოს ქვაზე უკვე I დინასტიის დროს. მისი აღზევება ჰერაკლეოპოლისურ პერიოდში იწყება (X-XI დინასტიები), როცა ჰერაკლეოპოლისი ქვეყნის დედაქალაქი, ხარსაფესოსი კი სამეფო რეზიდენციის და „ორივე ქვეყნის ბატონი“ ღვთაება ხდება. სწორედ ამ პერიოდში მოხდა მისი გადახლართვა ოსირისსა და რასთან. შუა სამეფოს ჰიმნებში ის არის „ოსირისის ბა“ და „აბიდოსის ბატონი“, ამიტომ ოსირისის ატეფ-გვირგვინი მისი ატრიბუტია. მისი ატრიბუტები ხდება ასევე ურეუსი და მზის დისკო, რადგან ხარსაფესოსი ასევე გვევლინება, როგორც „რას ბა“. უფრო გვიანდელ ტექსტებში ის მოხსენიებულია, როგორც ზეცის ბატონი, „რომელიც მიწას ანათებს, მისი მარცხენა თვალი მთვარეა და მარჯვენა – მზე“. ახალი სამეფოდან შეერწყა ამონსაც. ამ სინკრეტული გაერთიანებების გამო ხარსაფესოსის ორიგინალური ბუნება ბუნდოვანია. ბერძნებმა ხარსაფესოსი გააიგივეს ჰერაკლესთან, და ამიტომ მის მშობლიურ ქალაქს ჰერაკლეოპოლისი დაარქვეს.