ნუბიური ფორტები
ნუბიური ფორტები – XII დინასტიის ფარაონების მიერ ნუბიაში აგებულ გრანდიოზული ფორტების ჯაჭვს არა აქვს ანალოგი მთელ ძველ სამყაროში. გასული საუკუნის შუახანებამდე, აშენებიდან ოთხი ათასი წლის შემდეგ, თოთხმეტი ფორტი (დაახლ. 12 მ. სიმაღლის) კიდევ იდგა ნილოსის გასწვრივ, სანამ ისინი ასუანის კაშხალით ადიდებულმა ნილოსის წყლებმა დაფარა. მათგან ყველაზე შთამბეჭდავ ჯგუფს ქმნიდა ე.წ. ნილოსის მეორე ჭორომის ათი ფორტი, რომლებიც 60 კმ. მანძილზე იყო განლაგებული (ბუხენი, კორი, დორგინარტი, მირგისა, დაბენარტი, ასკუტი, შელფაკი, ურონარტი, სემნა და კუმა). ყველა ეს ფორტი, კუმას გამოკლებით, მდებარეობდა ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ან კუნძულებზე, რომლებისკენაც ნავიგაცია დასავლეთის მხრიდან იყო შესაძლებელი. მეორე ჭორომის ფორტები აიგო დაახლ. 100 წლის განმავლობაში, სენუსერტ I-ის, სენუსერტ II-ის და სენუსერტ III-ის მეფობის დროს. სტრატეგიული თვალსაზრისით ისინი აშკარად ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთიანი კომპლექსი, რომელიც, სავარაუდოდ, საერთო მმართველობას ექვემდებარებოდა. არქიტექტურული მსგავსება გვკარნახობს, რომ რამდენიმე მათგანი ერთი არქიტექტორის მიერ იყო დაგეგმილი და ერთდროულად შენდებოდა.
ბევრი ვარაუდი არსებობს იმის შესახებ, თუ რა მიზნით ააგეს ეგვიპტელებმა ასეთი გრანდიოზული ფორტები. ზოგიერთის აზრით, ფორტების სიდიდე და მათი მოწყობილობა მეტყველებს იმაზე, რომ ეგვიპტელებს საქმე ჰქონდათ კარგად ორგანიზებულ და მძლავრ მოწინააღმდეგესთან. მაგრამ შემორჩენილი ინფორმაციის თანახმად, ნუბია, და განსაკუთრებით ქვემო ნუბია, არასოდეს წარმოადგენდა სერიოზულ საშიშროებას ეგვიპტური პოლიტიკური ან ეკონომკიური ინტერესებისათვის, მით უმეტეს, რომ ფორტები აგებულია საკმაოდ შორს დასახლებული ადგილებიდან და ამდენად, ნაკლებად გამოდგებოდა ადგილობრივი მოსახლეობის დასამორჩილებლად. სტრატეგიული თვალსაზრისით, ძნელად წარმოსადგენია ასევე, ისინი აგებული იყოს ეგვიპტის გარეშე მტრისაგან დასაცავად. ყველაზე კარგად ფორტები აღიქმება ნილოსთან, უფრო ზუსტად კი ნილოსის ჭორომებთან კავშირში, რადგან განლაგებულია განსაკუთრებით საშიში ჩქერების სიახლოვეს, სადაც საქონელი დიდი გემებიდან მომცროზე, ან ხმელეთზე უნდა გადაეტვირთათ. საინტერესოა ასევე სენუსერტ III-ის სემნასთან აღმართული ე.წ. „სასაზღვრო სტელის“ ტექსტი (სემნა იმ დროისათვის ნუბიაში ეგვიპტის გავლენის საზღვარი იყო), რომელიც გვამცნობს, რომ „არც ერთმა ზანგმა არ უნდა გადმოკვეთოს საზღვარი, წყლით ან ხმელეთით, ან ზანგების კუთვნილი ჯოგებით, გარდა იმ ზანგისა, რომელიც ივაჭრებს მირგისაში“. ამდენად, ნილოსის მეორე ჭორომის ფორტები იცავდა სავაჭრო მარშრუტს და იმავდროულად საბაჟოების ფუნქციას ასრულებდა. მათი დანიშნულება იყო ეგვიპტური კონტროლის ქვეშ ყოფილიყო ნილოსი, და არა ნუბიის მოსახლეობა.
ფორტები, აგებული ბუხენის ჩრდილოეთით, დაშორებული იყო ნილოსის ჩქერებს, და მათ, სავარაუდოდ სხვა დანიშნულება ჰქონდათ. ანიბა, რომელიც ასევე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობდა, ნაყოფიერ დაბლობზე, სავარაუდოდ ადგილობრივი მოსახლეობის კონტროლისათვის აიგო; კუბანი – აღმოსავლეთ ნაპირზე, ვადიალაკის თავში – აშკარად უმდიდრესი ოქროს მაღაროებისაკენ მიმავალი გზის დასაცავად და გასაკონტროლებლად.
უფრო ბუნდოვანია ფარასის (აღმოსავლეთ ნაპირზე) და სერას (დასავლეთ ნაპირზე) ფორტების დანიშნულება, რადგან ისინი შორს არიან როგორც სავაჭრო მარშრუტებისაგან, ასევე დასახლებული პუნქტებისაგან და ჭორომებისაგან. ნებისმიერ შემთხვევაში, გაოცებას იწვევს მათი გრანდიოზული ზომები, რომლებიც არ შეიძლება ადეკვატურად ჩაითვალოს მათი ნებისმიერი დანიშნულების გათვალისწინებით. ახალი სამეფოს დროს, გაცილებით უფრო რეალური საფრთხის წინაშე, ეგვიპტეს მსგავსი არაფერი აუგია. ამიტომ ითვლება, რომ ეს ფორტები ერთგვარად არის შუა სამეფოს ეგვიპტის სახე, ისევე, როგორც პირამიდები – ძველი, ხოლო კარნაკის ამონის ტაძარი – ახალი სამეფოს ეგვიპტის სახეა. შუა სამეფოს ნაკლებად ახლდა თან ის შემოქმედებითი აღმავლობა, რომლითაც ძველი და ახალი სამეფოების ეგვიპტეა ცნობილი. ეს იყო დაძაბული სტაბილურობის პერიოდი ქვეყანაში ორსაუკუნოვანი ქაოსის შემდეგ, და ნუბური ფორტები ერთგვარად ქვეყნის განწყობას გამოხატავდა.