დედოფალთა ველი
დედოფალთა ველი – ახალი სამეფოს ფარაონების ცოლების და შვილების ნეკროპოლისი, რომელმაც ფუნქციონირება XVIII დინასტიიდან დაიწყო. ადგილის არაბული სახელია ბიბან ელ-მელეკატი ან ვადი ელ-მელეკატი, „დედოფალთა ჭიშკარი“ ან „დედოფალთა ველი“. მდებარეობს დასავლეთ თებეს სამხრეთ ნაწილში, მედინეტ ჰაბუს სამხრეთ დასავლეთით. აქ დღემდე მოჩქეფს ჩანჩქერი, რომელსაც ეგვიპტელები „ციურ წყლებს“ ეძახდნენ.
ადგილის ეგვიპტური სახელი „ß śt nfrw ტრადიციულად ითარგმნება, როგორც „მეფის შვილების ადგილი“, რადგან დედოფალთა ველზე არა მარტო დედოფლები, არამედ მეფის შვილებიც (ქალიშვილები და ვაჟიშვილები) იმარხებოდნენ, მაგრამ შეძლება ითარგმნოს ასევე, როგორც „ლამაზი ადგილი“ ან „სამეფო სამარხების ადგილი“, რადგან XVIII დინასტიიდან „nfirw“-მ „სამეფო სამარხის“ მნიშვნელობაც მიიღო.
დღეისათვის დედოფალთა ველის ძირითად ტერიტორიაზე 90-მდე სამარხია აღმოჩენილი. მის ჩრდილოეთით, პატარა მდელოზე, არის კლდეში გამოკვეთილი ტაძარი, მიძღვნილი პტახის და მერეტსეგერისადმი. ამავე მიდამოში მდებარეობს „სამი შახტის ველი“, სადაც თოტმესიდების პერიოდის სამარხებია აღმოჩენილი. აქვეა ბიზანტიური პერიოდის მონასტერი (დეირ ელ-რუმია), აგებული რომაული დროის სამლოცველოს ფუნდამენტზე. დედოფალთა ველის სამხრეთ ნაწილს უფლისწულ იახმესის ველი ეწოდება. აქ არის ახალი სამეფოს დასაწყისის დროინდელი სამარხები.
სამუშაოები დედოფალთა ველზე დაიწყო იტალიურმა მისიამ 1903-1905 წწ., რომელმაც რამსეს II-ის საყვარელი მეუღლის, ნეფერტარის და მისი ვაჟიშვილების, ამონჰერხოფშეფის, ხაემუასეტის და სეტჰერხოპშეფის სამარხები (XIX დინასტია) აღმოაჩინა. იტალიურმა მისიამ გაასუფთავა ასევე XVIII დინასტიის სამარხები, რომლებიც ეკუთვნოდა ვეზირ იმხოტეპს, XVII დინასტიის ფარაონის, ტაო II-ის ქალიშვილს იახმესს, სამეფო საჯინიბოების ზედამხედველს ნებირის და უცნობ უფლისწულ იახმესს. არქეოლოგიური სამუშაოები დედოფლის ველზე განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან.
დედოფალთა ველის უძველესი სამარხები XVIII დინასტიით თარიღდება. ამ დროის სამარხები შედგება კლდეში გამოკვეთილი რამდენიმე განყოფილებისაგან. ყველა დასრულებულია, მაგრამ მათი კედლები მოხატული არ არის. XIX დინასტიიდან, როცა აქ დეირ ელ მედინას ხელოსნები იწყებენ მუშაობას, სამარხებს მეტი ყურადღება ექცევა. ეს მდიდრულად მოხატული სამარხები (მათ სიუჟეტებს ძირითადად მკვდართა წიგნის თემატიკა წარმოადგენს) საოცარ კონტრასტს ქმნის XVIII დინასტიის სადა სამრხებთან შედარებით. აქ არის რამსეს I-ის მეუღლის, სიტრას სამარხი და სეტი I-ის მიერ გამოკვეთილი რამდენმე სამარხი. მისი მეფობით არის დათარიღებული ასევე რამდენიმე დედოფლის და მეფის ასულის სამარხი, რომლებიც იდენტიფიცირებული არ არის. რამსეს II-ის ოჯახის წევრების სამარხები დედოფალთა ველის ჩრდილოეთ ნაწილშია გამოკვეთილი. ნეფერტარის გარდა, აქ აღმოჩენილია მისი დედის, ტუის, და მისი ქალიშვილების – ნებეტტაუის, ნებეტამონის, ბენტანტას, ჰენეტმირას და ჰენუტტაუის სამარხები, ამას გარდა კიდევ ერთი მეფის ასულის სამარხი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და რომელიც შემდეგ რამსეს IV-ის დედოფლის, დუატენიპეტის სამარხად გადაკეთდა.
დედოფალთა ველის შუაგულში აღმოჩენილია რამსეს II-ის მეფობით დათარიღებული სოფელი, რომელშიც, როგორც ჩანს, ცხოვრობდნენ დეირ ელ-მედინას ხელოსნები განსაკუთრებით აქტიური სამუშაოების პერიოდებში. რამსეს III-ის მეფობის დროს სამარხებს კვეთდნენ უფრო დაბლა, კლდის ფერდობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი მეფობით თარიღდება რამდენიმე უფლისწულის (ამონჰერჰოპსეფის, რამსეს-მერიამონის, ხაემუასეტის და სხვ.) და მისი ორი დედოფლის, ისიდას (რამსეს IV-ის დედა) და ტიტის სამარხები, რომელიც, სავარაუდოდ, ზემოთ მოხსენიებული უფლისწულების დედა იყო. ტურინის პაპირუსში დასახელებულია ექვსი სამარხი, რომლებიც რამსეს VI-ის დროს არის გამოკვეთილი, მაგრამ ჯერჯერობით ისინი აღმოჩენილი არ არის.
XXI დინასტიის შუახანებიდან, როცა ეგვიპტის ეკონომიკური მდგომარეობა შეირყა, გახშირდა სამარხების ძარცვა და დედოფალთა ველზეც ბევრი სამარხი გაიძარცვა (მათ შორის დედოფალ ისიდას სამარხიც), ქურუმებმა, როგორც ჩანს, გადამალეს დედოფლების და მათი შვილების მუმიები სამალავებში, შესაძლოა ველის გარეთ, როგორც ეს მოხდა ფარაონების მუმიების შემთხვევაში, რომლებიც დეირ ელ-ბაჰარის სამალავში იქნა აღმოჩენილი. ამით ხსნიან ფაქტს, რომ XIX-XX დინასტიების სამარხებში არ იქნა აღმოჩენილი არც ერთი მუმია.
XXI დინასტიიდან და შემდგომ, დაცარიელებულ სამარხებში დაიწყეს თებეს ამონის ტაძრის უმცროსი რანგის ქურუმების, მომღერლების, მებაღეების, მეყვავილეების და სხვ. დაკრძალვა. განსაკუთრებით აქტიურად იყენებდნენ სამარხებს რომაულ პერიოდში. ზოგიერთ სამარხში 100-ზე მეტი რომაული მუმია იქნა აღმოჩენილი.