პაპირუსი (მცენარე)
პაპირუსი – ისლისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარე. 5 მ-მდე სიმაღლის სამწახნაგოვანი ღერო და ვიწრო, გრძელი ფესვთანური ფოთლები აქვს. მცენარე, რომლის ნახვა დღეს მხოლოდ კაიროს ბოტანიკურ ბაღში შეიძლება, ერთ დროს ეგვიპტური ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ნადირობის და თევზაობის სცენები, რომლებიც ეგვიპტელი დიდებულების სამარხების კედლებს ამშვენებს, უფრო ხშირად სწორედ პაპირუსის ბარდების ფონზეა წარმოდგენილი.
პაპირუსი ძირითადად ნილოსის ნაპირებზე, დამდგარ წყლებში და ფაიუმის ტბის შემოგარენში იზრდებოდა და 3-6 მეტრის სიმაღლეს აღწევდა. განსაკუთრებით ბევრი იყო პაპირუსი უფრო ჭაობიან ჩრდილოეთ ეგვიპტეში და შესაძლოა ამიტომ პაპირუსის მცენარე ჩრდილოეთ ეგვიპტის სიმბოლოც გახდა. პაპირუსი იყო ასევე სიმწვანის, ზრდის და კეთილდღეობის სიმბოლო. „მწვანე ფერის“ სახელი ეგვიპტურად ანალოგიურად ჟღერდა (w3d).
კუსაში ეთაყვანებოდნენ ღმერთ უხს, რომელსაც ლენტებით და ბუმბულით მორთული პაპირუსის მცენარის სახე ჰქონდა. პირამიდების ტექსტებში ღმერთი უაჯი დიდი ქალღმერთის, უაჯეტის ვაჟიშვილად არის მოხსენიებული.
პაპირუსის მცენარის ფართე საყოფაცხოვრებო გამოყენების შესახებ ეგვიპტური ნახატები და ჰეროდოტე მოგვითხრობენ. მცენარის ქორფა ღეროები საკვებად გამოიყენებოდა. ქურუმებს, რომლებსაც მხოლოდ მცენარეული მასალისაგან დამზადებული ტანსაცმლის ტარება შეეძლოთ, პაპირუსის სანდლები ეცვათ. პაპირუსისაგან ამზადებდნენ იალქნებს და კანაფებს ეგვიპტური ხომალდებისათვის. ამას გარდა, ძალიან გავრცელებული იყო პაპირუსისაგან დამზადებული პატარა, ორადგილიანი მსუბუქი ნავები, რომლებიც სათევზაოდ და წყლის ფრინველზე სანადიროდ გამოიყენებოდა.
დღეს პაპირუსის მცენარე ყველაზე უფრო იმის გამოა ცნობილი, რომ სწორედ პაპირუსიდან დაამზადა ეგვიპტელმა უძველესი „ქაღალდი“, რომელზეც ადამიანმა მელნით და ფუნჯით დაიწყო წერა. სიტყვა „ქაღალდს“ ბევრ ევროპულ ენაში დღემდე „პაპირუსის“ სახელი ჰქვია (ინგლ. paper, გერმ. Papier, ფრანგ. papier და სხვ.), რაც ბერძნული სიტყვიდან „papiros“ მომდინარეობს. სწორედ ასე ეძახდნენ ბერძნები როგორც მცენარეს, ისე მისგან დამზადებულ საწერ მასალას. სიტყვა ბერძნულ ენაში თეოფრასტეს დროიდან (ჩვ.წ.-მდე IV-III სს.) არის დაფიქსირებული (Černy, 1952, 4). ითვლება, რომ ბერძნული „papiros“ მომდინარეობს ეგვიპტური p3pr3-დან, რაც „სამეფოს“ ნიშნავს. პტოლემაიოსების დროს პაპირუსზე სამეფო მონოპოლია იყო დაწესებული და ის სამეფო მცენარედ ითვლებოდა.