ედფუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედფუ

ედფუ – (ეგვ. ბეხდეტი – ძველი სამეფო და ჯება – შუა სამეფო, კოპტური). მეორე ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ესნასა და ასუანს შორის. უმნიშვნელოვანესი ქალაქი ძველი სამეფოს დროიდან.

ედფუსთან მდებარეობდა მიწათმოქმედებისათვის ვარგისი მინდვრების დიდი ფართობი, ამას გარდა, ახლოს იყო ნუბიის საზღვარი. აქ იწყებოდა საქარავნო გზები ხარგეს ოაზისისაკენ, აღმოსავლეთ უდაბნოს მაღაროებსა და წითელი ზღვის ნაპირებისაკენ. ქალაქი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ როლს თამაშობდა ჰერაკლეოპოლისური პერიოდის დროს, როცა ჰერაკლეოპოლისის და თებეს ნომარქები ერთიანი ეგვიპტის ტახტისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ. ედფუს ნომარქმა, ჰერაკლიოპოლისის მეფის ნეფერკარას (X დინასტია) მოკავშირემ, ანხტიფიმ მოახერხა სამი სამხრეთული ნომის გაერთიანება და სასტიკად ებრძოდა თებელებს.

ქალაქის ტერიტორიაზე ნაპოვნია III დინასტიით დათარიღებული კერამიკა, დღეისათვის მოძიებულ უძველეს ნაგებობებს V დინასტიის მასტაბები წარმოადგენს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს VI დინასტიის ფარაონის, ჯედკარას მოხელის, მოსამართლის და სამეფო არქივების უფროსის, ისის მასტაბა, რომელიც პეპი I-ის დროს გარდაიცვალა. ისი წმინდანად იყო შერაცხული და მას შუა სამეფოს დროსაც ეთაყვანებოდნენ.

დღეს ედფუ ყველაზე ცნობილია აქაური ხორის – ბეხდეტელი ხორისადმი მიძღვნილი ულამაზესი ტაძრით, რომელიც პტოლემაიოსების დროს აშენდა და პრაქტიკულად ხელუხლებლად შემოინახა, რადგან 1856 წლამდე, როცა ის ფრანგმა არქეოლოგმა ო. მარიეტმა გაასუფთავა, ტაძარი ქვიშაში იყო ჩამარხული. ამ გრანდიოზული ტაძრის კედლებზე მოთავსებულ, უზარმაზარ (300 მ. სიგრძის) ტექსტში მოთხრობილია მისი ისტორია და მითი ბეხდეტელი ხორის შესახებ, რომელსაც ტაძრის ქურუმები გარკვეულ დღეებში რიტუალური დრამის სახით ათამაშებდნენ. ეს ხდებოდა ყველაზე დიდი ზეიმის დროს, როცა ბეხდეტელ ხორთან მის მეუღლეს, ხატხორს ჩამოაბრძანებდნენ ხოლმე დენდერადან. ედფუს კიდევ ორი მნიშვნელოვანი ზეიმი იყო საკრალური შევარდნის კორონაცია და ახალი წლის ზეიმი, რომლის დროსაც ღვთაების ქანდაკებებს ტაძრის სახურავზე ააბრძანებდნენ ხოლმე. ტაძრის მშენებლობა ჩვ.წ.-მდე 237 წ. პტოლემაიოს III ევერგეტის დროს დაიწყო და ის პტოლემაიოს X ალექსანდრეს დროს (ჩვ.წ.-მდე 107-88) ამოქმედდა. საბოლოო სახე ტაძარმა პტოლემაიოს XIII დიონისეს დროს (ჩვ.წ.-მდე 47 წ.) მიიღო. ტაძარი უფრო ძველი, ახალი სამეფოს დროინდელი ტაძრის ადგილზე აშენდა. გასული საუკუნის პირველ ნახევარში აღმოჩენილი და გათხრილი იქნა ამ უკანასკნელის პილონი, რომელიც რამესიდების პერიოდით არის დათარიღებული. თვითონ ქალაქის ტერიტორიაზე გათხრების წარმოება შეუძლებელია აქ განთავსებული თანამედროვე დასახლების გამო, მაგრამ ადგილი იმდენად საინტერესოა, რომ გათხრების საწარმოებლად მოსახლეობის გაყვანაა დაგეგმილი.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები