დედუნი
დედუნი – ნუბიური წარმოშობის ღვთაება, რომელიც ეგვიპტეში უკვე პირამიდების ტექსტებში გვხვდება. მისი ეპითეტი იყო „ზემო ეგვიპტის ყრმა, რომელიც ნუბიიდან მოდის“. მისი წარმოშობა ბუნდოვანია. შესაძლოა, ჰქონდა რომელიმე მტაცებელი ფრინველის სახე და ეგვიპტეში ამიტომ ხორის შევარდნის სახე მიიღო.
ითვლებოდა, რომ მას მოჰქონდა საკმეველი სამხრეთიდან. უკვე პირამიდების ტექსტებში იყო საკმევლის ბატონი, რომელსაც „დედუნის სურნელს“ ეძახდნენ. ითვლებოდა ასევე, რომ მას სამხრეთიდან ფარაონებისათვის ძვირფასეულობა მოჰქონდა და ეხმარებოდა ნუბიის დაპყრობაში. კარნაკის ტაძრის ერთ-ერთ პილონზე მოთავსებულ გამოსახულებაზე დედუნი თოტმეს III-ს 115 დამარცხებული ნუბიური დასახლებული პუნქტის სიას წარუდგენს.
ეგვიპტეში დედუნს არ ჰქონდა საკულტო ადგილი, მაგრამ შუა სამეფოს დროს ეგვიპტელებმა აუგეს ტაძარი სემნაში, რომელიც მაშინ ნუბიაში ეგვიპტის გავლენის სამხრეთ საზღვარს წარმოადგენდა. აქ მას ეთაყვანებოდნენ, როგორც ტრიადის წევრს, რომლის წევრებიც მის გარდა ხნუმი და გაღმერთებული ფარაონი სენუსერტ III იყვნენ. მოგვიანებით მას ჰქონდა საკულტო ადგილები აბუ სიმბელში და ფილეზეც, სადაც ეთაყვანებოდნენ, როგორც არენსნუპისის ერთ-ერთ ფორმას, რამაც ალბათ გავლენა მოახდინა მის იკონოგრაფიაზე. აქ ის გამოისახებოდა ან ლომის თავით, ან ანთროპომორფულად, ღმერთის წვერით.