სენუსერტ II
სენუსერტ II – (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1897-1878 წწ.) ეგვიპტის ფარაონი, იგი სენუსერტ I-ის შვილიშვილი იყო. მისი მეფობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, სადავოა მისი მეფობის წლებიც, რადგან თუმცა ტურინის პაპირუსი მას 19 წელს ანიჭებს, ტექსტობრივად დაფიქსირებულია მხოლოდ მეფობის მერვე წელი 1932 წ. ტოშკაში ნაპოვნ სტელაზე. თავისი მამის, ამონემხატ II-ის მსგავსად, მას ნაკლებად აინტერესებდა სამხედრო ექსპედიციები და მთელი თავისი ენერგია ქვეყნის შიგნით მიმართა. მან დაიწყო ფაიუმის ოაზისის საირიგაციო პროექტი, რომელიც მისმა შვილიშვილმა, ამონემხატ III-მ დაასრულა – არხებით დააკავშირა ფაიუმი ნილოსის ბაჰრ იუსუფის ტოტთან და ააგო დამბა წყლის შესაკავებლად. თავისი პირამიდის კომპლექსიც ფაიუმთან ახლოს, ლაჰუნში ააგო. იქვეა ნაპოვნი მისი პირამიდის ქალაქი, სადაც მრავლად აღმოჩნდა ნივთები კრეტადან, რაც ამ კუნძულთან აქტიურ სავაჭრო ურთიერთობაზე მიუთითებს.