პი-რამსესი
პი-რამსესი – იგივე პერ-რამსესი, (ეგვ. Pr R-mss 3 nhtw, „სახლი რამსესის, (რომელიც არის) დიდებული გამარჯვებებით“) – რამსეს II-ის მიერ აგებული სამეფო რეზიდენცია. მდებარეობდა აღმოსავლეთ დელტაში, კაიროდან დაახლ. 100 კმ. ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჰიკსოსების დედაქალაქის, ავარისის 1 კმ. ჩრდილოეთით, თანამედროვე კანტირის ადგილას. სამი ათასზე მეტი წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.
1930-იან წლებში პ. მონტემ აღმოაჩინა ტანისის ნანგრევები. რამსეს II-ის უამრავი ქანდაკების გამო ქალაქი შეცდომით მიიჩნიეს პი-რამსესად. ვარაუდი მისი ლოკალიზაციის შესახებ ეკუთვნის ეგვიპტელ მეცნიერს ლ. ჰაბაშის, რაც დამტკიცდა დაახლ. 50 წლის შემდეგ არქეოლოგიური გათხრებით. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ავსტრიულმა ექსპედიციამ მ. ბიტაკის ხელმძღვანელობით დაწვრილებით შეისწავლა ნილოსის დელტა ახალი მეთოდების გამოყენებით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დელტის ტანისური ტოტი რამსესის დროს არ არსებობდა და ყველაზე აღმოსავლეთით პელუზიური ტოტი მიედინებოდა. გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ავარისი და პი-რამსესი.
რამსესის მიერ რეზიდენციის აქ გადმოტანა სავსებით ბუნებრივია. ეს იყო მისი წინაპრების სამშობლო, სადაც მამამისმა, სეტი I-მა უკვე აიშენა საზაფხულო რეზიდენცია; იმავდროულად, ეს იყო ეგვიპტის აღმოსავლეთი საზღვარი, რომელიც, იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მუდმივ კონტროლს საჭიროებდა – აღმოსავლეთის დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოედინებოდა ხარკი, და თავდასხმის საშიშროებაც მუდმივი იყო. უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა ისიც, რომ მეზობელ ავარისს, რომელიც რამსეს II-ის დროსაც აქტიური სავაჭრო ცენტრი იყო, უზარმაზარი პორტი ჰქონდა. ქალაქის ცენტრში მდებარეობდა დიდი ტაძარი, ქუჩები გეომეტრიულად იყო დაგეგმილი. ბიტაკის გუნდმა აღმოაჩინა ასევე მრავალი არხი და ტბა, რის გამოც მათ პი-რამსესს ეგვიპტის ვენეცია უწოდეს.
ითვლება, რომ რამსესის სასახლე თანამედროვე სოფელ კანტირის ქვეშაა. ქალაქში აღმოჩენილია ასევე ძველი სამყაროს უდიდესი თავლა 460 ცხენისათვის, რომელიც 17000 კვ. მეტრს ფარავდა. მასთან იყო ვრცელი, სვეტებიანი საწვრთნელი მოედანი და სახელოსნოები. სავარაუდოდ, ეს იყო ეტლოსანთა რაზმის ტერიტორია. გათხრების უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად ითვლება დაახლ. 3000 კვ.მ. მეტალის (ბრინჯაოს დასამუშავებელი სახელოსნოების უბნის აღმოჩენა და ქალაქში ხეთების და მიკენელების ყოფნის დადასტურება. თავლის ტერიტორიაზე მოძიებულია ხეთური და მიკენური იარაღი და სხვა არტეფაქტები, განსაკუთრებით მრავლად მიკენური კერამიკა. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ ხათუსილი III-ს და რამსეს II-ს შორის მშვიდობიანი გარიგების შემდეგ ხეთი ჯარისკაცები და ხელოსნები მრავლად იყვნენ პი-რამსესში. ნაპოვნია ასევე კერამიკა კვიპროსიდან, ლევანტიდან და ხეთური ანატოლიიდან.
ქალაქის სტრატიგრაფია მოიცავს პერიოდს XVIII დინასტიის დასაწყისიდან მესამე გარდამავალ პერიოდამდე. პი-რამსესის ტერიტორია დაახლ 30 კვ.კმ.-ს მოიცავდა იყო უმდიდრესი ქალაქი 30 000 მოსახლით. მოსახლეობა ეთნიკურად ძალიან მრავალფეროვანი იყო – ნუბიელები, ლიბიელები, ქანაანელები და სხვ. ქალაქი აყვავებული იყო რამსესის გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგაც. ახალი კვლევებით დამტკიცდა, რომ ნილოსის პელუზიურმა ტოტმა ამოვსება დაიწყო და ქალაქი უწყლოდ დარჩა, თუმცა მდინარემ გაიკვლია გზა ახალი მიმართულებით და წარმოქმნა ტოტი, რომელსაც დღეს ტანისურს უწოდებენ, რის გამოც XXI დინასტიის ფარაონებმა ქალაქი ამ ტოტთან გადაიტანეს. მათ გადაიტანეს ასევე რამსეს II-ის ყველა ქანდაკება, ობელისკი, სფინქსი, რომელთაგან უმძიმესი 200 ტონას იწონიდა. ტაძრები დაშალეს და თავიდან ააწყვეს ახალ ადგილზე, რამაც შეიყვანა შეცდომაში მეცნიერები, როცა ტანისი პი-რამსესი ეგონათ. დღეს მიჩნეულია, რომ ბიბლიური ქალაქი რაამსესი სწორედ პი-რამსესი იყო.