კავა (ქალაქი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავაქალაქი, დაარსებული კერმას კულტურის მიერ გახდა მნიშვნელობით მეორე ქალაქი ამ პერიოდში. ნუბიის ამ რეგიონის ეგვიპტელების მიერ დაპყრობის შემდეგ, ამონხეტეპ III-მ კავაში ამონის ტაძარი ააგო.

კავას ეგვიპტური სახელი „ატონი ხილულია“ (შესაძლოა ქალაქს დაერქვა ამონხეტეპ III-ის მეფობის ბოლო წლებში, როცა ატონის კულტი უკვე ძალას იკრეფდა, ან ამონხეტეპ IV (ეხნატონის) დროს. ამონის კულტის რესტავრაციის შემდეგ, როცა ეგვიპტეში ატონის დევნა დაიწყო, სავარაუდოდ იგივე მოხდა კავაშიც, რადგან აქ არ არის მოძიებული არც ერთი ბლოკი ეხნატონის სახელით, მაგრამ სახელი დარჩა. შემდგომში აქ შაბაკამ (XXV დინასტია) ააგო ტაძარი ან სამლოცველო, მიძღვნილი ანუკეტისადმი, მაგრამ ტაძრის გრანდიოზული მშენებლობა ტახარკასთან (XXV დინასტია) არის დაკავშირებული. მისივე თქმით, როცა ის ოცი წლის ასაკში მისმა უფროსმა ძმამ და ფარაონმა ნაპატადან ეგვიპტეში გამოიძახა, გზაზე შეიარა კავაში (კავა ნაპატას ჩრდილოეთით მდებარეობს) და დაითრგუნა, რადგან ტაძარი მიტოვებული და ქვიშაში ჩაფლული იყო. გამეფების შემდეგ ტახარკამ, რომელიც ბევრს აშენებდა ეგვიპტეში და ნუბიაში, არ დაივიწყა კავა და იქ შესანიშნავი ტაძარი ააგო. კავას ტაძარი, რომლის მშენებლობას ტახარკამ ათი წელი მოანდომა, ნუბიელი ფარაონების ეგვიპტის ძველი და კლასიკური პერიოდების ხელოვნებისადმი მიბრუნების ნათელ დემონსტრაციას წარმოადგენს. ტაძრის წარწერებიდან ვიგებთ, რომ ტახარკამ კავაში გააგზავნა არქიტექტორები მემფისიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, ნიმუშებისათვის სათანადო „წიგნები“ წაიღეს თან, რადგან ტაძრის გამოსახულებები ძველი სამეფოს ტაძრების (მაგ. სახურას ტაძრის) ოდნავ სახეშეცვლილ ასლებს წარმოადგენს. ქანდაკებები ძირითადად ახალი სამეფოს სტილით არის შექმნილი. აქ არის ასევე XVIII დინასტიისათვის დამახასიათებელი ვერძისთავიანი სფინქსების ალეაც. შემდგომში კავამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და თანდათან უმნიშვნელო დასახლებად გადაიქცა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები