ლუქსორი (ტაძარი)
ლუქსორი – (ეგვ.„ცოლების სახლი“), ამონის, როგორც ნაყოფიერების ღმერთის ტაძარი თებეში. მდებარეობს ამონ-რას კარნაკის ტაძრის სამხრეთით, მისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით.
ლუქსორის ამონი, ან ამონემოპეტი, არ არის დაფიქსირებული XVIII დინასტიამდე. ლუქსორის ტაძარიც იგივე პერიოდით არის დათარიღებული, თუმცა ამაღლება, რომელზეც ის მდებარეობს, ჯერჯერობით არქეოლოგიურად შესწავლილი არ არის. სავარაუდოდ, აქ მდებარეობდა „ამონის ცოლების“ პატარა სამლოცველოები, რომლებიც ამონხეტეპ III-მ დაანგრია და მათ ადგილზე ტაძარი ააგო. თოტმესიდების პერიოდიდან ყველაზე კარგად შემონახულია სამგანყოფილებიანი სამლოცველო ტაძრის პირველი ეზოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. სამლოცველო ფუნდამენტურად იქნა რეკონსტრუირებული რამსეს II-ის დროს, მაგრამ ბლოკებზე წარწერების თანახმად ის თოტმესის და ხატშეპსუტის ერთობლივი მეფობის დროს ააგეს. ამავე ეზოს კედელი და პილონი ააგო რამსეს II-მ. მანვე აღმართა ორი ობელისკი პილონის წინ, დღეს ერთ-ერთი მათგანი პარიზში კონკორდის მოედანზე დგას, სადაც ის 1835-6 წლებში გადაიტანეს. სამგანყოფილებიან სამლოცველოში რამსესმა ააგო პლატფორმები ამონის (შუა ოთახში), მუტის და ხონსუს ბარკებისათვის. ამ ღვთაებებს კარნაკიდან წელიწადში ერთხელ, ტაძრის ყველაზე ბრწყინვალე, „ოპეტის მშვენიერი დღესასწაულის“ დროს მოაბრძანებდნენ.
ამავე ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ადრექრისტიანულ ხანაში ააგეს ეკლესია, XIII საუკუნეში მის ადგილზე აიგო მეჩეთი, მიძღვნილი ლუქსორის მუსულმანური წმინდანის, აბუ’ლ ჰაგაგისადმი. მეჩეთი დღემდე ფუნქციონირებს. პირველი ეზოდან გასასვლელი კორიდორის ორივე მხარეს ამშვენებს ამონხეტეპ III-ის მიერ დამზადებული პაპირუსის ფორმის თორმეტი გრანდიოზული სვეტი, მაგრამ გამოსახულებების და წარწერების გამოკვეთა ამონხეტეპმა ვაღარ მოასწრო. მის გარდაცვალებას მოჰყვა ამარნას პერიოდი, როცა მშენებლობა შეჩერდა. სამუშაოები კვლავ გაგრძელდა ტუტანხამონის, შემდეგ აის და ხორემხების დროს და სეტი I-ის დროს დასრულდა. სვეტებიანი გასასვლელი გადის ტაძრის მეორე („მზის“) ეზოში. ეზოს ბოლოში, საკუთრივ ტაძარში შესასვლელის ორივე მხარეს აღმართულია სამლოცველოები რომლებიც სტუმრობდნენ აქ მობრძანებული ღმერთის გამოსახულებებს დღესასწაულის დროს. ტაძრის პირველი დარბაზი სრულიად გადაკეთებული და თავიდან მოხატულია დიოკლეტიანეს მიერ, რომელმაც აქ თავისი გამოსახულებაც მოათავსა რომაელების მიერ გადაკეთებული დარბაზი კედელში გაჭრილი გასასვლელით უერთდება ტაძრის მეორე დარბაზს, რომელსაც ხშირად „შესაწირ“ დარბაზს უწოდებენ მის კედლებზე გამოსახული რიტუალური ინსტრუმენტების გამო. უკანა კედელში მოთავსებული პორტალით დარბაზი უერთდება ტაძრის წმინდათა წმინდა განყოფილებას, სადაც ბარკაზე ამონის გამოსახულება იყო დაბრძანებული. ამონხეტეპ III-ის მიერ აგებულ დიდ ზომის დარბაზში ალექსანდრე დიდმა ჩააშენა მეორე, უფრო პატარა მოცულობის ოთახი. ტაძრის ამ გაყნოფილებიდან გასასვლელს მივყავართ ოროთახიან „საკორონაციო“ ნაწილში, სადაც ტარდებოდა ოპეტის დღესასწაულის კულმინაციური ცერემონია – ფარაონის, როგორც ამონის ვაჟიშვილის ყოველწლიური „დაბადება“. ვიწრო გასასვლელით საკორონაციო განყოფილება უერთდება „სამხრეთის სამლოცველოს“, ან საკუთრი „ოპეტს“, რომელიც თითქოს დამოუკიდებელ მინიატურულ ტაძარს წარმოადგენს, სადაც განიერი სვეტებიანი დარბაზის უკან საკულტო განყოფილებებია მოთავსებული. ოპეტის ტაძარი ერთი მხრივ იყო ჩვეულებრივი ტაძარი, სადაც ღვთაება ცხოვრობდა, მაგრამ მეორე მხრივ ის იყო მოსახსენიებელი ტაძარი, სადაც მისი შვილი, ფარაონი, ოპეტის დღესასწაულის დროს ყოველწლიურად თავიდან „აცოცხლებდა“ მას პირის გაღების რიტუალით. სავარაუდოდ, გზა, რომელიც ლუქსორის ტაძარს კარნაკის ტაძართან აკავშირებდა, თოტმეს III-ის ხატშეპსუტის მეფობის დროს აიგო, მაგრამ ცნობილი სფინქსების ალეა, რომელიც მათ დღესაც აკავშირებს, ნექტანებოს I-ის მეფობით (XXX დინასტია) არის დათარიღებული. ოპეტის ტაძრის თანამედროვე სახელი ლათინური წარმომავლობისაა. რომაულ პერიოდში ტაძარი გადაკეთდა სამხედრო ბანაკად, და მის ირგვლივ ჩვ.წ. მეოთხე საუკუნის დასაწყისში რომაელებმა ფორტი ააგეს. ლათინური castra ჯერ არაბულ ელ-აქსარად, შემდეგ კი ლუქსორად გადაიქცა.