პირის გაღების რიტუალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირის გაღების რიტუალიმაგიური რიტუალი, რომელიც ტარდებოდა ღვთაების ან გარდაცვლილის ქანდაკებაზე და მუმიაზე, რომ მათში სიცოცხლე ჩასახულიყო.

ოფიციალური ეგვიპტური წარმოდგენით, მარადიული არსებობისათვის გარდაცვალების შემდეგ გარდაცვლილის სხეული უნდა შენახულიყო, რამაც ბიძგი მისცა სხეულის მუმიფიცირების ტრადიციის ჩამოყალიბებას. მაგრამ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი ვითარების გამო სხეული მაინც დაზიანდებოდა, მისი მაგივრობა გარდაცვლილის ქანდაკებას უნდა გაეწია. ამის გამო ეგვიპტელები მუმიას ეპყრობოდნენ, როგორც ქანდაკებას, და ქნდაკებას როგორც მუმიას, ამიტომ პირის გაღების რიტუალი ტარდებოდა როგორც გარდაცვლილის მუმიაზე, ასევე მის ქანდაკბაზე, მაგრამ ქანდაკების პირის გაღების რიტუალი უფრო ძველია. თავდაპირველად რიტუალი ტარდებოდა სამარხში მოსათავსებელ ქანდაკებაზე მის „გასაცოცხლებლად“. მისი წყალობით ქანდაკება, რომელიც მხოლოდ მოქანდაკის მიერ შექმნილ საგანს წარმოადგენდა, გარდაიქმნებოდა სხეულად, რომელიც შეიძლებოდა „გაეცოცხლებინა“ ღვთაების ან გარდაცვლილის სულს. რიტუალი ჩვეულებრივ მოქანდაკის ან ოქრომჭედლის სახელოსნოში ტარდებოდა (ქანდაკებაზე) ან სამრხში შესვენების წინ (მუმიაზე), როცა მუმიას უკანასკნელად ამოიყვანდნენ სარკოფაგიდან და ააყუდებდნენ სამარხში შესასვლელთან, სახით სამხრეთისაკენ.

ჩვენამდე მოღწეული რიტუალთან დაკავშირებული უძველესი მასალა ახალი სამეფოს პერიოდს ეკუთვნის, მაგრამ რიტუალი გაცილებით უფრო ძველია. რიგი გამონათქვამებისა დაფიქსირებულია უკვე პირამიდების ტექსტებში, და ზოგიერთი სცენის ლექსიკა პირველი ორი დინასტიის პერიოდზე მიგვითითებს.

რიტუალი იწყებოდა განწმენდით. ოთხჯერ წარმოითქმებოდა შესაბამისი გამონათქვამი, ქანდაკებას ოთხჯერ ატრიალებდნენ, ამ დროს ხდებოდა საკმევლის კმევა და ლიბაცია. ამის შემდგომ სემ-ქურუმი, რომელიც რიტუალში გარდაცვლილის ვაჟიშვილს წარმოადგენდა, ჯერ ვარდებოდა მედიტაციაში, რომლის დროსაც გარდაცვლილის იერსახე წარმოუდგებოდა, რის შედეგაც ნებას რთავდა მოქანდაკეებს, საბოლოო სახე მიეცათ ქანდაკებისათვის, რომელიც სემ-ქურუმს უნდა ეღიარებინა, როგორც „მამის“ ნამდვილი პორტრეტი. ამ დროს მას განსაკუთრებული ტანისამოსი, ე.წ. qnj – გულსაფარი ჰქონდა შემოცმული. შემდეგ ის იცვლიდა სამოსს (იცვამდა სემ-ქურუმის ლეოპარდის მოსასხამს), და იწყებოდა რიტუალის შემდეგი ეტაპი. ამისათვის მოჰქონდათ ახლად დაკლული ხარის ფეხი და გული, და ასევე ახლად დაკლული ბატის და თხის თავები. ყველაფერ ამას სემ-ქურუმი და ქურუმი-დეკლამატორი ქანდაკების ფეხებთან აწყობდნენ. ამ მომენტს ადრე ხსნიდნენ, როგორც მსხვერპლშეწირვას, მაგრამ დღეს ესეც პირის გაღების და თვალის ახელის რიტუალად არის მიჩნეული. ამის შემდეგ შვილის „როლს“ ასრულებდა სხვა ქურუმი (jrjp.t), რომელიც სემ-ქურუმს შეჰყავდა სამარხში. იქვე იდგა ქურუმი-დეკლამატორი და, რასაკვირველია, ქანდაკება, რომელიც ყველა სცენაში მონაწილეობდა. დეკლამატორი წარმოთქვამდა: „მე მოვიყვანე შენთან შენი შვილი, რომელიც გააღებს პირს შენთვის“, რის შემდეგ „შვილი“ ასრულებდა საკუთრივ „პირის გაღების“ რიტუალს ddf.t ხელსაწყოთი და ელექტრუმისაგან დამზადებული თითით. შემდეგ ხდებოდა პირის გაღება „პატარა თითით“ (სემ-ქურუმი ქანდაკების ტუჩებს თავისი თითით ეხებოდა), რასაც მოსდევდა პირის და თვალების გაღება და განწმენდა სხვადასხვა ხელსაწყოთი, რომელთაგან ბევრი დღეს ბუნდოვანია.

რადგანაც სამგლოვიარო პროცესია მებალზამეების სახელოსნოდან დილით გამოდიოდა, სამარხამდე ალბათ დაახლოებით შუადღისას მიაღწევდა. შესაძლოა, ამიტომ ჩამოყალიბდა მუმიის სახით სამხრეთისაკენ აყუდების ტრადიცია, რომ მას „შეეხედა“ მზისათვის და მზეში განბანილიყო. ტექსტებში ხშირად არის ნათქვამი, რომ „მუმია აღმართულია რასათვის“. პირის გაღების რიტუალს თან ახლდა ასევე შემზარავი მსხვერპლშეწირვა, რომელიც პირველად ამარნას პერიოდის შემდგომი „მკვდართა წიგნის“ პაპირუსებში ჩნდება. ცოცხალ ხბოს კვეთდნენ წინა ფეხს ისე, რომ მისი დედა მის უკან იდგა. მოკვეთილი ფეხი ქურუმს სირბილით მიჰქონდა მუმიასთან, სანამ ჯერ კიდევ სიცოცხლის სითბო ჰქონდა შერჩენილი. ასევე შეიძლებოდა შეეწირათ გული. ამ შესაწირს არ ჰქონდა კავშირი საკვების შეწირვასთან. ეს ხდებოდა სამგლოვიარო ბანკეტის დროს, რომელიც დაკრძალვის ცერემონიის ბოლო სეგმენტს წარმოადგენდა. პირის გაღების რიტუალის დასრულების შემდეგ ქანდაკებები შეჰქონდათ სამარხში, მუმიას კი ისევ სარკოფაგში ათავსებდნენ და დასაკრძალ ოთახში შეჰქონდათ. რიტუალის დროს ბევრი გამონათქვამის წარმოთქმა ხდებოდა, მაგრამ მის ძირითად მიზანს – სიცოცხლის ნაპერწკლის ჩაბერვას უსულო საგანში – გადმოსცემს შემდეგი: „მე ვაღებ შენს პირს, რომ ლაპარაკი შეგეძლოს, თვალებს, რომ რას დანახვა შეგეძლოს, ყურებს, რომ გარდასახვა გაიგო, რომ შენმა ფეხებმა სიარული შეძლონ, რომ შენს გულს და მკლავებს მტრის მოგერიება შეეძლოთ“.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები