დეირ-ელ-მედინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დეირ ელ-მედინე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეირ-ელ-მედინე – (არაბული სახელი) ადგილი უდაბნოში თანამედროვე ლუქსორის დასავლეთით, ნილოსის მარცხენა ნაპირზე, კულტივირებული მიწიდან თითქმის ერთი კილომეტრის დაშორებით, სადაც ახალი სამეფოს დროს (XVIII-XX დინასტიები) სამეფო სამარხების ხელოსნების სოფელი მდებარეობდა.

დღეს ძველი ეგვიპტის ქალაქების და სოფლების უმეტესი ნაწილი გრუნტის წყლების ან თანამედროვე დასახლებების ქვეშ არის მოქცეული, და ამდენად დეირ-ელ-მედინე, რომელიც თავისი სპეციფიური დანიშნულების გამო უდაბნოში იყო განთავსებული და თითქმის იდეალურად არის შენახული, თავისთავად უნიკალური მოვლენაა. მისი წყალობით გაირკვა, რომ ხელოსნები, რომლებიც ფარაონების სამარხებში მუშაობდნენ, თანამედროვე გაგებით საშუალო ფენას განეკუთვნებოდნენ. თუმცა მათ არ ჰქონდათ საკუთარი მიწები, იმდენად შეძლებულები იყვნენ, რომ საკუთარი მსახურებიც კი ჰყავდათ. პირველი პაპირუსები სოფლის ტერიტორიაზე 1840-იან წლებში იპოვეს. 1905-1951 წლებში აქ ჯერ იტალიური, შემდეგ კი ფრანგული მისია მუშაობდა. გაითხარა მთელი სოფელი, სოფლის სასაფლაო და სანაგვე. აქ აღმოჩენილმა მასალამ, მათ შორის პაპირუსებმა, ურიცხვი რაოდენობის ოსტრაკონმა და სოფლის მცხოვრებთა სამარხებმა (მათ შორის იყო ხელშეუხებლებიც) ერთი ეგვიპტური სოფლის გასაოცარი 400-წლიანი ისტორია გაამჟღავნა.

სოფლის ეგვიპტური სახელი იყო Ś.t M3.t – „მაატის ადგილი“. ის დაახლ. 6600 კვ.მ. მოიცავდა და მაღალი (დაახლ. 6 მ. სიმაღლის და 1.5 მ. სისქის) გალავანი ჰქონდა შემოვლებული. გალავნის შიგნით დაახლ. 70 სახლი იყო განლაგებული, მის გარეთ – კიდევ 40-50 სახლი. სახლები 3-4 ოთახისაგან შედგებოდა. მათ ჰქონდათ უკანა ეზო, რომელიც სამზარეულოს ფუნქციასაც ასრულებდა. ჩრდილოეთის ჭიშკართან მდებარეობდა ჭა, რომელსაც წყლის მზიდავები ავსებდნენ. სოფელი თებეს ნეკროპოლისის სამხრეთ ნაწილს ეკუთვნოდა და დაახლ. მეფეთა და დედოფალთა ველებს შორის იყო მოქცეული. სამხრეთი ჭიშკარი უყურებდა მედინეტ ჰაბუს, სადაც რამსეს III-ის დიდი ტაძარი იყო. ამ ჭიშკრიდან ხელოსნები დედოფალთა ველზე სამუშაოდ მიდიოდნენ. ჩრდილოეთი ჭიშკარი იყო უახლოესი გზა კულტივირებული მიწისაკენ, სადაც ისინი საყიდლებზე ან სხვა საჭიროებისათვის დადიოდნენ. აქედან იწყებოდა გზა მეფეთა ველისაკენ, რომელიც მათ მთავარ სამუშაო ადგილს წარმოადგენდა. სავარაუდოდ, სოფელი თოტმეს I-ის დროს დაარსდა, რადგან გალავანში არის აგურები მისი სახელით, მიტოვებული იყო ეხნატონის დროს, მაგრამ შემდეგ ისევ დაიწყო აქტიური ფუნქციონირება. სოფლის მოსახლეობას წარმოადგენდა სახელმწიფო სამსახურში მყოფი ქვის მთლელები, მხატვრები და არქიტექტორები თავიანთი ოჯახებით. აქვე ცხოვრობდნენ სამუშაოების უფროსები, რომლებიც მოსახლეობისაგან შემდგარ ორ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ, და ერთი ან ორი გადამწერი. აქვე იყვნენ დურგლები, მჭედლები, მექოთნეები და ექიმი, რომელიც აქ „ნახევარ განაკვეთზე“ მსახურობდა. მომსახურე პერსონალს შეადგენდნენ წყლის მზიდავები, მეთევზეები, მებაღეები, მრეცხავები და ფქვილის დამფქველები. გასამრჯელოს ისინიც სახელმწიფო ხაზინიდან იღებდნენ. მომსახურე პერსონალი გალავნის გარეთ ცხოვრობდა. თვითონ სოფელი მედინეტ ჰაბუს ადმინისტრაციის მიერ იმართებოდა. თუმცა დაძაბული მუშაობის პერიოდებში სოფელს ახალი სამუშაო ძალა ემატებოდა, ძირითადად მისი მოსახლეობა სტაბილური იყო და მამები თაობების განმავლობაში სამუშაო ადგილებს თავიანთ შვილებს გადასცემდნენ. მათ არ ჰქონდათ არავითარი ნათესავური კავშირი სამეფო ან არისტოკრატიულ ოჯახებთან და მათი სამუშაო უდავოდ მძიმე იყო, მაგრამ გასამრჯელო აშკარად საკმაოდ მაღალი, რასაც ემატებოდა შემოსავალი „კერძო“ დაკვეთებიდან სამარხებისათვის ავეჯის, სტელების და სხვ. დასამზადებლად. სოფლის სასაფლაოზე (იქვე ახლოს მდებარე კლდეებში) საკუთარი ოჯახური სამარხების გამოკვეთის და მოხატვისათვის ხელოსნები იყენებდნენ მეფეების და დედოფლების სამარხებისათვის განკუთვნილ ძვირადღირებულ სპილენძის იარაღებს და საღებავის პიგმენტებს. ცნობილი არ არის, ეს ნებადართული იყო თუ თვითნებურად ხდებოდა. სამარხებში ნაპოვნი ავეჯი და სხვა მოწყობილობა ასევე ცხოვრების მაღალ დონეზე მეტყველებს. სამარხების კედლებზე მოთავსებულია სცენები მკვდართა წიგნიდან, სადაც საიქიოს მინდვრებში თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი, სამკაულებით და ყვავილების დიადემებით მორთული ხელოსნები და მათი ცოლებია გამოსახული. აქვეა ნაპოვნი ეგვიპტური სიზუსტით წარმოებული ადმინისტრაციული ჩანაწერები, საიდანაც ვიგებთ, რომ ხელოსნები ისვენებდნენ ყოველ მეათე დღეს (ეგვიპტური თვე სამი ათდღიანი „კვირისაგან“ შედგებოდა) და დღესასწაულების დროს. მათ ასევე შეეძლოთ მოეთხოვათ დასვენება ავადმყოფობის გამო. ზოგიერთ შემთხვევაში ეგვიპტური გადამწერის მიერ მითითებულია: „დაეზარა წასვლა“. სოფელში ნაპოვნი ლიტერატურული პაპირუსები და ოსტრაკონები ხელოსნების მიერ ერთმანეთისათვის მიწერილი ბარათებით მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის საკმაო ნაწილი წერა-კითხვის მცოდნე იყო.

რამესიდების ეპოქაში, როცა ეგვიპტის ეკონომიკური მდგომარეობა შეირყა და ხელოსნებს უგვიანებდნენ გასამრჯელოს, ისინი აწყობდნენ გაფიცვებს, რომლებიც მსოფლიო ისტორიაში უძველესია. ერთ შემთხვევაში საქმეში ვეზირიც (ქვეყანაში მეორე კაცი ფარაონის შემდეგ) კი ჩაერია. მისი საგანგებო ბრძანებით გაიხსნა კარნაკის ტაძრის საწყობები გაფიცულების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. XXII დინასტიის შემდეგ, როცა სამეფო რეზიდენცია თებედან ჩრდილოეთით, ტანისში იქნა გადატანილი, სოფელი ავტომატურად გაუქმდა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები