ანუკეტი
ანუკეტი – ქალღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში. მისი სახელი დაკავშირებულია წყლის მოქცევასთან, მცენარეების მორწყვასთან, ასოცირებული იყო სიცოცხლის მომგვრელ გრილ წყლებთან. საკულტო ცხოველი იყო ანტილოპა, თუმცა ანუკეტი ყოველთვის ანთროპომორფულად გამოისახებოდა.
ბერძნებმა ანუკისი დაარქვეს და ჰერასთან გააიგივეს. იყო ნილოსის პირველი ჭორომის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძულის – სეხელის ქალბატონი და ნილოსის პირველი ჭორომის მიდამოების ქალღმერთი. სენუსერტ III-მ ანუკეტს მიუძღვნა არხი, რომელიც ნუბიაში ადვილად მიმოსვლისათვის ნილოსის პირველ ჭორომთან გათხარა. ხნუმთან და სათისთან ერთად ქმნიდა ტრიადას, რომელსაც სენუსერტ I-მა ელეფანტინაზე ტაძარი მიუძღვნა. ეთაყვანებოდნენ ნუბიაშიც. ამონხეტეპ II-ის ელეფანტინას სტელაზე მისმა უდიდებულესობამ ბრძანა „ერთი დღის დამატება მისი დედის, ანუკეტის დღესასწაულისათვის ნუბიაში“. ესნას სამხრეთით ნაპოვნია ანუკეტისადმი მიძღვნილი ტაძრის ნანგრევები, და მის შემოგარენში – ანტილოპას და გაზელის მუმიები.