ხერიხორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხერიხორი – (დაახლ.ჩვ.წ.-მდე 1080-1064), ამონის მთავარი ქურუმი თებეში რამსეს XI-ის დროს.

მან დააარსა მმართველობის ინსტიტუტი, რომლის დროსაც ზემო ეგვიპტე ფაქტობრივად დამოუკიდებელ ერთეულს წარმოადგენდა (ელ-ჰიბეს ფორტამდე, ჰერაკლეოპოლისის სამხრეთით) და იმართებოდა კარნაკის ტაძრიდან ამონის მთავარი ქურუმის მიერ, რომელიც იმავდროულად ქვეყნის მთავარსარდალიც იყო. ამ საოცრად არაორდინარული ადამიანის წარმოშობა ბუნდოვანია. თუმცა ის თავად ეგვიპტურ სახელს ატარებდა, მისი შვილებიდან ხუთს ლიბიური სახელი ჰქონდა, და ამდენად შესაძლოა ის ლიბიური წარმოშობის იყო. მან ერთმა მოახერხა მოეპოვებინა ოთხი უმაღლესი თანამდებობა, რომლებიც ჩვეულებრივ ოთხ წარჩინებულ მოხელეს ეკუთვნოდა: ერთდროულად იყო ზემო ეგვიპტის ვეზირი, მეფის ნაცვალი ნუბიაში, ამონის მთავარი ქურუმი და „მთელი ეგვიპტის ჯარის წინამძღოლი“ .

რამსეს XI-ის მეფობის მეცხრამეტე (ან მეჩვიდმეტე) წლიდან მან მოვლენების დათარიღება თავიდან დაიწყო. ეს მოვლენა დღეს ეგვიპტოლოგიაში „რენესანსის“ სახელით არის ცნობილი (ეგვ. Whm mś w.t, „დაბადების გამეორება“). კარნაკში, ხონსუს ტაძრის ჰიპოსტილურ დარბაზში რამსეს XI მოხსენიებულია, როგორც მეფე, ხერიხორი კი უმაღლესი ქურუმი, მაგრამ დარბაზის წინა ეზოს გალავანზე ხერიხორი უკვე „მეფეა“, ფარაონის ხუთ ელემენტიანი ტიტულატურით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კარნაკის კედლის მიღმა, ოფიციალურ დოკუმენტებში, ის არასოდეს გამხდარა „მეფე“.

რენესანსის მეხუთე წელს ის აგზავნის ვინმე უნამონს ბიბლოსში ამონის ახალი ბარკისათვის ხის მასალის ჩამოსატანად. ჩრდილოეთში, ტანისში, უნამონს ხვდება არა რამსეს XI, არამედ ვინმე სმენდესი (შემდგომში ფარაონი), რომელიც მას გემზე აბინავებს. ეს ისტორია მიუთითებს, თუ რა მშვიდობიანად ჰქონდათ გაყოფილი ეგვიპტე ხერიხორს და სმენდესს. რენესანსის მეექვსე წელს ხერიხორს მოუხდა სეტი I-ის და რამსეს II-ის გადასვენება მათი მუმიების მძარცველებისაგან დასაცავად. რენესანსის მეშვიდე წელს ხერიხორი გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე ამონის მთავარი ქურუმის და ეგვიპტის მთავარსარდლის თანამდებობებზე, პიანხი, შესაძლოა მისი შვილი ან სიძე იყო. ხერიხორის სამარხი ნაპოვნი არ არის.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები